ახალი ამბებიკომენტარი

რას შეცვლის ენმ-ის გაყოფა ქართულ პოლიტიკაში – ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

13 იანვარი, 2017 • 29423
რას შეცვლის ენმ-ის გაყოფა ქართულ პოლიტიკაში – ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

როგორ აფასებს “ნაციონალურ მოძრაობაში” განვითარებულ მოვლენებს  პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია და რას შეცვლის, მისი აზრით, პარტიის გაყოფა ქართულ პოლიტიკაში. “ნეტგაზეთი”  საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორთან ინტერივუს გთავაზობთ.

როგორ აფასებთ ენმ-ის გაყოფას და თქვენი აზრით, როგორ გავლენას მოახდენს ეს ამ ორი პარტიის რეიტინგებზე?

ზოგადად რომ ვთქვათ, გუშინ არ დაწყებულა ეს პროცესები. ვფიქრობ, ლოგიკური დასასრული ჰპოვა. ფაქტობრივად, გამოეყო რაღაც ნაწილი ნაციონალურ მოძრაობას და ჩამოყალიბდა ორი ჯგუფი, რომელსაც, პრინციპში, ჯერჯერობით ამ ეტაპზე პოლიტიკაში ერთი და იგივე ნიშა აქვთ. შეიძლება ითქვას, ასევე, ერთი ამომრჩეველი ჰყავს ამ ეტაპზე. თუმცა ეს, ალბათ, დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ორივე მათგანს დასჭირდება ერთმანეთისგან დისტანცირება და საკუთრი იდენტობის ან ოდნავ შეცვლა, ან რაღაც ახლის ჩამოყალიბება. განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ ეს ეხება იმ ჯგუფს, რომელიც პარტიას გამოეყო. ისინი ფაქტობრივად ახალ პარტიას აყალიბებენ და, ბუნებრივია, მათ ამ მხრივ უფრო მეტი სამუშაო ექნებათ. მთლიანობაში, რაც შეეხება შანსებს არჩევნებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ძალიან რთულია ამის ვარაუდი. ჯერ ჩვენ არ ვიცით, როგორ ჩამოყალიბდება ეს გუნდები, რამდენად სიცოცხლისუნარიანები იქნებიან ისინი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ჩვენ ვიცით, თუ რა დაემართათ სხვა პოლიტიკურ პარტიებს და ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რესურსები ექნებათ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს. განსაკუთრებით, ბოკერია-ბაქრაძის ჯგუფს. ექნებათ თუ არა მათ ხელმისაწვდომობა, ვთქვათ, რუსთავი 2-თან, როგორც მათ აქამდე ჰქონდათ. ასევე, ექნებათ თუ არა ფინანსები. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენად მოახერხებენ ისინი ახალი სახეების ჩართვას პოლიტიკაში. იქიდან გამომდინარე, რომ მათ წინაშე ახლა არის დილემა – ფაქტობრივად, ზოგიერთ მათგანს საკუთარი სოციალური კაპიტალი გახარჯული აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი დიდი ხანი იყვნენ ქართულ პოლიტიკაში, მათი პიროვნული რეიტინგი შეიძლება არ იყოს მაღალი და მათ თუ არ მიიღეს შევსება ახალი ძალების, ან სოციალური ჯგუფებიდან, მათ ძალიან გაუჭირდებათ მხოლოდ ამ რეიტინგებით სერიოზულ ძალად ჩამოყალიბდნენ, რომელსაც შეუძლია რეალური მეტოქეობა გაუწიონ “ქართულ ოცნებას”.

როდესაც შეაფასეს ბოკერიას და მისი თანამოაზრეების ეს გადაწყვეტილება, ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილი პირები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილიც, ამ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს. ისინი ამბობენ, რომ ეს პროცესები ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს “ქართული ოცნებისთვის” ნაციონალური მოძრაობის ორად გაყოფა?

ერთი შეხედვით, “ქართული ოცნებისთვის”, რა თქმა უნდა, ეს მომგებიანია, თუმცა ყველაფრის დაბრალება ბიძინა ივანიშვილისთვის, ჩემი აზრით, არასწორია. რომ არ ყოფილიყო გარკვეული სისუსტე თითონ ნაციონალური მოძრაობის შიგნით, რომელიც რეალურად ყოველთვის არსებობდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამან განსაკუთრებით თავი იჩინა არჩევნების შემდგომ. ასე რომ არ ყოფილიყო, ვერც ბიძინა ივანიშვილი მოახერხებდა ამის გამოყენებას. ასე რომ, მხოლოდ გარეთ თითის გაშვერა, რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი. თუმცა ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი, ისევე როგორც ქართული ოცნება, ამით, პრინციპში, კმაყოფილი უნდა იყოს. თუმცა ზედმეტ ხიბლშიც არ უნდა ჩავარდნენ, რადგან ფაქტობრივად ეს გარკვეულ გამოწვევებსაც იწვევს ქართული ოცნებისთვის. თუ აქამდე მეტ-ნაკლებად ნაციონალური მოძრაობისადმი ანტიპათიების გამო ბევრ რამეს პატიობდა და თვალს ხუჭავდა ქართული ოცნების სისუსტესა და უმოქმედობაზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობა, როგორც დიდი საფრთხობელა, გაქრება, ბუნებრივია ეს გამოიწვევს ამომრჩვლებში უფრო მეტ კრიტიკულ განწყობას თვითონ ამ პარტიისადმი. მით უმეტეს, ახლა, როდესაც მათ კარტ-ბლანში აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობის სახით, ისინი ვეღარავის გადააბრალებენ იმ უმოქმედობას და შედეგებს, რომლებიც შეიძლება დადგეს საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური კუთხით თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ეს ზეწოლას გააძლიერებს ამ პარტიაზე. ეს განსაკუთრებით კრიტიკული შეიძლება აღმოჩნდეს ბოლო ორი წლის განმავლობაში იმიტომ, რომ ქართული ოცნება არ არის ჯერ კიდევ  ბოლომდე მონოლითური ძალა. მასში შედის სხვადასხვა დაჯგუფებები და, როგორც ხშირად გვინახავს საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში, როცა მმართველი პარტია თავისი საპარლამენტო მოღვაწეობის ბოლო წლებს უახლოვდება, სწორედ მაშინ იწყება ამ პარტიებში გადინება და ფრაქციების ჩამოყალიბება. ამიტომ ეს შეიძლება შეეხოს ქართულ ოცნებასაც, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ამომრჩეველი უფრო მეტად კრიტიკული ხდება ამ ძალისადმი.

დაპირსპირების ერთ-ერთი ძირითადი საკითხი პარლამენტში შესვლა იყო. დღეს, როდესაც პარტია გაიყო, დარჩენილი ლიდერების ნაწილის არგუმენტია, რომ რადგან საპარლამენტო მანდატები დეპუტატების იმ ნაწილმა, რომელმაც პარტია დატოვა, ნაციონალური მოძრაობის სახელით მოიპოვეს, წასვლის შემდგომ მათზეც უარი უნდა თქვან. როგორც ფიქრობთ, პოლიტიკური ეთიკის თვალსაზრისით რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა პარტიის დატოვების შემდგომ საპარლამენტო მანდატების შენარჩუნება?

არ ვიცი, ეთიკა რამდენად მნიშვნელოვანია ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ამ აზრს არსებობის უფლება აქვს. მე რომ ვყოფილიყავი ამ სიტუაციაში, ალბათ, განსაკუთრებით ეს ლიდერებს ეხებათ, ამ ლიდერებს თავადაც შეეძლოთ უარი ეთქვათ მანდატებზე და დაემტკიცებინათ შემდეგ არჩევნებზე, რომ მათ მართლა შეუძლიათ ამომრჩევლის ნდობის მოპოვება დამოუკიდებლად, ნაციონალური მოძრაობისა და სააკაშვილის ავტორიტეტის გარეშე. ალბათ, ეს იქნებოდა ყველაზე მომგებიანი საშუალოვადიან პერსპექტივაში ყველაზე სწორი და მორალურად გამართლებული. მაგრამ, რამდენად გააკეთებენ ამას, ეს ძნელად სათქმელია იქიდან გმაომდინარე, რომ არ ვიცი, რამდენად არის მათში პოლიტიკური მზაობა, ასეთ რისკზე წავიდნენ.

რაც შეეხება ენმ-ში დარჩენილ დეპუტატებს, თუ დაპირისპირების ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი იყო, რამაც საბოლოო ჯამში, სხვა საკითხებზე უთანხმოებასთან ერთად, პარტიის გაყოფა გამოიწვია, ისინი რატომ რჩებიან საკანონმდებლო ორგანოში?

ეს საკითხი ძალიან საინტერესოა. როცა ერთ ჯგუფს ვაკრიტიკებთ, თუ მორალური და ეთიკური კატეგორიებით ვიმსჯელებთ, ასევე ისმის ეს შეკითხვა – ის ხალხი, რომელიც დარჩა ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, ჩვენ გვახსოვს, რომ სააკაშვილმა თავად მოუწოდა, რომ პარლამენტში შესვლა იყო მიუღებელი, მაშინ მათაც უარი უნდა თქვან იმავე პრინციპებით, რომ მათი ხედვა სწორედ ასეთი იყო. თუმცა, როგორც  ვხედავთ, არც ერთი ჯგუფი ბოლომდე თანმიმდევრული არ არის საკუთარ მოქმედებებში და, ვფიქრობ, უფრო ცდილობენ, კონინუქტურას მოერგონ, ვიდრე იმ განცხადებებს, რომელიც მათ გააკეთეს ამ საკითხთან მიმართებით.

პროცესებს რომ დავაკვირდეთ, ლიდერები ტოვებენ პარტიას და ეს ფასდება, როგორც ღალატი. ასე მოხდა, როდესაც ზურა ჯაფარიძემ და გიორგი ვაშაძემ დატოვეს ეს პარტია. ახლა სხვა ლიდერები, მათ შორის გიგა ბოკერია აღმოჩნდა მათ ადგილას, რომელიც თავადაც უპასუხისმგებლო ქმედებად აფასებდა ჯაფარიძის ამ გადაწყვეტილებას. როგორ ფიქრობთ, რა ფენომენია ეს ქართულ პოლიტიკაში?

ფაქტია, რომ ეს ქართული პოლიტიკური კულტურისთვის დამახასიათებელია, ამის ძირები უნდა ვეძებოთ ალბათ საუკუნეებში. განსაკუთრებით საინტერესოა ამ კუთხით 90-იანი წლები. ეს ქართულ პოლიტიკაში საკმაოდ მიღბული ტაქტიკაა. ზიზღის გამო დაპირისპირება. აქ არ თამაშობს როლს კლასიკური მოდელები, როდესაც პარტიები იდეოლოგიების და განსხვავებული ფასეულობების გამო კონკურირებენ ერთმანეთში. სწორედ ამ ფენომენთან გვაქვს საქმე, რაც მიუთითებს, რომ პარტიაში არ იყო ჯანსაღი გარემო. ეს ერთგვარი დიაგნოზია, როდესაც პარტიას ტოვებენ ძირითადი ლიდერები, მიუთითებს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც ამ პარტიაში არსებობს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ დროს ადამიანები, რომლებიც ასეთი აგრესიული რიტორიკით გამოირჩევიან, ვერ ხვდებიან, რომ ხელს უწყობენ პარტიაში მედი დისორიენტაციის შეტანას. ეს ხელს არ უწყობს არც პარტიაში გარემოს გაუმჯობესებას, არც წასულ ადამიანებთან სამომავლო ურთიერთობების მოწესრიგების პერსპექტივას. ქართული პოლიტიკა იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ არ არის გმაორიცხული, ზოგიერთ მათგანს მაინც მოუწიოს ერთად ბევრი რამის გააზრება. აქედან გამომდინარე, ცოტა გაუგებარია, ეს ხიდების გადაწვის ტაქტიკა რამდენად გამართლებულია ზოგადად პარტიულ პოლიტიკაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი