ახალი ამბები

უსუფაშვილი: 2015 წლის აპრილში ივანიშვილმა პრემიერობა შემომთავაზა

13 სექტემბერი, 2016 • 1859
უსუფაშვილი: 2015 წლის აპრილში ივანიშვილმა პრემიერობა შემომთავაზა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ 2015 წლის აპრილში, ირაკლი ღარიბაშილის ხელისუფლებაში ყოფნისას, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობა პირადად მას შესთავაზა. ამავე დროს, უსუფაშვილის თქმით, საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ივანიშვილს სახელისუფლებო ცენტრის რესპუბლიკელებზე აწყობა სურდა, თუმცა ეს ყველაფერი არ გამოვიდა. ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე უსუფაშვილმა ვრცლად საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში, სალომე ასათიანის ინტერVIEW-ში ისაუბრა:

“ჩრდილოვანი მმართველობა შეიძლება იყოს 10-პროცენტიანი და შეიძლება იყოს 100 -პროცენტიანი. შეიძლება იყოს ყოველდღიური, შეიძლება იყოს ყოველთვიური, ასე რომ, აქ ერთი ხელის მოსმით [იმის თქმა], რომ ჩრდილოვანი მმართველობაა და რაღაცა ცუდი ხდება… ეს ასე არ არის. [არაფორმალური მმართველობა] პროცენტებში ვარირებდა: ხუთიდან შეიძლება ორმოცამდე. თქვენ ახლა ამის დაჯერება ძალიან გაგიჭირდებათ, იქიდან გამომდინარე, რა დონის აქტიურობასაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ვხედავთ ახლა, მაგრამ მე თქვენ გეუბნებით, რომ მარტში სამი პირი ვისხედით ოთახში, დაახლოებით 1,5 საათის განმავლობაში, გვქონდა ძალიან პოლიტიკური და ემოციური საუბარი. ამ შეხვედრის შემდეგ ჩამოვართვით ხელი და ორი დავემშვიდობეთ ერთს, ბიძინა ივანიშვილს, ხოლო ის ორნი ვიყავით მე და კვირიკაშვილი. ივანიშვილმა თქვა, ახლა უკვე მართლა, ერთხელ და სამუდამოდ წავედი და მორჩა. ერთადერთი საკითხი იყო დარჩენილი, რომელზეც ჩვენ შეიძლება კიდევ ვისაუბროთო და დანარჩენზე ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხვდებით, ტელეფონზე იმ შემთხვევაში გიპასუხებთ, თუ ქვეყანა იქცევაო. მე თქვენ არასოდეს დაგირეკავთო. ყოფილა ასეთი ვითარებებიც, როცა დაგვმშვიდობებია, მაგრამ ვერ დაგვმშვიდობებია”, – განაცხადა უსუფაშვილმა და ამ მხრივ კიდევ ერთ მაგალითად 2013 წელი დაასახელა:

“2013 წლის ბოლოსაც, როდესაც პრემიერობიდან გადადგა, ასევე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მაშინ ოთხნი ვისხედით ოთახში: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მე, პრეზიდენტი მარგველაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. იქაც დავემშვიოდებთ ერთმანეთს, [თქვა] წავედი, მორჩა ახლა თქვენო, მაგრამ ერთ კვირაში აირია მონასტერი პრეზიდენტსა და სხა თემებზე და მოსვლა მოუწია.

მე როდესაც ვამბობდი, რომ არ უნდა წახვიდე-მეთქი, ამას პირისპირაც ვეუბნებოდი და საჯაროდაც ვამბობდი. ამას იმიტომ კი არ ვლაპარაკობდი, რომ რაიმე პერსონალური ემოციური ბმა მქონდა ბიძინა ივანიშვილთან და ხელისუფლებაში მის არყოფნას ვერ გადავიტანდი, ამას იმიტომ ვლაპარაკობდი, რომ ვხედავდი: ის სისტემა, ის ხალხი, გუნდი თუ მმართველობითი იერარქია, რომელსაც ქვეყანა ჩაბარდა, ვერ შეძლებდა გადაწყვეტილებების მიღებას, არ ყოფნიდა პასუხისმგებლობა, არ ყოფნიდა ხედვა, რისკის გაწევის უნარი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ  ნელ-ნელა საქმე ისევ ივანიშვილს მიუბრუნდა:

“სად მივედით: 2015 წლის აპრილში ბატონმა ბიძინამ მე და მთელ [რესპუბლიკურ პარტიას] შეხვედრა გვთხოვა, 7-8 კაცი ვესწრებოდით ამ შეხვედრას. ახლა, როცა საუბარია იმაზე, რომ რესპუბლიკური პარტია აღარ მოსწონს, რომ ჩემი უარი ვერ გადაიტანა და ასე შემდეგ, ეს ასე არ არის. 2015 წლის აპრილში მან შემოგვთავაზა ასეთი რამ: მე მართლა დავიღალე, მართლა მინდა წასვლა, ჩემი პარტიიდან ბევრი არაფერი გამოდის, ვთვლი, რომ პრემიერ-მინისტრი შესაცვლელია, მაგრამ ჩემს გუნდში ვერ ვხედავ ვინმეს, ვისაც ამას ვანდობდი, ამიტომ, მე მითხრა, რომ იქნებ შენ დათანხმდე, თუ გინდა დღესვე, თუ გინდა 6 თვეში, თუ გინდა, არჩევნების შემდეგ, შენზე და თქვენზე ავაწყოთ მომავალი სახელისუფლებო ცენტრი. ჩვენი პასუხი იყო ძალიან კარგად გააზრებული. მე მას ვუთხარი, ასე არ ხდება, რომ წარმატებული კომპანიის მენეჯერი სხვა კომპანიის მენეჯერად გადმოვიყვანოთ. პარტია ქართულ ოცნებას, მთავრობას და კოალიციას ვინმე რესპუბლიკელი ერთდროულად ვერ გაუძღვება-მეთქი. ამიტომ მე გთავაზობთ ორ ვარიანტს და თქვენ აარჩიეთ-მეთქი: მე წამოვალ მაგ საქმეზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, პარლამენტისთვის უკეთესი თვისებები მაქვს, ვიდრე პრემიერობისთვის (აქვე ვაღიარებ, რომ კვირიკაშვილი უკეთესი პრემიერია და მე შესაძლოა პარლამენტში ვიყავი უკეთესი) ოღონდ ერთი პირობით: თქვენ უნდა დაბრუნდეთ ღია და აქტიურ პოლიტიკაში-მეთქი, თუნდაც პოლიტსაბჭოს წევრის როლში. ამაზე უარი მივიღეთ, მე არ დავბრუნდებიო. მეორე ვარიანტი: თქვენი გუნდიდან შეარჩიეთ პრემიერი და [პრემიერობის] იმ ორი ვარიანტიდან [კანდიდატში], რომელიც ჩვენ შევთავაზეთ თუ ვურჩიეთ, ერთ-ერთი ნამდვილად იყო კვირიკაშვილი ჯერ კიდევ 2015 წლის აპრილში. თქვენ ჩაატარეთ რეფორმა თქვენ პარტიაში, გააუმჯობესეთ თქვენი პარტია და ჩვენ დავრჩებით იქ, სადაც ვართ, ვიქნებით თქვენი პარტნიორი, რადგან ასე ვერსად მივდივართ-მეთქი. მან ეს პროექტი დაიწყო. ის 30-35 ადამიანს ესაუბრა, იგი პოლიტიკური პარტიის განახლებაზე ფიქრობდა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი