ახალი ამბები

შმაგი ბოლქვაძემ რიო 2016-ზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

17 აგვისტო, 2016 • 2970
შმაგი ბოლქვაძემ რიო 2016-ზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობაში შმაგი ბოლქვაძემ იაპონელი ტომოჰირო ინუესი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გადამწყვეტი შეხვედრის პირველი პერიოდი ქართველ და იაპონელ მოჭიდავეებს შორის უქულოდ დასრულდა, თუმცა მეორეში პერიოდში ბოლქვაძემ გადამწყვეტი ქულის მოპოვება მოახერხა და საქართველოს ნაკრებს მესამე მედალი მოუტანა.

შმაგი ბოლქვაძე, მოჭიდავე

22 წლის ქართველი მოჭიდავე 66 კგ. წონით კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი და წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორია. რიოს ოლიმპიადაზე ის მეორე წრიდან ჩაერთო. მერვედფინალში ქართველმა მოჭიდავემ ფინელ ტერო სეპო ვალიმაეკს მარტივად მოუგო. მეოთხედფინალში ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი, ირანელი ომიდ ნოროოზი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი სერბ სპორტსმენთან სუფთად დამარცხდა.

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ბოლო გამოსვლა იყო. შმაგი ბოლქვაძის გარდა, ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ბერძნულ–რომაული სტილით კატეგორიაში რევაზ ნადარეიშვილმა (98 კგ.) იჭიდავა, თუმცა ის პირველივე შეხვედრაში ბულგარელ მსოფლიოს ჩემპიონ ელის გურისთან დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის 3 მედალი აქვს მოპოვებული – ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო. ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო მედლის აღება. მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა მოუტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი