ახალი ამბები

საავადმყოფო: პრეზიდენტის სიძის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ სტაბილურია

12 იანვარი, 2017 • 5231
საავადმყოფო: პრეზიდენტის სიძის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ სტაბილურია

11 იანვრის საღამოს საბურთალოზე, ბალანჩივაძის ქუჩაზე, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დაჭრეს, რომელსაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ, რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურის ცნობით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

“მინდია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჩატარებული ოპერაციის შემდეგ განაგრძობს მკურნალობას განყოფილებაში და მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ამ ეტაპზე ვერ გვეუბნებიან, დააკავეს თუ არა ვინმე გუშინდელ საქმეზე. მათი ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო: 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 119-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით. დამატებით დეტალებზე 12 იანვრის დილისათვის არც შსს-ში საუბრობენ.


2016 წლის 25 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლას ცდილობდნენ. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ საუბარი იყო პოლიციის მხრიდან პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკის ჩატარებაზე. როგორც ადვოკატი ამბობდა, პოლიციელებმა მინდია გოგოჭურს გარკვეული პერიოდი უკანონოდ შეუზღუდეს თავისუფლება. პრეზიდენტის სიძე 2016 წლის 27 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური, ფოტო: გივი ავალიანი/ნეტგაზეთი

პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური. ფოტო: გივი ავალიანი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი