ახალი ამბები

„რთული შეხვედრა იყო“ — რას ამბობენ დეპუტატები ბორელთან შეხვედრის შემდეგ

8 სექტემბერი, 2023 • 1400
„რთული შეხვედრა იყო“ — რას ამბობენ დეპუტატები ბორელთან შეხვედრის შემდეგ

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს შეხვდა.

როგორც ოპოზიციური პარტიების დეპუტატები შეხვედრის დასრულების შემდეგ აცხადებენ, საუბარი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას შეეხო და ამისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხზეც იმსჯელეს:

„ნამდვილად არ იყო მარტივი შეხვედრა, ეს იყო რთული შეხვედრა. ბატონი ბორელის და კოპმანის მხრიდან ხაზგასმული იყო, რომ სექტემბრის ბოლოს შეჯამდება ის რეკომენდაციები, რომელიც გამოქვეყნდება უკვე ოქტომბერში. ამაზე იყო საუბარი ძალიან ხაზგასმით, რომ პრაქტიკულად 3 კვირა დარჩა. იმპიჩმენტზე იყო ხაზგასმა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გზავნილი არ ეხმარება ამ სიტუაციას რომელშიც არის საქართველო, იგულისხმა კანდიდატის სტატუსის მინიჭება“ — განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

შეხვედრას ესწრებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავაც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებმა ღიად უთხრეს „ქართულ ოცნებას“, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების სურვილი აქვს, მაგრამ ეს შეუძლებელია რეკომენდაციების შეუსრულებლობის პირობებში:

„ეს იყო ყველაზე მძიმე შეხვედრა, რაც მე მინახავს. იცით, რომ ასეთ შეხვედრებზე დიპლომატიური ტერმინოლოგიის გამოყენება ხდება ხოლმე და ასე ნამდვილად არ იყო ამ შეხვედრაზე. ღიად უთხრეს ოცნებას, რომ ევროკავშირს სურს რომ მისცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც რეკომენდაციები არ სრულდება. მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ის რომ, ცხადია რომ დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა აცდენილია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას და კონკრეტული მაგალითები იყო ჩამოთვლილი მათ შორის ფრენების აღდგენა, სანქცირებული რუსეთის მოქალაქეების შემოშვება“ — განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა კი აღნიშნა, რომ ჯოზეფ ბორელმა ევროპიდან ძალიან მკაფიო გზავნილები ჩამოიტანა, თუ რას ელიან ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან. ამასთან, უსუფაშვილის თქმით, აღინიშნა, რომ ევროპაში ნეგატიურ მესიჯად მიიღეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება:

„ხელისუფლების წარმომადგენლების ჭკუის სწავლებაზე მათ უთხრეს, რომ ეს ელემენტარული ცივილიზაციური წესია. თუ გინდა კლუბში შემოსვლა, მის კრიტერიუმებს უნდა დაემორჩილოთ. სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ასევე მკაფიოდ განაცხადა ბატონმა ბორელმა, რომ ის არ არის ქართული კონსტიტუციის სპეციალისტი, მაგრამ იმპიჩმენტზე ამ დროს საუბარი იყო საკმაოდ პრობლემური და ნეგატიური მესიჯი რაც მიიღეს ევროპაში,“ — აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა კი აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებმა გაიმეორეს იგივე, რასაც ოპოზიცია დიდი ხანია იმეორებს. კერძოდ, მისი თქმით აღინიშნა, რომ რეკომენდაციების შესრულების ნაწილში „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოსახლეობას და ევროკავშირს ჯერჯერობით ვერანაირი გაუმჯობესება ვერ შესთავაზე:

„განსაკუთრებით სამ საკითხზე გამახვილდა ყურადღება ეს არის დეოლიგარქიზაციის საკითხი, საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემა,“ — აღნიშნა ლილუაშვილმა.

ჯოზეფ ბორელთან შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც. პაპუაშვილის თქმით, საუბარი შეეხო უსაფრთხოების მხრივ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ნაცვლად სხვადასხვა ტერმინოლოგიისა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, ტერმინი ოკუპაცია დამკვიდრდეს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე დაისვა საკითხი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ ევროკავშირისთვისაც მიუღებელია ტერმინოლოგიური გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლებისა, რომლის მცდელობაც რადიკალური ოპოზიციის და ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან არსებობს.

„ვფიქრობ, რომ მთავარია რაც არის, მათ შორის ოპოზიციის მხრიდანაც, იყო საკითხი დასმული კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით თავის მხრივ. ამავე დროს, ე.წ. ტერმინოლოგიური გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლებისა, მცდელობა, რომელიც ჩვენ გვესმის სამწუხაროდ საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან და სამწუხაროდ ზოგიერთი ევროპარლამენტარისგან და ევროპელი პოლიტიკოსისგან.

მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ევროკავშირისთვის ასეთი დამოკიდებულება. რაც შეეხება გამიჯვნას ხალხისა და ხელისუფლების, ხალხი, ხელისუფლება და ქვეყანა, ეს არის ერთიანი ორგანიზმი და თუ კი გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის მიმართ მიიღება სწორედ ამ ერთიანი ორგანიზმის, ხალხის, ხელისუფლების მიმართ, რომელიც წარმოადგენს საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანას“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი