შსს–მ შრომის უსაფრთხოების წესის დარღვევაზე 101 საქმის გამოძიება შეწყვიტა [2015–17წწ]

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნეტგაზეთისთვის მოწოდებული ინფორმაციით, 2015-2017 წლებში (იგულისხმება 2017 წლის იანვარ-მარტი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლის ორივე ნაწილით, ჯამში, 277 საქმეზე დაიწყო, გამოძიება 101 საქმეზე შეწყდა, ხოლო სასამართლოში 20 საქმე წარიმართა.

სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლი ითვალისწინებს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. ამ მუხლით იწყება ხოლმე გამოძიება, როდესაც მაღაროებში ან მშენებლობებზე დასაქმებულები შავდებიან, ან იღუპებიან. სწორედ 240-ე მუხლით დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გუშინ, 9 მაისს, ტყიბულის შახტში სატვირთო ლიფტის შეკეთების დროს ოთხი მეშახტის დაღუპვის ფაქტზე.

240-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ამ მუხლის მეორე ნაწილი კი – როდესაც უსაფრთოების წესების დარღვევამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

2015-2017 წელს (2017 წლის სამი თვის მონაცემებით) 240-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო 202 საქმეზე. აქედან გამოძიება 90 საქმეზე შეწყდა. გამოძიების შეწყვეტის საფუძვლად დასახელებულია საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის  (თუ არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება) და   (თუ პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით) ქვეპუნქტები. სასამართლოში 12 საქმე წარიმართა, ხოლო 13 საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალა.

2015-2017 წელს (2017 წლის სამი თვის მონაცემებით) 240-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო 75 საქმეზე. აქედან გამოძიება შეწყდა 11 საქმეზე. აქ გამოძიების შეწყვეტის მიზეზად დასახელებულია საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის  ( თუ არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება), მეორე ნაწილის  (პირი დანაშაულის ჩადენისას შეურაცხადი იყო, რაც დადასტურებულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით;) და მეორე ნაწილის (ბრალდებული გარდაიცვალა) ქვეპუნქტები. სასამართლოში მხოლოდ 8 საქმე წარიმართა, ხოლო 3 საქმე გადაკვალიფიცირდა.

240-ე მუხლის სტატისტიკა საქართველოს უზენაესმა სასამართლომაც მოგვაწოდა. კერძოდ, მათი ცნობით, (სსკ 240-ე მუხლი) 2015-17 წლებში (2017 წლის 3 თვე) 48 საქმე განიხილეს 56 პირის მიმართ, საიდანაც საპროცესო შეთანხმებით დასრულდა 35 სისხლის სამართლის საქმე 41 პირთან. თავისუფლების აღკვეთა კი მხოლოდ 4 პირს შეეფარდა.

უზენაესი სასამართლოს მიერ “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებული ინფორმაციით, საქართველოს საქალაქო/რაიონული სასამართლოების მიერ 2015-2017 წლებში გამოტანილი ყველა განაჩენი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით არის გამოსული, გამამტყუნებელია.


9 მაისს შახტში მუშების დაღუპვას იმავე ღამით მოჰყვა საპროტესტო აქცია. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ნაწილი, მოქლაქეები და სახალხო დამცველი, წლებია, სახელმწიფოსგან მოითხოვენ, რომ შრომის ეფქტური ინსპექცია შექმნას, რაც სამუშაო ადგილზე დასაქმებულების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაიცავს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ მომხდარის შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობის უახლოეს სხდომაზე მაღალი რისკის მქონე ობიექტებზე კონტროლის მექანიზმის გამკაცრების საკითხს დააყენებს.

საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, ვახუშტი მენაბდემ კომისიის სხდომების მიმდინარეობისას განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წინააღმდეგობის გამო, აღარ ჩაიწერა სახელმწიფოს ვალდებულება, შეექმნა შრომითი ზედამხედველობის ეფექტური ორგანო.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი