ბათუმში შაჰინის სკოლა-ლიცეუმმა სასწავლო პროცესი შეაჩერა

დღეს, 13 თებერვალს, ბათუმში შაჰინის სკოლა-ლიცეუმმა სასწავლო პროცესი, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეაჩერა. თუმცა, სკოლა-ლუცეუმის ადმინისტრაცია, საბჭოს ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და სარჩელის სასამართლოში შეტანას გეგმავს.

სკოლა-ლიცეუმის დირექტორის, ელგუჯა დავითაძის განცხადებით, სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს შევა.

„ამ ეტაპისთვის ჩვენ ოფიციალურად აღარ გვაქვს სწავლის გაგრძელების უფლება. სარჩელი დღეს შეგვაქვს  სასამართლოში, მშობლები სკოლაში არიან მოსული და ბავშვების ნაწილიც მოვიდა, თუმცა სასწავლო პროცესი აღარ მიმდინარეობს. სასამართლომ 24 საათის განმავლობაში უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება, შეწყდეს თუ არა ავტორიზაციის საბჭოს ადმინისტრაციული აქტის მოქმედება“ – ამბობს სკოლის დირექტორი.

ელგუჯა დავითაძის თქმით, ბავშვების მშობლები სკოლაში რჩებიან და ისინი არ აპირებენ ბავშვების სკოლიდან გაყვანას. „ჩვენ ბოლო წუთამდე დაველოდებით პროცესებს, რომ ბავშვებს სკოლა შევუნარჩუნოთ“ – ამბობს დირექტორი.


განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭომ, შაჰინის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია 3 თებერვალს შეუჩერა. მიზეზად, მოსწავლეების არასწორი ჩარიცხვის წესი სახელდება. თუმცა, სკოლის ადმინისტრაცია ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მიიჩნევს რომ მათ წინააღმდეგ  პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com