ახალი ამბები

მენაბდე: შრომითი უფლებების დაცვის კონსტიტუციური გარანტიები მცირდება

12 აპრილი, 2017 • 2318
მენაბდე: შრომითი უფლებების დაცვის კონსტიტუციური გარანტიები მცირდება

კონსტიტუციონალისტი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდის მოთხოვნით, მცირდება შრომითი უფლებების საკონსტიტუციო გარანტიები.

ამის შესახებ მან დღეს, 12 აპრილს, კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომის მიმდინარეობისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

2011-2015 წლებში საქართველოში სამუშაო ადგილას 212 მშრომელი დაიღუპა, 691 კი დაშავდა.

ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ მეორე რაუნდის მოსმენების დროს კომისიის სამუშაო ჯგუფში შეთანხმდენენ შრომითი ზედამხედველობის ორგანოს შექმნის კონსტიტუციურ გარანტიაზე, თუმცა ეს ჩანაწერი ბოლო ვერსიიდან ამოიღეს:

“მეორე რაუნდისთვის შემოთავაზებული იყო ძალიან მოკრძალებული ვარიანტი შრომის უფლების დამდგენი ნორმის, სადაც ყველაზე მნიშვენლოვანი ჩანაწერი იყო ის, რომ სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას, შეექმნა შრომის ზედამხედველობის ორგანო, რაზეც, პრინციპში, კონსენსუსი შედგა და კომისიის წევრებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიტიური განწყობა. თუმცა მესამე მოსმენის რეჟიმში შემოთავaზებულ პროექტში ეს ნაწილი იყო ამოღებული, რაც აიხსნა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წინააღმდეგობით. ეს არის პრობლემური საკითხი. ჩვენ გვაქვს ძალიან პრობლემური სტატისტიკა. 5 წლის განმავლობაში ორ ასეულზე მეტი დაღუპული გვყავს სწორედ იმიტომ, რომ არ არსებობს ეფექტური ზედამხედველობის ორგანო შრომით ურთიერთობებზე და შრომის პირობებზე,”- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციის 32-ე მუხლში წერია:

“სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით”.

ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ 32-ე მუხლში ეს ჩანაწერი აღარ იქნება და პრეამბულაში გადაინაცვლებს:

“ჩვენ გვექმნება ვითარება, რომ შრომითი უფლებების სტანდარტი შემცირდება, რადგან პირველ თავში პრინციპების დონეზე გადადის ის, რაც აქამდე იყო გათვალისწინებული სუბიექტურ უფლებად, კერძოდ, კონსტიტუციის 32-ე მუხლი,”- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი