დავით უსუფაშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 15.03.2017

უსუფაშვილი რ 2-ს: თქვენი სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი, იყოს განსაკუთრებით ყურადღებით

საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ურჩევს, იყოს განსაკუთრებით ყურადებით.

ეს განცხადება დავით უსუფაშვილმა დღეს, 15 მარტს, კვლევის “ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე” პრეზენტაციის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

“საკუთრებასთან დაკავშირებით რუსთავი 2-ის შესახებ წესრიგში რომ არ არის ყველაფერი, ეს დიდი ხანია, ვიცით. ბევრი წელია, ვსაუბრობთ ამ თემაზე. რამდენიმე წელი საერთოდ ოფშორული მესაკუთრეები ჰყავდა რუსთავი 2-ს და საერთოდ არ ვიცით, ვინ იყვნენ მისი მესაკუთრეები. ამიტომ, აქ რომ პრობლემებია, ეს ვიცით. ისიც ვიცით, რომ მიმდინარე დავა, სამწუხაროდ, უფრო მეტად უკავშირდება ოპოზიციურ მედიას, ერთი პარტიის კონტროლის ქვეშ მყოფი მედიის წინააღმდეგ ბრძოლას, ვიდრე საკუთრებისთვის ბრძოლას.

ამასთანავე, თემა ძალიან ფეთქებადსაშიში გახდა. თუ ვინმე ხელისუფლებაში იფიქრებს სტრასბურგის გადაწყვეტილების შემოვლითი გზით რაღაცნაირად იგნორირებას, ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პრობლემების დასაწყისი და ზოგადად, მე თქვენი სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი, იყოს განსაკუთრებით ყურადღებით, იმიტომ, რომ გვახსოვს, ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებულ ქონებრივ დავებთან მის ქონებას თუ სხვის მიერ მისთვის წართმეულ ქონებას თვითაალების მიდრეკილება აქვს ხოლმე. ამიტომ, მე მინდა დაზღვეული ვიყოთ რაიმე სერიოზული გართულებებისგან, ეს იქნება მთავრობის უგუნურობა თუ რაღაც ამ ტიპის მოვლენები,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.  3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა. არასამთავრობო  ორგანიზაციები,  მედიის წარმომადგენლების ნაწილი და  ოპოზიციური პარტიები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თხოვდნენ, რომ   რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება  მანამ შეეჩერებინა, ვიდრე ევროსასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა. 7 მარტს ევროსასამართლომ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა გადაწყვეტილების აღსრულება.

 

ავტორი