ქალის ბედნიერება

რატომ არ უნდა უსურვოთ ქალებს “ქალური ბედნიერება”

რას გულისხმობენ კაცები და თავად ქალებიც, როცა ქალებს “ქალურ ბედნიერებას” უსურვებენ ხოლმე? უსაზღვრავენ თუ არა ამით ქალებს ცხოვრების ადგილსა და წესებს, რაც გამომდინარეობს სტერეოტიპებიდან?

პერფორმანსი “ქალთა ბედნიერების” ირონიზებისთვის
ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

5 აპრილს ქუთაისში ფემინისტური ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი “ქალთა ფონდის” მხარდამჭერით მიმდინარეობს და საქართველოში პირველი ფემინისტური გაზეთის “ხმა ქართველი ქალისა” 100 წლისთავს უკავშირდება. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა გემოფენა/პერფორმანსი  –  “ქალთა ბედნიერება”, რომელშიც ლია უკლება, ლუიზა ლაფერაძე, ნადია წულუკიძე, ლალი პერტენავა და  თამო ხმიადაშვილი მონაწილეობდნენ.

“ჩვენ დაბადაბისთანავე გვისაზღვრავენ, როგორ ვიცხოვროთ და როგორები ვიყოთ. არჩევანის საშუალება არ გვეძლევა. საზოგადოებას აქვს წესრიგი და გვავალდებულებენ,  ამ წესრიგს მივყვეთ, “ – ამბობს ლუიზა ლაფერაძე, ვიზუალური არტისტი, რომელმაც გამოფენაზე ის სამოსი გამოიტანა, რომლითაც დედამ სამშობიარო სახლიდან გამოიყვანა.

“გამოფენაზე გამოტანილი მაქვს ობიექტი, ტანსაცმელი, რომლითაც დედამ სამშობიარო სახლიდან გამომყვანა. ვარდისფერს მსოფლიოში მიცემული აქვს შინაარსი, რომ ის არის მსუბუქი, ქალური, ნაზი. ამ ნამუშევრის სახელმწოდებაა  – სიჩუმე ჩამოვარდა, მე გოგო დავიბადე. “

ფოტო: გივი ავალიანი/ნეტგაზეთი

ფოტო: გივი ავალიანი/ნეტგაზეთი

ლუიზა ლაფერაძის აზრით, როცა ქალს “ქალურ ბედნიერებას” უსურვებენ, ამით საზღვრავენ კონკრეტულ ტერიტორიას, საარსებო ადგილს:

“ქალისთვის განსაზღვრულია კონკრეტული ადგილი, ოჯახი. საზოგადოება თვლის, რომ  ეს ადგილი გულისხმობს ქალისთვის ბედნიერებას.  ჩვენ უნდა გავიაზროთ ეს დოგმები, ეს სტერეოტიპები და გადავლახოთ. ძალიან შემოსაზღვრულია ქალის სივრცე, არანაირი ქმედების, ნაბიჯის გადადგმის და განვითარების საშუალებას არ იძლევა.”

მხატვარ ლია უკლებას თქმით, გამოფენის სათაური “ქალის ბედნიერების” საზოგადოებისეული კონცეფციის ირონიზებას ახდენს.

“ძალიან სასაცილოა ეს სიტყვები. არავინ იცის, რას ნიშნავს და რა არის ქალთა ბედნიერება. ჩვენ გადავწყვიტეთ, ირონიზება გაგვეკეთებინა ამ თემის,” – ამბობს მხატვარი ლია უკლება.

ფოტო: გივი ავალიანი/ნეტგაზეთი

ფოტო: გივი ავალიანი/ნეტგაზეთი

მისი დაკვირვებით, ხალხში არსებობს სტერეოტიპული მოდელი, თუ როგორი უნდა იყოს იდეალური ქალი.

“ის უნდა იყოს მეოჯახე, წესიერი, პატიოსანი, იმ გაგებით, როგორც ეს სიტყვები საზოგადოებას ესმის. მალე უნდა დაქორწინდეს, გააჩინოს ბევრი ბავშვი, იყოს ოჯახის ერთგული და ა.შ. ამ ყველაფერს გვთხოვს საზოგადოება, ჩვენი ტრადიცია. ვინმემ გვკითხა, რა გვსურს ქალებს?  ჩემი სახელოვნებო საქმიანობის მიზანია კითხვის ნიშნების დასმა. არის ერთადერთი ჭეშმარიტება ის, რასაც მთელი ცხოვრება გვიჩიჩინებენ?”- ამბობს ლია უკლება.

ნადია წულუკიძე, რომელსაც გამოფენაზე ვიდეოინსტალაცია ჰქონდა წარმოდგენილი, მიიჩნევს, რომ ქალის ბედნიერება მის რეალიზაციასთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, თვითრეალიზებას რამდენიმე პრობლემა უშლის ხელს, კულტურული, ეკონომიკური და სხვა პრობლემები.

“როცა ასე ძალადობენ შენზე, ჩემთვის სრულიად გამართლებულია აგრესიულად მოქცევა. ამ აგრესიით მას გასწევ შენი სივრციდან, ის შემოჭრილია შენს სივრცეში, არც გკითხა  და გკარნახობს, როგორ უნდა მოიქცე და იცხოვრო. ჩვენ გვისაზღვრავენ, როგორები ვიყოთ, რა ჩავიცვათ, როგორ მოვიქცეთ. ასე არ შეიძლება, ჩვენი ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ,” – აღნიშნავს ნადია წულუკიძე.

ნადია წულუკიძე

ყვავილები უფლებების ნაცვლად – რას ფიქრობენ პოლიტიკოსები

ხშირია შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსები, ხელისუფლების წარმომადგენლები აძლიერებენ ქალის როლის შესახებ სტერეოტიპებს თავიანთი გამოსვლებით, ქცევებით, ან თუნდაც მილოცვებით. მაგალითად, 2017 წლის 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე ფეისბუკის საშუალებით მიულოცეს ქართველმა პოლიტიკოსებმა ქალებს, თუმცა მათ მიერ გავრცელებულ მესიჯებში ჭარბობს ყვავილები, უფლებებზე კი არაფერია ნათქვამი.

ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! უპირველეს ყოვლისა ქალურ ბედნიერებას გისურვებთ! მუდამ ჯანმრთელები და წარმატებულები ყოფილიყავით!” – ეს სასჯელაღსრულების მინისტრის, კახა კახიშვილის სიტყვებია.

 

პრინტი: პაატა დვალაძე

პრინტი: პაატა დვალაძე

“მე ამას [ქალურ ბედნიერებას] არასოდეს არავის ვუსურვებ. არ ვიყენებ ამ ტერმინს,” – ამბობს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ხულორდავა.

მისი აზრით, ასეთი გამონათქვამების ზედმეტად დრამატიზებაც არ ემსახურება მიზანს და  საზოგადოებაში ქალების მიმართ არსებულ დამოკიდებულებას არ ცვლის.

“ქალი და მამაკაცი რომ თანასწორია, ამ აღქმის საზოგადოებაში დასამკვიდრებლად ძალიან ბევრია გასაკეთებელი. მგონია, რომ ბოლომდე სწორად არ გვესმის ის, თუ რას გულისხმობს თანასწორი  მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქალები უფრო აქტიურები უნდა იყვნენ ეკონომიკურად. ეკონომიკურად ძლიერი ქალი მეტ დამოუკიდებლობას გამოიწვევს, უფრო მეტად გაუჩნდებათ პოლიტიკური აქტიურობის სურვილი და ამ ყველაფრისთვის სახელმწიფომ უნდა შექმნას პირობები.

ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქალმა საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს თავი და მამაკაცმაც ასეთად აღიქვას და არა ობიექტად, რომელსაც განსაკუთრებული მზრუნველობა და მოვლა-პატრონოება ესაჭიროება,” – აღნიშნავს ხულორდავა.

უსაფრთხოება, თამუნა ხმიადაშვილსი ნამუშევარი

უსაფრთხოება, თამუნა ხმიადაშვილსი ნამუშევარი

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ როცა ქალებს ქალურ ბედნიერებას უსურვებენ, მიზანი ქალის როლის დამცირება არ არის:

“ცალსახად სექსიზმი არ არის ეს გამოთქმა. ეს არის გარკვეული ტრადიციის გამოძახილი, რომელიც საზოგადოებაში ჩამოყალიბდა. ალბათ, უმეტეს შემთხვევაში მათი სურვილი და მოტივაციაა, რომ ქალებს მეტი პატივი მიაგონ, მაგრამ ტრადიციულ კლიშეებში სხვამენ ქალებს და მილოცვის ფორმაც ისეთია, რომელიც თანამედროვე ქალისთვის შეიძლება მიუღებელი იყოს.”

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, მისთვის ქალური ბედნიერება შემდეგ შინაარსს მოიცავს:

“ჩემთვის ბედნიერი არის ქალი, რომელიც არის დამოუკიდებელი, თავისუფალი და საკუთარი ბედის გადაწყვეტის შესაძლებლობა აქვს. ეს არის ჩემთვის ქალური ბედნიერება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასეთ შინაარს არ გულისხმობენ.”

“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, “ქალურ ბედნიერებაში” იგულისხმება თვითრეალიზება არა პროფესიული თვალსაზრისით, არამედ პრივატულ სივრცეში ცხოვრება:

“ნებისმიერი ადამიანისთვის ოჯახი და ოჯახური სივრცე არის ძალიან წმინდა და ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა საჯარო სივრცეში ამაზე პოლიტიკოსებისგან აქცენტი არ უნდა კეთდებოდეს. საჯარო სივრცეში ყველამ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ქალს თვითრეალზიების საშუალება ჰქონდეთ”.

მისივე აზრით, კაცი იმავე ზეწოლას არ განიცდის თუნდაც ოჯახის შექმნასა და შენარჩუნებაზე, რასაც ქალი.  

ფემინისტური ფესტივალი

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ არ არსებობს მზა ფორმულა, თუ რა არის კაცური ბედნიერება და ქალური ბედნიერება.

“ძალიან ვერ ვიტან, როცა მეუბნებიან – ცოლი რატომ არ მოგყავსო. ნამდვილად არავის საქმე არის, ვინ გათხოვდება, ვინ მოიყვანს ცოლს და ვინ გააჩენს შვილებს. ეს ძალიან სუბიექტური საქმეა. “

გედევან ფოფხაძის აზრით, სტერეოტიპულია ისიც, რომ თითქოს “ქალებს გათავისუფლება სჭირდებათ”:

“ვიღაცას მიაჩნია, რომ ქალები არიან გასათავისუფლებელი. ეს სტერეოტიპული დამოკიდებულებაა. ეკა ბესელია გასათავისუფლებელია? არ არის. არიან კაცები, რომლებსაც მონური ფსიქოლოგია აქვთ. რა მნიშვნელობა აქვსმ ვინ ვისი მონაა? ადამიანი ან არის თავისუფალი, ან არ არის“.

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი, დეპუტატი ადა მარანია მიიჩნევს, რომ ქალური ბედნიერება სწორედ ოჯახია.

“ეს შვილებია, მათი ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრება. ეს არის ქალური ბედნიერება. ჩემთვის საქმე მეორადია. როცა ადამიანს საყვარელი საქმე არ აქვს, ის სრულაფასოვნად ბედნიერი ვერ იქნება, ეს აუცილებელია, მაგრამ ოჯახი უფრო დიდ დროს და ადგილს იკავებს ქალის ცხოვრებაში.”

რაც შეეხება მის სადეპუტატო საქმიანობას და იმას, რომ ხშირად ოჯახიდან მოშორებით, ქუთაისში იმყოფება, ადა მარშანიას თქმით, მისი ოჯახი ამ ყველაფერს შეგნებულად ეკიდება.

მემკვიდრე გაჩნდა, ნამუშევარი: თამუნა ხმიადაშვილი

მემკვიდრე გაჩნდა, ნამუშევარი: თამუნა ხმიადაშვილი


საქართველოში დღემდე პრობლემად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევის საკითხი, როგორიცაა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, თანაბარი შრომის თანაბარი ანაზღაურება, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ადრეულ ასაკში ქორწინება, სექსუალური შევიწროება, რეპროდუქციულ და სქესობრივ ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობა და სხვა.

 

ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.