ახალი ამბები

რას ითხოვენ ბავშვთა სამყაროში ხანძრის გამო დაზარალებულები

31 იანვარი, 2017 • 3978
რას ითხოვენ ბავშვთა სამყაროში ხანძრის გამო დაზარალებულები

თბილისში  გუშინდელი ხანძრის შემდეგ ბავშვთა სამყაროს შენობის დემონტაჟი ჯერ არ დაწყებულა. გუშინდელს მერე ადგილზე იმყოფებიან აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში მომუშავე მოვაჭრეები, რომლებმაც ამ დრომდე არ იციან, რა ბედი ეწიან მათ საქონელს, რომელსაც შენობაში ინახავდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ დაზიანებული არ არის საცავები, სადაც ოქრო იყო შენახული, რომლითაც შენობაში არსებული ოქროს ბირჟის მოვაჭრეები ვაჭრობდნენ.

მოვაჭრეები ხელისუფლებისგან ითხოვენ, რომ მათ მიენიჭოთ დაზარალებულის სტატუსი და, შესაბამისად, დახმარება გაუწიოს სახელმწიფომ და არა ბაზრის ადმინისტრაციამ. გუშინ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ხანძრის შედეგებზე პასუხისმგებელია ბაზრის ადმინისტრაცია. თავის მხრივ. ბავშვთა სამყაროს დირექციამ განაცხადა, რომ თავიანთ წილ პასუხისმგებლობას იკისრებენ, თუმცა, მათი მხრიდან კონკრეტულად რა ტიპის რეაგირება იქნება, უცნობია. ცნობილია, რომ ბავშვთა სამყაროს შენობა დაზღვეულია “ალდაგში” 6 მილიონ ლარად, მაგრამ არ არის დაზღვეული ის პროდუქცია, რაც იყო შენობაში განთავსებული. არც მოვაჭრეების ადმინისტრაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს ხანძრის შედეგად რაიმე ზიანის ანაზღაურებას.

მთავრობა მოვაჭრეებს სთავაზობს შუამავლობას ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან მათ მიერ გამოტანილი სესხების და კრედიტების თაობაზე, ამასთან, თბილისის ვიცემერის, ლაშა აბაშიძის თქმით, ისინი უზრუნველყოფენ მოვაჭრეების სხვა სავაჭრი ცენტრებში გადანაწილებას. მოვაჭრეების ნაწილი ამ წინადადებებით უკმაყოფილოა და უარს აცხადებს ბანკებთან და მიკროსაფინანსოებთან მერიის შუამავლობაზე.

“პირველ რიგში, ვითხოვთ დაზარალებულის სტატუსს. ვითხოვთ ჩვენი ნაშრომ-ნაწვალების ანაზღაურებას იმიტომ, რომ ყველას სახლ-კარი გვიდევს მაგაში. პირადად მე სახლი მიდევს ბანკში და ერთთვიანი გადავადება არაფერი შეღავათია და დახმარებად არ მიმაჩნია. 50 ათასი სესხი მაქვს ბანკიდან გამოტანილი. ვინაიდან ამხელა ბიზნესსესხი მომცა ბანკმა, იმით, მე რომ სახლი გავაკეთე ჩემი შვილებისთვის, ამაზე მეტი საქონელი მქონდა. ეს ყველაფერი იყო აღრიცხული, ისე ხომ არ მომცემდა ბანკი ამ სესხს? ამით ვიხდიდი სესხს და ახლა რითი გადავიხადო, მერიამ რომ ერთი თვით გადამივადოს?! თუ სახლ-კარი გავყიდო და ისევ უჩაში დავრჩე? რამდენჯერ უნდა დამტოვოს სახელმწიფომ ქუჩაში? ვითხოვთ სახელმწიფსგან დახმარებას,” – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული, იზა ვეკუა, რომელიც ე.წ. ბავშვთა სამყაროში ჯინსებით ვაჭრობდა.

შეგახსენებთ, რომ ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძრის შესახებ განცხადება გუშინ, 30 იანვარს, დილის 4:10 საათზე შევიდა 112-ში. ადგილზე მუშაობდა 30-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება 9:00 საათამდე ვერ მოხერხდა. მოგვიანებით კი, 18:00 საათისთვის, შენობის პირველ სართულზე ცეცხლი ისევ აალდა. შენობა სრულად დამწვარია და მერიის გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს მისი სრული დემონტაჟი.

ბავშვთა სამყაროში ხანძრის გამო დაზარალებულები, 31.01.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ბავშვთა სამყაროში ხანძრის გამო დაზარალებულები, 31.01.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი