ახალი ამბები

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია – მეორე ოქრო რიოში

20 აგვისტო, 2016 • 6992
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია – მეორე ოქრო რიოში

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია. რიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს 25 წლის გორელმა ფალავანმა მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაძაბულ ფინალში აზიის ჩემპიონი იაპონელი რეი ჰიგუჩი დაამარცხა და სპორტულ კარიერაში საუკეთესო შედეგს მიაღწია. ქართველ მოჭიდავეს, ოლიმპიადის გარდა, აქამდე ყველა დიდი ტურნირი ჰქონდა მოგებული. ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მან საქართველოს ვერცხლის მედალი მოუტანა, ხოლო დღეს უკვე ოქროს მედალოსანია.

 

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიო 2016-ის დაჯილდოების ცერემონიაზე

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 57 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს. რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ის მეორე წრიდან ჩაერთო. მერვედფინალში ქართველმა მოჭიდავემ ყაზახი ნურისლამ სანაევი დაამარცხა, მეოთხედფინალში ორგზის მსოფლიო ჩემპიონ აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს მოუგო, ხოლო ნახევარფინალში ბულგარელ ვლადიმირ დუბოვს სძლია.

ოლიმპიური ოქროსა და ვერცხლის გარდა, ქართველ ფალავანს არაერთი საერთაშორისო ტურნირი აქვს მოგებული. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ასევე არის ევროპის ორგზის და მსოფლიოს ერთგზის ჩემპიონი.

vladimer khinchegashvili 5, netgazeti vladimer khinchegashvili 6, netgazeti vladimer khinchegashvili, netgazeti

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. რიო 2016-ის ოფიციალური ვებ-გვერდის ფოტოები

საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე უკვე 6 მედალი აქვს მოპოვებული – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი ბრინჯაოს მედალი საქართველოს ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა, ვერცხლის მედალი – კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა შმაგი ბოლქვაძემ.

საქართველოს პირველი ოქროს მედალი მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოუტანა, ხოლო კიდევ ერთმა ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს დღეს კიდევ ერთი ოქროს მედალი შემატა.

რიო 2016-ის ოფიციალური სტატისტიკით, მოპოვებული მედლების რაოდენობით საქართველოს ნაკრები 30-ე ადგილს იკავებს. საქართველოს ოლიმპიური ნაკრები უსწრებს საბერძნეთს, შვეიცარიას, დანიას, შვედეთს, სომხეთს, ჩეხეთს, ავსტრიას და მსოფლიოს არაერთ სხვა ქვეყანას. პირველ ადგილზე მედლების რაოდენობით ამერიკის შეერთებული შტატებია, მეორეზეა დიდი ბრიტანეთი, ხოლო მესამეზე ჩინეთის ოლიმპიური ნაკრებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი