ახალი ამბები

დემოკრატიულ სამყაროში ყველა შეთანხმებულია, რომ საქართველოს ადგილი EU-შია – უსუფაშვილი

29 აგვისტო, 2023 • 1058
დემოკრატიულ სამყაროში ყველა შეთანხმებულია, რომ საქართველოს ადგილი EU-შია – უსუფაშვილი

პარტია „ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილის განცხადებით, დემოკრატიულ სამყაროში ყველა შეთანხმებულია, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და ერთადაერთი ვინც ამას ეწინააღმდეგება „ქართული ოცნებაა“.

ასე გამოეხმაურა უსუფაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ბოლო განცხადებას ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით.

უსუფაშვილის თქმით, „ლელო“ ყველანაირი სცენარისთვის მზად არის. მისი თქმით, ისინი ნებისმიერ სცენარში გააგრძელებენ სვლას ევროპისკენ და შეეცდებიან მზად იყონ იმ დროისთვის, როცა შეეძლებათ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

„საქართველოს დიდი მეგობრის, შარლ მიშელის ბოლო განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დემოკრატიულ სამყაროში ყველა შეთანხმებულია, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში, ერთადერთი ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, ეწინააღმდეგება, ესაა თავგზააბნეული „ქართული ოცნება“. როცა საქართველოს ეს უნიკალური შანსი გაუჩნდა, მათმა უგუნურმა პოლიტიკამ სერიოზულად შეაფერხა საქართველოს წინსვლა და ვეღარ ვართ ამ წუთის მდგომარეობით უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად პირველი რიგის კანდიდატებში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება და გაერთიანება 2030 წლისთვის ამისთვის უკვე მზად უნდა იყოს. შარლ მიშელი დღეს, 28 აგვისტოს, სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე, რომელიც სლოვენიაში, ქალაქ ბლენდში გაიმართა.

შარლ მიშელის თქმით, შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა და ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრებზე ევროკავშირის ლიდერები გაფართოებას განიხილავენ.

„ჩვენ მყარ პოზიციას დავიკავებთ უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკების დაწყების საკითხზე. მოლაპარაკების ამავე მაგიდასთან მე ველი ველი ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს“, – განაცხადა მიშელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი