ახალი ამბები

ქუთაისის საკრებულოს ყოფილი „ნაციონალი“ წევრები „ახალს“ უერთდებიან

28 მარტი, 2024 •
ქუთაისის საკრებულოს ყოფილი „ნაციონალი“ წევრები „ახალს“ უერთდებიან

„ნაციონალური მოძრაობიდან“ გასულმა დეპუტატებმა ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია „პროგრესის პლატფორმა“ დააფუძნეს და „ახალს“ უერთდებიან.

ქუთაისის საკრებულოში ენმ-ის სიით გასული 12 წევრიდან შვიდმა, ასევე,  რაიონული ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებმა „ნაციონალური მოძრაობა“ გასული წლის დეკემბერში დატოვეს. ენმ-დან გასულმა დეპუტატებმა მაშინ განაცხადეს, რომ პარტიიდან ლევან ხაბეიშვილის მიერ დაპირებების შეუსრულებლობის გამო მიდიან და არ გამორიცხეს პოლიტიკური საქმიანობის ნიკა მელიასთან ერთად გაგრძელება.

„ფრაქციის დაფუძნების პროცესი დაიწყო, როგორც კი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასვლის განცხადება გავაკეთეთ და გუშინ უკვე ოფიციალურად ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ქუთაისის საკრებულოში სახელი შეეცვალა და ახლა არის „პროგრესის პლატფორმა“. ფრაქციაში 7 წევრია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩა 4 დეპუტატი, ერთი ასევე ენმ-ის სიით გასული კი დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება. ვინც „პროგრესის პლატფორმაში“ ვართ, ვაპირებთ პარტია „ახალთან“ თანამშრომლობას“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ქუთაისის საკრებულოს წევრმა „პროგრესის პლატფორმიდან“ დავით ბახტაძემ.

პარტია „ახალი“ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დააფუძნეს.

დავით ბახტაძემ თქვა, რომ ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია „პროგრესის პლატფორმის“ რეგისტრაცია უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე პარტია „ახალი“ შეიქმნებოდა და ამიტომ არ არის ფრაქციის სახელწოდება „ახალთან“ თანხვედრაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი