ახალი ამბებისამართალი

მოსამართლე ნინო გიორგაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას საია მის გადაწყვეტილებებს უკავშირებს

2 ნოემბერი, 2023 • 1830
მოსამართლე ნინო გიორგაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას საია მის გადაწყვეტილებებს უკავშირებს

საქართელოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია) ვარაუდობენ, რომ მოსამართლე ნინო გიორგაძის უვადო მოსამართლედ დანიშვნაზე უარის თქმა, შესაძლოა, მის გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდეს. საია ხაზს უსვამს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშნვისა თუ წარდგენის პრაქტიკა პრობლემურია და “ნდობით არ სარგებლობს საზოგადოებაში”.

“იმ პირობებში, როცა კანონმდებლობა ხარვეზიანია და პრაქტიკაშიც მოსამართლეების შერჩევის პრაქტიკა ნდობით არ სარგებლობს, კითხვებს აჩენს მოსამართლე ნინო გიორგაძის უვადოდ განწესების კენჭისყრაზე არდაშვება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სისტემაში განსხვავებული აზრის მიუღებლობა წლებია პრობლემას წარმოადგენს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

“სასამართლოს გუშაგი” იუსტიციის უმაღლესი გადაწყვეტილებას ნინო გიორგაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მოსამართლის დასჯად აფასებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, გიორგაძემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა საბჭომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ნინო გიორგაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილმა. მისი ინფორმაციით, სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები დროს, ნინო გიორგაძე იყო ერთ-ერთი ის მოსამართლე, რომელმაც სამოსამართლო დამოუკიდებლობისთვის შექმნილი საფრთხის თაობაზე მოსაზრება ღიად დააფიქსირა. ქეთევან მუსხელიშვილი ამას “ძალიან გაბედულ ნაბიჯად” აფასებს და კოლეგას პატივისცემას უდასტურებს.


1 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, ნინო გიორგაძის უვადო მოსამართლედ განწესების საკითხი კენჭისყრაზეც არ დაუსვეს. საია-ს ინფორმაციით, საბჭოს ამგვარი მიდგომა ამ დრომდე არცერთი მოსამართლის მიმართ არ გამოუყენებია.

ნინო გიორგაძე 2020 წელს სამწლიანი გამოსაცდელი ვადით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა. იქამდე სასამართლოში და იუსტიციის საბჭოში მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი