ქალთა დღე

როგორ ულოცავენ პოლიტიკოსები ქალებს 8 მარტს

8 მარტს ქალებს ტრადიციულად ულოცავენ პოლიტიკოსები, ამისათვის კი ფეისბუკის პლატფორმას იყენებენ. პოლიტიკური ლიდერების მესიჯებში ჭარბობს ყვავილები:

დღეს, 8 მარტს ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნით თბილისში  მსვლელობები იმართება, ერთ-ერთის გზავნიალი არის ის, რომ ქალების ჰქონდეთ სექსუალური ცხოვრების უფლება, ხოლო მეორის ერთ-ერთი მოთხოვნა სამუშაო ადგილებზე ქალთა დისკრიმინაციის დასრულებაა. 8 მარტის დაარსებაც, პირველ რიგში, ქალთა შრომითი უფლებების დაცვას უკავშირდება. 1857 წლის 8 მარტს ნიუ-იორკში მუშა ქალები გაიფიცნენ აუტანელი სამუშაო პირობებისა და ძალზე მწირი ხელფასის გამო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები კი პოლიციამ დაარბია. თუმცა პოლიტიკოსების მილოცვები, რომელიც ფეისბუკზე ქვეყნებდეა ამ თემაზე ფოკუსირებული არ არის, ყოველშემთხვევაში ჯერჯერობით. სამაგიეროდ სასჯელარსრულების მინისტრი ქალებს ქალთა ბედნიერებას უსურვებს:

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ 8 მარტი საბოლოო ჯამში საბჭოთა სიყალბედ ჩამოყალიბდა, რომელსაც არავითარი შეხება არ აქვს ფემინისტურ მოძრაობასთან, ამიტომ მას აინტერესებს, რატომ არის ეს დღე უქმედ გამოცხადებული საქართველოში.

8 მარტთან დაკავშირებით ვრცელი განცხადება გაავრცელა ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა, რომელიც საქართველოში ქალთა პრობლემებს აღწერს:

“სრულიად საქართველოს ვულოცავ 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს. ეს არის დღე, როდესაც ვიხსენებთ და ვსაუბრობთ ქალთა მიღწევებსა და წარმატებებზე. დღე, რომელიც გვაძლევს საშუალებას დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ, რისი შეცვლა შევძელით და რა გვინდა შევცვალოთ მომავალში.

განსაკუთრებული ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ დადებითი ცვლილებები და შედეგები, რაც ქვეყანაში ქალთა გაძლიერებისა და მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელდა, თუმცა ამავდროულად, აუცილებელია ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებიც კვლავ გადაუჭრელია და მძიმედ აისახება სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის, გენდერული იდენტობის და სოციალური კუთვნილების მქონე ქალზე.

მრავალი სტრატეგიული დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა თუ სტანდარტი იქნა შემუშავებული გენდერული თანასწორობის მისაღწევად, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება ისეთი არსებითი საკითხების გადაჭრა, როგორიცაა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, თანაბარი შრომის თანაბარი ანაზღაურება, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ადრეულ ასაკში ქორწინება, სექსუალური შევიწროების რეგულაცია, რეპროდუქციულ და სქესობრივ ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობა და სხვა.

სამწუხაროა, რომ ქალის ხმა კვლავ არ ისმის სათანადოდ საკანონმდებლო ორგანოში. ქალებს მრავალი ხილული თუ უხილავი ბარიერი უშლით ხელს იყვნენ წარმოდგენილნი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე და ჰქონდეთ კარიერული წინსვლა. გარდა ამისა, კვლავ დაუფასებელია ქალის შრომა როგორც დასაქმების ადგილებზე, ისე ოჯახში, რომელიც აუნაზღაურებელ შრომას გულისხმობს და ქალის ვალდებულად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ ქალები აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში, მათი წილი შრომის ბაზარზე მამაკაცების შემოსავალზე ნაკლებია.

წელს, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის აქცია თუ მსვლელობა. სახალხო დამცველი გამოხატავს სოლიდარობას ამ აქციების მიმართ და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ინიციატივები ქალთა სოციალურ აქტივიზმსა და ქალთა სხვადასხვა ჯგუფების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნებზე იქნას დაფუძნებული.

კიდევ ერთხელ, ყველა ქალს ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს და მოვუწოდებ საზოგადოებას, გავაცნობიეროთ და გავიაზროთ ქალთა თანაბარი ჩართულობის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში”, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com