საზოგადოება

ნეტგაზეთის ტოპ 5 ვიდეო 2016 წელს

30 დეკემბერი, 2016 • 2231
ნეტგაზეთის ტოპ 5 ვიდეო 2016 წელს

გთავაზობთ ნეტგაზეთის რეპორტიორების მიერ გადაღებულ 2016 წლის ხუთ ყველაზე პოპულარულ ვიდეოს, რომელიც შევარჩიეთ ნახვების რაოდენობის მიხედვით და წარმოგიდგენთ ქრონოლოგიურად:

29 თებერვალი, თბილისი – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სკოლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებაზე მსჯელობენ, ლევან ვასაძე სიტყვით გამოვიდა. საგანი “მე და საზოგადოება” მაისში ეროვნულ სასწავლო გეგმებში შევიდა, ხოლო რამდენად ახლოს იყო რეალობასთან პრეტენზიები, რომელიც ვასაძეს და მის თანამოაზრეებს ჰქონდათ, იხილედ ამ ბმულზე. [71,770 ნახვა]

14 მარტი, თბილისი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე საპროტესტო აქციებისას უნივერსიტეტიდან გამოსულ მაშინდელ ლექტორს სტუდენტები შეძახილებით დახვდნენ: სტუდენტურ თვითმმართველობას ლადო პაპავას გადადგომა, ხოლო აუდიტორია N115-ს მისი რექტორად დარჩენა სურდა. საბოლოოდ, პაპავა რექტორის თანამდებობიდან გადადგა. [27,390 ნახვა]

27 სექტემბერი, თბილისი – სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ნაციონალისტურმა ჯგუფებმა აღმაშენებლის გამზირზე მსვლელობა გამართეს, სადაც ისმოდა შეძახილები: “ქართველები საქართველოსთვის”, ასევე აგინებდნენ რუსეთს, თურქეთსა და მათ მოქალაქეებს. ნაციონალისტებმა აღმაშენებლის გამზირზევე ქუჩაში არსებული თურქულენოვანი ბანერები ჩამოყარეს და ზედ გადაუარეს. პოლიციამ მსვლელობის რამდენიმე მონაწილე მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. [19,800 ნახვა]

9 მარტი, თბილისი – ნადია სავჩენკოს მხარდასაჭერად უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა, სადაც უკრაინის რადას წევრის გამოსახულებით ფრანები გაუშვეს, შემდეგ კი ყოფილი რუსეთის საელჩოს შენობაზე პროექტორით სლაიდშოუ უჩვენეს. ყოფილი უკრაინელი სამხედრო მფრინავი, რომელიც მოსკოვის ციხეში რუსეთის მოქალაქეების მკვლელობის ბრალდებით სასჯელს იხდიდა, უკრაინის მთავრობას მაისში გადასცეს. [18,460 ნახვა]

8 ოქტომბერი, გორი –  საპარლამენტო არჩევნების დღეს, გორის N22 უბანზე, ჯერ ამომრჩეველი არ იყო მისული, როცა ნამდვილი ბუ შეფრინდა. ნეტგაზეთის ვიდეომ არაერთი პოზიტიური გამოხმაურება დაიმსახურა. თავდაპირველად ფრინველის საარჩევნო უბნიდან გაყვანას ცდილობდნენ, შემდეგ კი ყუთში ჩასვეს. დამკვირვებელი ამბობდა, რომ უბანზე უცნობი პირი მივიდა, რომელსაც ბუს მოკვლა სურდა. [15.900 ნახვა]

მასალების გადაბეჭდვის წესი