ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, პოლიციელებმა პრეზიდენტის სიძეს უკანონოდ შეუზღუდეს თავისუფლება

27 ივლისი, 2016 • 2009
ადვოკატის თქმით, პოლიციელებმა პრეზიდენტის სიძეს უკანონოდ შეუზღუდეს თავისუფლება

დღეს, 27 ივლისს მთავარ პროკურატურაში საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის გამოკითხვა 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მარგველაშვილის სიძეს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არც გამოკითხვის შემდეგ გაუკეთებია.

პრეზიდენტის სიძის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ გოგოჭურმა პროკურატურას მიაწოდა ინფორმაცია  პოლიციელთა მხრიდან მისი დაკავების დროს შესაძლო გადაცდომებზე. მისი თქმით, მინდია გოგოჭურის დაკავების დროს ადგილი ჰქონდა კანონის დარღვევას:

“კერძოდ, იმას, რომ დაკავების დროს მას დაახლოებით 6 საათით შეუზღუდეს პოლიციელებმა გადაადგილების თავისუფლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ის იყო დაკავებული. დაკავებულ პირს გააჩნია მთელი რიგი უფლებები, მათ შორის: ადვოკატის ყოლის უფლება და განმარტების მიღება იმაზე, რომ დუმულის უფლება შეუძლია; დაკავების დროს საკუთარი თავის წინააღმდეგ რომ არ მისცეს ჩვენება, უნდა შედგეს დაკავების ოქმი; გარდა ამისა, დაკავებული დაკავებისთანავე უნდა გადაიყვანონ პოლიციაში და ა.შ. არცერთი ეს მოქმედება არ ჩატარებულა. მისი დაკავება განხორციელებულია უხეში დარღვევებით, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ მისი დაკავება გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა,” – ამბობს ადვოკატი.

ბარათაშვილის თქმით, პოლიციელებისთვის კარგად იყო ცნობილი მინდია გოგოჭურის ვინაობა და მისი კავშირი პრეზიდენტთან:

“მათ იცოდნენ პრეზიდენტთან მინდია გოგოჭურის ნათესაური კავშირი და ეს არც დაუმალავთ. ბუნებრივია, ასეთი უხეში დარღვევები რაღაც მიზნით უნდა ყოფილიყო განხორციელებული. პოლიციელებს ჰქონდათ საკმაოდ აგდებული დამოკიდებულება და ხდებოდა კანონის უგულვებელყოფა. როდესაც გოგოჭურმა მოითხოვა ადვოკატი, პოლიციელებმა უთხრეს: თავი ევროპაში ხომ არ გგონიაო და ა.შ.”

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მინდია გოგოჭურის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით.

პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებამ არ გააოცა, რადგან სამართალდამცავები მისი ოჯახის წევრზეც ცდილობდნენ ზეწოლას. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ საუბარი იყო პოლიციის მხრიდან პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკის ჩატარებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი