ახალი ამბები

უსუფაშვილი განმარტავს, რატომ არ ითხოვს ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის დღის წესრიგში დამატებას

2 მაისი, 2023 • 1094
უსუფაშვილი განმარტავს, რატომ არ ითხოვს ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის დღის წესრიგში დამატებას

“ლელოს” წევრი დავით უსუფაშვილი განმარტავს, რატომ არ აყენებს ოპოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიეობო კომისიის საკითხს ახალ დღის წესრიგში დასამატებლად.

მისი თქმით, თუ ოპოზიცია ამას მოითხოვს, ეს ნიშნავს, რომ უმრავლესობამ საგამოძიებო კომისია დღის წესრიგიდან სწორად ამოიღო.

“როდესაც “ოცნებამ” დღის წესრიგიდან წაშალა ეს საკითხი, ისინი ელოდნენ, რომ მარტივად მოვტყუვდებოდით, წამოვეგებოდით ანკესზე და ვეტყოდით, რომ ვაყენებთ საკითხს და დაამატეთ დღის წესრიგშიო. ვინ ამატებს დღის წესრიგში საკითხს? – ბიურო ან პლენარული სხდომის უმრავლესობა. მათ უნდოდათ, დაეფიქსირებინათ ფაქტი, რომ ჩვენ მოვითხოვეთ დღის წესრიგში რაღაცის დამატება. მე თუ ამას მოვითხოვ, ეს ნიშნავს, რომ ვაღიარებ: ის არასწორად კი არ იყო ამოღებული, არამედ სწორად ამოიღო ვიღაცამ და ახლა ვითხოვ რაღაცის დამატებას”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა, რაც ოპოზიციის ინიციატივაა, პლენარულ სხდომაზე კენჭსაყრელ საკითხებში აღარ იქნება.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციას ახალ დღის წესრიგში კომისიის კენჭისყრის დამატება სურდა, შეეძლო ეს ბიუროზე ან პლენარულ სხდომაზე დაეყენებინა.


დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელმაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სავარაუდო სამართალდარღვევები უნდა შეისწავლოს, პარლამენტში ოპოზიციის მიერაა ინიცირებული. თუმცა კომისიის შექმნას „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება. ამიტომ მათ საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის კენჭისყრა სამჯერ ჩაშალეს.

კერძოდ, იმისათვის, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, პარლამენტში კენჭისყრა უნდა გაიმართოს და საკითხს მხარი, მინიმუმ, 50-მა დეპუტატმა დაუჭიროს. კენჭისყრამდე კი საჭიროა სხდომაზე, სადაც მას კენჭი ეყრება, ქვორუმი შედგეს, რომლისთვისაც რეგისტრაცია, მინიმუმ, 76-მა დეპუტატმა უნდა გაიაროს.

თუმცა საპარლამენტო ოპოზიციაში 76 დეპუტატი არაა. ამით სარგებლობდა საპარლამენტო უმრავლესობა და იმისათვის, რომ კომისია არ შეიქმნილიყო, კენჭისყრამდე რეგისტრაციის გავლაზე უარს ამბობდა და, შესაბამისად, საჭირო ქვორუმი არ იკრიბებოდა და კომისიის შექმნას კენჭი ვერ ეყრებოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი