ახალი ამბები

“ბავშვთა სამყაროს” ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარმა 1000-ზე მეტი მოვაჭრე დააზარალა

31 იანვარი, 2017 • 4112
“ბავშვთა სამყაროს” ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარმა 1000-ზე მეტი მოვაჭრე დააზარალა

ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარმა, რომელიც 30 იანვარს “ბავშვთა სამყაროში” გაჩნდა, 1000-ზე მეტი მოვაჭრე დააზარალა.

“სავარაუდო ციფრია 1100 მოვაჭრე, რომელიც ტერიტორიას იკავებდა. ეს არის მიახლოებითი ციფრი, ყოველ შემთხვევაში, 1000-ზე მეტია მოვაჭრეები, რომლებიც დაზარალდნენ”, – განაცხადა სააქციო საზოგადოება “ბავშვთა სამყაროს” წარმომადგენელმა, ლაშა პაიკაძემ, რომელიც დღეს, 31 იანვარს, თბილისის მერიაში გამართულ საკოორდინაციო შეხვედრას ესწრებოდა.

პაიკაძის თქმით, მას შემდეგ, რაც მიყენებული ზარალი გაირკვევა, რომელიც მოვაჭრეებს მიადგა, მერე ისაუბრებს სააქციო საზოგადოება იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ. კომპანიაში აცხადებენ, რომ კუთვნილ პასუხისმგებლობას არ გაურბიან.

“ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაცია ცდილობს, რომ დაადგინოს ზარალის ოდენობა. ასევე ვთანამშრომლობთ ყველა უწყებასთან, რომლებიც დღეს შევიკრიბეთ და გვექნება ურთიერთობა, შესაბამისად, დროულად აღმოვუჩენთ დახმარებას ყველა იმ მოვაჭრეს და დაზარალებულს, ვისაც კი ზარალი მიადგა, და ყველანაირად მაქსიმალურ ღონეს ვიხმართ იმისათვის, რომ დახმარება გავუწიოთ დაზარალებულებს”, – ამბობს პაიკაძე.

ლაშა პაიკაძე/ სააქციო საზოგადოება ბავშვთა სამყარო

დღეს, 31 იანვარს თბილისის მერიაში იმსჯელეს იმ გეგმების შესახებ, რომლითაც ბავშთა სამყაროში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარებიან. ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე “ბავშვთა სამყაროში ხანძარი 30 იანვარს, გამთენიისას დაიწყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის, დავით გელაშვილის თქმით, 04:10 საათზე შევიდა 112-ზე შეტყობინება ბავშვთა სამყაროში ხანძრის შესახებ და დაახლოებით 3 წუთში მივიდა პირველი დანაყოფი შემთხვევის ადგილზე.

ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა კვამლის ჩაქრობა ამ დრომდე, 31 იანვრის 15:17 წუთამდე ვერ მოხერხდა. ადგილზე ისევ მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. მეხანძრეების განცხადებით, კერები ძირითადად შენობის უკანა ნაწილში და სარდაფის სართულზეა, სადაც ექსპერტები კრძალავენ ყოველგვარ გადაადგილებას. ექსპერტებმა ნებართვა გასცეს, ხალხი ეტაპობრივად შეიყვანონ მხოლოდ იმ მონაკვეთში, სადაც ინახებოდა მათი ძვირფასეულობა, რომლის გამოტანაც ამ წუთებშიც გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი