ახალი ამბები

ილია მეორე საქართველოში დღეს დაბრუნდება

20 თებერვალი, 2017 • 2300
ილია მეორე საქართველოში დღეს დაბრუნდება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე გერმანიიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება.

საპატრიარქოს ოფიციალურi ვებ-გვერდის ინფორმაციით, ილია მეორე ბერლინიდან გერმანიის დროით 11-საათზე (საქართველოს დროით 14:00 სთ.)  გამოემგზავრება. თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში 17:30 სთ-ზე ჩამოფრინდება.

ილია მეორე გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა. 13 თებერვალს მას ბერლინის კლინიკაში ნაღვლის ბუშტის ლაპაროსკოპიული ოპერაცია გაუკეთეს. ექიმებმა ოპერაციის შემდეგ განაცხადეს, რომ პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.

მის არყოფნაში საქაღთველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ილია მეორემ 16 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ იმედი აქვს, მისი ჩამოსვლის შემდეგ ყველაფერი გაირკვევა.”

“მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება,”- განაცხადა ილია მეორემ.

13 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ მკვლელობის მომზადების ბრალებით დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურორმა ამის შესახებ საჯაროდ 13 თებერვალს განაცხადა, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია რუსთავი 2-მა გაავრცელა.  პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას დეკანოზის ბარგიდან „ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს. მამალაძე თბილისის აეროპორტში დააკავეს, საიდანაც, პროკურატურის თქმით, ბერლინში მიფრინავდა.

გენერალურმა პროკურორმა 13 თებერვალს  განაცხადა, რომ გამოძიებას ამის შესახებ მოქალაქემ შეატყობინა. “მოქალაქის თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”. 13 თებერვალს პროკურატურამ ასევე გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამია: “როგორც გაირკვა, გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე”.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი