გენო პეტრიაშვილმა რიო 2016-ზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს გენო პეტრიაშვილმა მეშვიდე მედალი მოუტანა. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 22 წლის ქართველმა სპორტსმენმა ამერიკის ოლიმპიური ნაკრების წევრი ტერველ დლაგნევი 31 წამში დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველი სპორტსმენი 125 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ოლიმპიადის მერვედფინალში გენომ უკრაინელი ალენ ზასეევი დაამარცხა (11:6), ხოლო მანამდე ბულგარელ დიმიტარ კუმჩევს 10:0 მოუგო. მეოთხედფინალში პეტრიაშვილი ირანელ ნემათ ჩასემისთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა (4:4), თუმცა ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა და ქართველ სპორტსმენს მესამე ადგილისთვის ჭიდაობის შანსი მიეცა. რეპეშარჟში პეტრიაშვილმა კანადელი კორი ჯარვისი მარტივად (9:2) დაამარცხა.

გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიური მედალი ტრადიციულად აღნიშნა

გენო პეტრიაშვილი ევროპის ერთგზის და მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია. ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავე 2013 წელს ევროპის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო 2015 წლის ბაქოს თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიური თამაშებიზე ის პირველად ასპარეზობდა.

საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის 7 მედალი აქვს მოპოვებული – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი ბრინჯაოს მედალი საქართველოს ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა, ვერცხლის მედალი – კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა შმაგი ბოლქვაძემ.

საქართველოს პირველი ოქროს მედალი მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოუტანა, ხოლო კიდევ ერთმა ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მეორე ოქროს მედალი შემატა, ხოლო გენო პეტრიაშვილმა – მეოთხე ბრინჯაო.

რიო 2016-ის ოფიციალური ბოლო მონაცემებით, მოპოვებული მედლების რაოდენობითა და მათი ხარისხით, საქართველოს ნაკრები 36-ე ადგილს იკავებს. საქართველოს ოლიმპიური ნაკრები უსწრებს: დანიას, თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ჩეხეთს, რუმინეთს, სლოვაკეთს, ბელარუსს, ისრაელს, ავსტრიას, ფინეთს, პორტუგალიასდა მსოფლიოს არაერთ სხვა ქვეყანას. ოფიციალური სტატისტიკით, პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, მეორეზეა დიდი ბრიტანეთი, ხოლო მესამეზე ჩინეთის ოლიმპიური ნაკრებია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.