ახალი ამბები

სტუდენტი, რომელიც პოლიციელებს წამებაში ადანაშაულებს, სასამართლომ დაზარალებულად ცნო

3 მაისი, 2017 • 2040
სტუდენტი, რომელიც პოლიციელებს წამებაში ადანაშაულებს, სასამართლომ დაზარალებულად ცნო

საქართველოს ახალგაზრდა იურუსტთა ასოციაციის ცნობით, ირაკლი ხოფერია, რომელიც პოლიციებელს წამებაში ადანაშაულებს, სასამართლომ  2017 წლის 2 მაისს მიღებული განჩინებით დაზარალებულად ცნო.

ირაკლი ხოფერიას პროკურატურა დაზარალებულად ცნობაზე უარს ეუბნებოდა. საიამ, რომელიც ხოფერიას ინტერესებს იცავს, სასამართლოს მიმართა. სასამართლომ პროკურატურა დაავალდებულა, ხოფერია დაზარალებულად ცნოს. საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ საჩივრდება.

როგორც ირაკლი ხოფერია აცხადებს, 16 თებერვალს თბილისში, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში სცემეს იმ დანაშაულის აღიარების მოთხოვნით, რომელიც მას არ ჩაუდენია. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ სცემდნენ,  ემუქრებოდნენ ნარკოტიკის “ჩადებით”. დანაშაული, რომლის აღიარებასაც, ხოფერიას თქმით, აიძულებდნენ, იყო მობილური ტელეფონის წართმევა. როგორც ხოფერია ამბობს, მას ოთხი პოლიციელი სცემდა, ვიდრე არ გაირკვა, რომ შეცდომით დააკავეს.

ხოფერიას ოჯახს ხელთ აქვს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც საუბარია, რომ ახალგაზრდა ნაცემია და სხვადასხვა დაზიანება აღენიშნება.

საიას ცნობით, პროკურატურამ გამოძიება მომხდარიდან მხოლოდ 1 თვის შემდეგ, 15 მარტს დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობა შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მიერ 2017 წლის 16 თებერვალს მოქალაქე ირაკლი ხოფერიას წამების ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 144 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით).

ხოფერიას ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

“სასამართლომ დაადგინა, რომ პროკურორმა უსაფუძვლოდ უთხრა უარი ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობაზე, რითაც ფაქტობრივად პირს მოესპო საშუალება, ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებებით,”- აცხადაბს საქართველოს ახალგარზრდა იურისტთა ასოციაცია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი