მერიამ უფასო ავტობუსები გამოყო აეროპორტში პატრიარქის დასახვედრად

თბილისის მერიის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით დედაქალაქის ხელისუფლება დღეს აეროპორტის მიმართულებით მრევლის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

მერიის ცნობით, მრევლს „Man“-ის ოთხი ავტობუსი მოემსახურება: “ავტობუსები 14:30 საათზე ვარდების მოედანზე გაჩერდება და 15:00 საათზე მსურველებს აეროპორტის მიმართულებით უფასოდ გადაიყვანს.”

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი გერმანიიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება. საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია მეორე ბერლინიდან გერმანიის დროით 11-საათზე (საქართველოს დროით 14:00 სთ.) გამოემგზავრება. თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში 17:30 სთ-ზე ჩამოფრინდება.

პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა. 13 თებერვალს მას ბერლინის კლინიკაში ნაღვლის ბუშტის ლაპაროსკოპიული ოპერაცია გაუკეთეს. ექიმებმა ოპერაციის შემდეგ განაცხადეს, რომ ილია მეორე თავს კარგად გრძნობს.

მის არყოფნაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ილია მეორემ 16 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ “იმედი აქვს, მისი ჩამოსვლის შემდეგ ყველაფერი გაირკვევა”.

13 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ მკვლელობის მომზადების ბრალებით დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურორმა ამის შესახებ საჯაროდ 13 თებერვალს განაცხადა, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია რუსთავი 2-მა გაავრცელა.  პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას დეკანოზის ბარგიდან „ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს. მამალაძე თბილისის აეროპორტში დააკავეს, საიდანაც, პროკურატურის თქმით, ბერლინში მიფრინავდა.

გენერალურმა პროკურორმა 13 თებერვალს  განაცხადა, რომ გამოძიებას ამის შესახებ მოქალაქემ შეატყობინა. “მოქალაქის თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”. 13 თებერვალს პროკურატურამ ასევე გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამია: “როგორც გაირკვა, გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.