გენო პეტრიაშვილი რიო 2016-ზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილმა კანადელი კორი ჯარვისი მარტივად დაამარცხა (9:2) და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

გენო პეტრიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ამერიკის ოლიმპიური ნაკრების წევრს ტერველ დლაგნევს დაუპირისპირდება. რიო 2016-ის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, მესამე ადგილისთვის შეხვედრა თბილისის დროით 01:15 საათზე დაიწყება.

მეოთხედფინალში გენო პეტრიაშვილი ირანელ ნემათ ჩასემისთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა (4:4), თუმცა ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა და ქართველ სპორტსმენს მესამე ადგილისთვის ჭიდაობის შანსი მიეცა. პეტრიაშვილმა მერვედფინალში უკრაინელი ალენ ზასეევი დაამარცხა (11:6), ხოლო მანამდე ბულგარელ დიმიტარ კუმჩევს 10:0 მოუგო. ქართველი სპორტსმენი 125 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის 6  მედალი აქვს მოპოვებული – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი ბრინჯაოს მედალი საქართველოს ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა, ვერცხლის მედალი – კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალიმოიპოვა შმაგი ბოლქვაძემ.

საქართველოს პირველი ოქროს მედალი მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოუტანა, ხოლო კიდევ ერთმა ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მეორე ოქროს მედალი შემატა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.