გართობაკინოხელოვნება

9 ფილმი, რომელიც ახალ წელს უხდება

31 დეკემბერი, 2023 • 4706
9 ფილმი, რომელიც ახალ წელს უხდება

საახალწლოდ სანახავი ფილმების უამრავი სია არსებობს, შერჩევის მთავარი კრიტერიუმი კი ფილმებში ასახული ახალი წლის ღამე და შობაა ხოლმე. გადავწყვიტე, შემერჩია ფილმები, რომელთა ნაწილი არ აკმაყოფილებს ამ ორ კრიტერიუმს, არც შობა აღინიშნება მათში და არც ახალი წელი, თუმცა, ჩემი აზრით, ძალიან უხდება ორივე დღესასაწაულს:

სმირენსბურგი ყველაფრისგან მოწყვეტილი კუნძულია, სადაც მხოლოდ სიძულვილითა და ბოროტებით ცხოვრობენ ადამიანები. უდარდელ იესპერს გაბრაზებული მამა გამოსასწორებლად სწორედ ამ კუნძულზე გაგზავნის ფოსტალიონად. როგორ გაიცნობს იესპერი კლაუსს, ვინ არის კლაუსი, როგორ გაჩნდა და წარმოიშვა ყველა ამბავი ახალ წელს ყველასთვის სანატრელ თეთრწვერა ადამიანზე, ანიმაციიდან გაიგებთ. კლაუსი პირველია იმ ფილმებიდან, რომლებიც საახალწლოდ უნდა ნახოთ ოჯახთან და ბავშვებთან ერთად. როგორც კლაუსი იტყოდა, „ნამდვილი, უანგარო, კეთილი საქციელი ყოველთვის შობს ახალ კეთილ საქციელს“.

მართალია, ჯოდი ფოსტერის ფილმში მადლიერების დღე აღინიშნება და ოჯახიც სწორედ ამ დღესასწაულის გამო ერთიანდება, თუმცა „სახლში არადადეგებისთვის” ის ფილმია, რომელიც ნათ კინგ კოულის მუსიკით ნამდვილად შეგიქმნით საახალწლო განწყობას.

კლაუდიას, რომელიც დაშორდა შეყვარებულს, მისმა შვილმა კი არჩია, მადლიერების დღე მის ნაცვლად შეყვარებულთან ერთად გაეტარებინა, სხვა გზა არ დარჩა, არდადეგებზე ოჯახთან დაბრუნების გარდა, რაც არც ისე უმტკივნეულოდ ჩაივლის. თუმცა, როგორ დასრულდება დიდი ხნის უნახავ ადამიანებთან და მოგონებებთან დაბრუნება, ამას ვერ გეტყვით.

 

გილერმო  დელ ტოროს პინოქიოს ინტერპრეტაცია ბევრი მიზეზის გამოა განსაკუთრებული, ანიმაციაში ნახავთ სრულიად ახლებურად, დელ ტოროს ხელწერით შექმნილ პერსონაჟებს, სიუჟეტს, რომელიც სულ სხვა შრეებს აჩენს ყველასათვის კარგად ნაცნობ ამბავში.  შეხვდებით მუსოლინის იტალიაში მცხოვრებ პინოქიოს, მოხვდებით ჯადოსნურ სამყაროში, რომელიც სასტიკიც არის, მაგრამ დელ ტოროს პინოქიოც ხომ ყველაზე ნამდვილი და ცოცხალი პინოქიოა, რაც აქამდე გვინახავს — ცნობისმოყვარეობით, ინტერესითა და სიცოცხლით აღსავსე. ფილმში  ყველა იპოვის თავისთვის ძვირფას მოგონებას, ბავშვიც, მოზარდიც და ზრდასრულიც.

რის გამო შეიძლება ძალიან მარტივად დათმო უკვდავება და მოკვდავი გახდე? ამას პინოქიო გეტყვით.

საშობაოდ ევერითს თავისი საცოლე მიჰყავს მშობლების სახლში მათთვის გასაცნობად და შობის ოჯახთან ერთად გასატარებლად. მერიდიტი არც ისე სასიამოვნო სტუმარი აღმოჩნდება ოჯახის წევრებისთვის, თუმცა გზადაგზა მჟღავნდება პერსონაჟების პრობლემები და ტკივილები, რომლებიც საბოლოოდ ყველაფერს შეცვლის, როგორ და რა ფორმით, ამას საშობაო ფილმიდან გაიგებთ.

ლუიზა მეი ოლკოტის საკულტო წიგნის გრეტა გერვიგისეული ეკრანიზაცია დაგიტოვებთ გულწრფელ და თბილს ემოციებს. „პატარა გოგოებში“ შეკრებილი სამსახიობო გუნდი კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც უნდა ნახოთ ფილმი. ლორა დერნის და სირშა რონანის განსახიერებულ სახეებს დიდხანს ვერ დაივიწყებთ. თვალს მიადევნებთ პატარა გოგოების გავლილ გზას მოზარდობამდე, როგორ შეიცვლება მათი ღირებულებები, მიდგომები და უდარდელობა წლებთან ერთად, განაგრძობს თუ არა ჯო მწერლობას და შეძლებს თუ არა თავის დამკვიდრებას, როგორც ქალი მწერალი.  დასამახსოვრებელი საშობაო სცენით, იუმორითა და თვითირონიით, რომელიც სულ თან დაჰყვება ფილმს, „პატარა გოგოები” კარგი არჩევანია საახალწლო განწყობის შესაქმნელად.

„სინგი” ერთი შეხედვით ახალ წელთან სულ არ არის კავშირში, მაგრამ ყოველთვის გარანტიაა იმისა, რომ კარგ ხასაითზე დაგაყენებთ. ოჯახთან ერთად გახდები ძველი თეატრის გადარჩენისთვის მებრძოლი ბასტერ მუნისა და მისი მეგობრების გზის ნაწილი, რომელიც სავსეა თანაგძნობით, მეგობრობით, სიყვარულითა და არაჩვეულებრივი განწყობით. რაც მთავარია, ყველასთვის ნაცნობი ჰიტებით, რაც განსაკუთრებით დასამახსოვრებელს ხდის მომღერალ ცხოველებს, რომლებიც ანიმაციის ნახვის შემდეგ საყვარელ მეგობრებად გადაიქცევიან.

 

სტივენ სპილბერგის ბოლო ფილმი ავტობიოგრაფიული სურათია მხატვრული ელემენტებით, ოდა კინოს სიყვარულსა  და ზოგადად სიყვარულზე. აქ მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟები მაყურებლისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი, მიმზიდველნი და საყვარლები არიან. ერთობაა ის, რაც სიზმრისეულ ზღაპარში გითრევს, რომლისკენაც სპილბერგი მიგიძღვის. მალევე იჯერებ, რომ შენც შეგიძლია ამ ჯადოსნური ამბის ნაწილი იყო, ნაწილი სემის გზისა, რომელსაც არც იმედგაცრუება აკლია, არც იუმორი, არც სიყვარული და, რაც მთავარია, არც თვითირონია (!).

დაგლას სირკის ამბავი შეძლებული ქვრივი ქალისა და ახალგაზრდა მებაღის სიყვარულზე. საზოგადოებისთვის და შვილებისთვის მიუღებელი სიყვარული, რომელიც გზად ბევრ დაბრკოლებას აწყდება, სირკისეულ თხრობასთან და მუსიკასთან ერთად საახალწლოდ აუცილებლად სანახავი ფილმია, მით უფრო, რომ შევთანხმდით, ახალი წლის და შობის პირდაპირი ასახვა სულ არ არის აუცილებელი, რათა ფილმი საახალწლოდ იქცეს. ფილმის ბოლოს სცენა კი, თოვლით მოფენილი გარემოთი, საყვარელი ადამიანითა და ირმით ფანჯარაში – ახალ წელსაც წონის და შობასაც.

საახალწლოდ ალბათ სულ სხვანაირი შირლი მაკლეინის ნახვას ხართ მიჩვეული. ჩემი სია ვერაფრით დარჩებოდა მხიარული, თავქარიანი და სიყვარულით სავსე ჩერითის გარეშე, რომელიც ღამის ბარში მუშაობს და მუდამ გულწრფელად სწამს სიყვარულის, რომელშიც არასოდეს უმართლებს. თუმცა მის ცხოვრებაში ჩნდება ადამიანი, რომელიც სწორედ ის უნდა იყოს, ვისაც ჩერითი ამდენი ხანია ეძებს. აღმოჩნდება თუ არა ჩერითი მართალი, ამას ბობ ფოსის მიუზიკლიდან გაიგებთ, რომლის მუსიკით და ქორეოგრაფიით (!!!) მოგვრილი განწყობა ერთდოულად გაგახალისებთ და დაგასევდიანებთ

მასალების გადაბეჭდვის წესი