საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, ორ სამედიცინო დაწესებულებას — შპს “მედიკალ სოფტსა“ და შპს „ექსპრესდიაგნოსტიკას“ — 32 869 ლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო სკრინინგის პროგრამის ფარგლებში შემოწმებისას მათ არასწორი დიაგნოზი დაუსვეს ჩვილს, რამაც ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა.
“ბავშვს დაბადებისთანავე ჩაუტარდა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სკრინინგი სამ თანდაყოლილ დაავადებაზე, მათ შორის, ფენილკეტონურიაზე. სკრინინგის შედეგების მიხედვით, ბავშვს არ ჰქონდა არც ერთი დაავადება, შესაბამისად, სკრინინგის განხორციელების პროცესში მონაწილე დაწესებულებები ბავშვის მშობლებს არ დაკავშირებიან […]
მოსარჩელეს ადრეულ ასაკში შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა, ვინაიდან არასწორი დიაგნოსტირების გამო,ოჯახისთვის უცნობი იყო, ბავშვს რა ტიპის მკურნალობა ესაჭიროებოდა. ამდენად, მკურნალობის პროცესში გამოყენებული მეთოდები აღმოჩნდა ფენილკეტონურიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მკურნალობისთვის შეუსაბამო, რამაც გამოიწვია ბავშვის ასაკობრივი განვითარების შეფერხება. სკრინინგის ჩატარებიდან 4 წლის შემდეგ დადგინდა, რომ შედეგები იყო მცდარი და ბავშვს დაბადებიდან ჰქონდა ფენილკეტონურია”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.
ფენილკეტონურია არის მემკვიდრული ტიპის, სიცოცხლისთვის საშიში დაავადება, რა დროსაც აღინიშნება ფერმენტ ფენილანალინ-ჰიდროქსილაზის ნაკლებობა ან არარსებობა მისი სინთეზის დარღვევის გამო. დროული დიაგნოსტირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან დაავადება ექვემდებარება მართვას. თანდაყოლილ დაავადებებთან დაკავშირებით სკრინინგის პროცედურას ატარებს სახელმწიფოს მიერ შერჩეული ლაბორატორიული დაწესებულება.
საია-ში განმარტავენ, რომ თუ სკრინინგის შედეგი დადებითია, სკრინინგის განმახორციელებელმა დაწესებულებამ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მშობლებს და დაგეგმოს დამატებითი კვლევები. თუ დაწესებულება მშობელს არ დაუკავშირდა, იგულისხმება, რომ რომ პასუხი უარყოფითია.
აღნიშნულ საქმეზე ვიდეო მოამზადა სტუდია „მონიტორმა“, სადაც ბავშვის დედა თეონა გუბელაძე ჰყვება შექმნილი პრობლემის შესახებ.