ახალი ამბები

“ბავშვთა სამყაროს” დირექტორი აცხადებს, რომ ივანიშვილი მათი აქციონერი არ არის

31 იანვარი, 2017 • 23287
“ბავშვთა სამყაროს” დირექტორი აცხადებს, რომ ივანიშვილი მათი აქციონერი არ არის

სააქციო საზოგადოება “ბავშვთა სამყაროს” აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მაჭავარიანმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მათი აქციონერი არ არის.

ტელეიმედთან საუბრისას სავაჭრო ცენტრის დირექტორმა განაცხადა, რომ არ შეიძლება, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს და სავაჭრო ცენტრის ერთ–ერთ აქციონერს დააბრალონ. მაჭავარიანის განმარტებით, ინტერვიუში ერთ–ერთ აქციონერად დიმიტრი აბდუშელიშვილი იგულისხმა, ხოლო ბიძინა ივანიშვილს არანაირი კავშირი აქვს “ბავშვთა სამყაროსთან”.

ნეტგაზეთი ასევე ესაუბრა ე.წ. ბავშვთა სამყაროს იურისტს, ვაჟა მაისურაძეს, რომელიც ასევე აცხადებს, რომ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბიძინა ივანიშვილს რაიმე სახის კავშირი აქვს მათთან, არ შეესაბამება სიმართლეს. მისი თქმით, ეს გამოიწვია სავაჭრო ცენტრის დირექტორის, გიორგი მაჭავარიანის ინტერვიუს არასწორმა ინტერპრეტაციამ მედიაში.

“გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბიძინა ივანიშვილი “ბავშვთა სამყაროს” ერთ–ერთი აქციონერია, ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. აბსოლუტურად არავითარი კავშირი აქვს. ეს გამოიწვია დღეს დირექტორის ინტერვიუს არასწორმა ინტერპრეტაციამ. გულდაწყვეტილმა განაცხადა, რომ რატომ ვაბრალებთ ყველაფერს ივანიშვილს და აქციონერსო, რომელიც ერთი–ორი წელია გამოჩნდა ჩვენთან. დირექტორმა ერთ გამოსვლაში მოიხსენია ორი სხვადასხვა პიროვნება და გააიგივეს, თითქოს ერთ პიროვნებაზე იყო საუბარი. ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონია არავითარი აქციები ჩვენთან არასოდეს და არც ინტერესი გამოხატულა – არც მისი და არც მასთან დაკავშირებული პირების მიერ,” – განუმარტა ნეტგაზეთს ვაჟა მაისურაძემ.

იურისტის თქმით, საზოგადოების მხრიდან უამრავი ეჭვი მუსირებდა და არაერთი ვერსია გამოითქვა ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით. ერთ–ერთი ვერსია იყო, რომ ოქრო გაიტაცეს და ამიტომ დაწვეს შენობა: “ფაქტია და მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ყველამ წაიღო სეიფებში დარჩენილი ოქრო.”

ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძრის შესახებ განცხადება გუშინ, 30 იანვარს, დილის 4:10 საათზე შევიდა 112-ში. ადგილზე მუშაობდა 30-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება 9:00 საათამდე ვერ მოხერხდა. მოგვიანებით კი, 18:00 საათისთვის, შენობის პირველ სართულზე ცეცხლი ისევ აალდა. შენობა სრულად დამწვარია და მერიის გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს მისი სრული დემონტაჟი.

სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროში” ხანძრის გაჩენიდან მეორე დღეს, დაზარალებულ მოვაჭრეებს, რომლების ძვირფას ლითონებს შენობის საცავში ინახავდნენ, საკუთარი ნივთების გამოტანის უფლება მისცეს. დაზარალებულები შენობაში პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების თანხლებით შედიოდნენ.  ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარმა, რომელიც “ბავშვთა სამყაროში” გაჩნდა 30 იანვარს, 1000-ზე მეტი მოვაჭრე დააზარალა.

"ბავშვთა სამყაროს" აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მაჭავარიანი. 31.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

“ბავშვთა სამყაროს” აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მაჭავარიანი. 31.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი