ირაკლი ხოფერია

სტუდენტი, რომელიც პოლიციელებს წამებაში ადანაშაულებს, დაზარალებულად ცნობას მოითხოვს

W

20 წლის სტუდენტი ირაკლი ხოფერია, რომელიც პოლიციელებს წამებაში ადანაშაულებს, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი დაზარალებულად. შესაბამისად, მათ არ აქვთ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

ამის შესახებ საქართველოს იურისტთა ასოციაციაში განაცხადეს. ხოფერიას ინტერესებს სწორედ საია იცავს. საია აცხადებს, რომ ყველა პოლიციელი, რომელიც ხოფერიას სავარაუდო წამებაში მონაწილეობდა, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს.

როგორც ხოფერია აცხადებს, 16 თებერვალს თბილისში, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში იგი სცემეს იმ დანაშაულის აღიარების მოთხოვნით, რომელიც მას არ ჩაუდენია. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ სცემდნენ, მას ემუქრებოდნენ ნარკოტიკის “ჩადებით”. დანაშაული, რომლის აღიარებასაც, ხოფერიას თქმით, აიძულებდნენ, იყო მობილური ტელეფონის წართმევა. როგორც ხოფერია ამბობს, მას ოთხი პოლიციელი სცემდა, ვიდრე არ გაირკვა, რომ შეცდომით დააკავეს.

ხოფერიას ოჯახს ხელთ აქვს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც საუბარია, რომ ახალგაზრდა ნაცემია და სხვადასხვა დაზიანება აღენიშნება.

საიას ცნობით, პროკურატურამ გამოძიება მომხდარიდან მხოლოდ 1 თვის შემდეგ, 15 მარტს დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობა შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მიერ 2017 წლის 16 თებერვალს მოქალაქე ირაკლი ხოფერიას წამების ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 144 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა ქეპუნქტით).

“ირაკლი ხოფერიას, რომელიც, სავარაუდოდ, წამების მსხვერპლი გახდა, პროკურატურა უარს ეუბნება, მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი, დაზარალებულის სტატუსის არქონა ნიშნავს იმას, რომ ხოფერიას არ ექნება წვდომა საქმის მასალებზე და არ ექნება მინიმალურ ინფორმაციაც კი იმის თაობაზე, როგორ მიმდნარეობს მის საქმეზე გამოძიება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მიმვმართეთ ზემდგომ პროკურორს და მოვითხოვეთ, ცნოს ხოფერია დაზარალებულად. იმ შმეთვევაში, თუ ზემდგომი პოკურორიც არ გამოიყენებს იმ უფლებას, რომელსაც კანონი ანიჭებს, ჩვენ წავალთ სასამართლოში და ვიდავებთ იმისთვის, რომ მას მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი,”- განაცხადა საიას თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.

საიას იურისტის, რევაზ აჭარაძის განცხადებით, ირაკლი ხოფერიამ გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა.

ნეტგაზეთი უკვე დაუკავშირდა პროკურატურის  პრესსამსხურს შეკითხვით ირალი ხოფერიას დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით. პროკურატურის პასუხს მისი მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

საიაში საუბრობენ იმის შესახებაც, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პირებს დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ.

“წარმოუდგენელია, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დაზარალებული ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებოდეს და არ ჰქონდეს არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, საერთოდ რა ხდება მის საქმეზე. თუ გამოძიება მიმდინარებს, რა საპროცესო მოქმედებები ხორციელდება და, ბუნებრივია, ჰქონდეს ელემენტარულლი შესაძლებლობა, რომ მინიმალურ დონეზე მაინც დაიცვას თავისი იტერესები და დააყენოს შუამდგომლობები,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საიამ უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით, სადაც მოითხოვენ დაზარალებულის უფლებებისა და ინტერესების დაცვის გარანტიების გაზრდას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი