საზოგადოება

როდის და როგორ ვუთხრათ ბავშვს, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს?

30 დეკემბერი, 2023 •
როდის და როგორ ვუთხრათ ბავშვს, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს?

ახალი წლის ღამესთან დაკავშირებული რიტუალები და ტრადიციები განსაკუთრებით სახალისო და შთამბეჭდავი ბავშვებისთვისაა. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ისიცაა, რომ თითქმის ყველა ბავშვი ელის საჩუქრებს თოვლის ბაბუისგან. ზღაპრები და მითები თეთრწვერა, ღიპიანი მოხუცის შესახებ, რომელიც ირმებშებმული მარხილით გადაადგილდება, შუაღამეს ბუხრიდან ძვრება და ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრებს ტოვებს, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია გავრცელებული.

როდის იწყებენ ბავშვები ზღაპრების რეალობისგან გარჩევას? როდის და როგორ იგებენ, რომ თოვლის ბაბუა მხოლოდ პერსონაჟია და არა რეალური ადამიანი? რა ემოციებს იწვევს ეს მათში? როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ეს პროცესი მათთვის მაქსიმალურად უმტკივნეულო იყოს?

“ნეტგაზეთი” შეეცადა, ამ კითხვებზე პასუხები პროფესიონალებისგან და სანდო წყაროებიდან მიეღო.

აღმოჩნდა, რომ ბავშვებს თოვლის ბაბუასთან დაკავშირებით ეჭვები, დაახლოებით, 7-9 წლის ასაკში უჩნდებათ. ამ პერიოდში აკვირდებიან და ყურადღებას ამახვილებენ დეტალებზე, ცდილობენ ლოგიკური ახსნა მოუძებნონ იმას, რაც იქამდე უბრალოდ სჯეროდათ. ეს ბავშვის განვითარების ბუნებრივი ეტაპია. მათი ემოციები, მეტწილად, იმაზეა დამოკიდებული, როგორ ვუპასუხებთ კითხვებზე.

ბავშვთა ფსიქოლოგი და ქცევის ანალიტიკოსი გვანცა ჩვამანია გვიხსნის, რომ თოვლის ბაბუის შესახებ ბავშვების აღქმაზე სპეციალისტების აზრები იყოფა: ნაწილი მიიჩნევს, რომ ისინი არ უნდა მოვატყუოთ და არ მოვუყვეთ ზღაპრები წარმოსახვითი ადამიანის შესახებ. მეორე ნაწილის აზრით კი, სანამ ბავშვებს ბუნებრივად არ გაუჩნდებათ კითხვები, არა თუ არ უნდა ვუთხრათ სიმართლე, არამედ პირიქით, წავახალისოთ მათი ფანტაზია. გვანცა ჩვამანია მეორე კატეგორიას განეკუთვნება და განმარტავს, რატომ ფიქრობს ასე:

“ბავშვის განვითარების ეტაპი ისედაც გულისხმობს წარმოდგენებს ჯადოსნური სამყაროს არსებობის შესახებ. დაახლოებით 6-7 წლამდე ბავშვები ისედაც მიდრეკილი არიან, სჯეროდნენ წარმოსახვითი არსებების. ეს განვითარების ეტაპია და ამ ასაკს ვერ გადავახტებით. რატომ უნდა დავუნგრიოთ ეს წარმოდგენები უხეში ჩარევით?! მაგრამ თუ ბავშვი უკვე სვამს კითხვებს, ეს დასტურია, რომ გამოდის ზღაპრული სამყაროს რწმენებიდან და უფრო ლოგიკური აზროვნების ეტაპზე გადადის. მთავარია, დროულად ამოვიცნოთ ეს ეტაპი და არ შევეწინააღმდეგოთ. თუ მშობელი აქტიურად ეცდება გაუხანგრძლივოს შვილს ეს ეტაპი, ბავშვმა შესაძლოა, თავი იმედგაცრუებულად და დაღალატებულად იგრძნოს”, – ამბობს გვანცა ჩვამანია.

რეალობის გააზრებამ ბავშვებში სხვადასხვა ემოცია შეიძლება გამოიწვიოს. ჟურნალში, “განვითარების ფსიქოლოგია”, ბავშვებში თოვლის ბაბუასთან დაკავშირებული მითების შესახებ ჩატარებული რამდნენიმე კვლევაა გაანალიზებული. აღმოჩნდა, რომ რეალობის გააზრების შემდეგ ბავშვების ემოცია ისევე შეიძლება იყოს გაოცება, სევდა და იმედგაცრუება, როგორც შვება და ბედნიერება. ეს იმაზეა დამოკიდებული, რა ასაკში და როგორ გაიგებენ ისინი, რომ თოვლის ბაბუა, სინამდვილეში, არ არსებობს.

საუკეთესო შემთხვევაში, უნდა დაველოდოთ, როდის გაუჩნდება ეჭვები თავად ბავშვს – თუ ის სვამს კითხვებს, ე.ი. მზად არის შესაბამისი პასუხების მოსასმენადაც. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ბავშვების კითხვებს კითხვებითვე ვუპასუხოთ და ვეცადოთ, ლოგიკური მსჯელობით, თავად მივიდეს სწორ პასუხამდე. ასე ბავშვებში უფრო დადებითი რეაქციას გამოვიწვევთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეალობა მათ დაასევდიანებთ, ამ განცდას ის შვება გადაფარავს, რასაც მათ კითხვებზე ლოგიკური პასუხები მიღების შემდეგ იგრძნობენ. 

შემდეგია ეტაპია უკვე იმის ახსნა, თუ რატომ არ იცოდა ეს აქამდე. ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ამოვიდეთ იმ მიზნიდან, რისთვისაც შეიქმნა ზღაპრები და მითები როგორც უშუალოდ თოვლის ბაბუას შესახებ, ისე ზოგადად. 

გვანცა ჩვამანია – ბავშვთა ფსიქოლოგი, ქცევის ანალიტიკოსი

“გავიხსენოთ, ჩვეულებრივ, როგორია ზღაპრების სიუჟეტები: არსებობს სიკეთე, არსებობს ბოროტება. ყველა ზღაპარში სიკეთეს ჯობნის ბოროტებას. ამით ჩვენ გარკვეულწილად მორალურ პრინციპებსაც ვუყალიბებთ ბავშვებს. ვასწავლით, რომ კარგია სიკეთის კეთება, სხვების დახმარება და გახარება, თანასწორობა. უნდა ავუხსნათ, რომ მთავარი ეს ღირებულებებია და თოვლის ბაბუას მსგავსად, შეგვიძლია სიკეთე ჩვენ გავაკეთოთ. მაგალითად, დავაპუროთ ქუჩის ცხოველები, ვაჩუქოთ სათამაშო იმ ბავშვებს, ვისაც არ აქვს და ა.შ.”, – გვიხსნის გვანცა.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ რეალობის გააზრებამ ბავშვში უარყოფითი ემოციები გამოიწვია?

უარყოფითი ემოციები უფრო მეტადაა მოსალოდნელი მაშინ, თუ ისინი რეალობას 8-9 წლის ასაკის შემდეგ გააანალიზებენ. მძაფრი იმედგაცრუება შეიძლება გამოიწვიოს სიმართლის გაგებამ მოულოდნელად, უფრო პატარა ასაკშიც. ვთქვათ, იმ შემთხვევაში, თუ ამას სხვა ბავშვებისგან გაიგებენ. ასევე, შესაძლოა ბავშვმა დაინახოს ისეთი რამე, რითაც მიხვდება, რომ თოვლის ბაბუის როლს მშობელი, ან ოჯახის სხვა წევრი ასრულებს. ვთქვათ, თოვლის ბაბუის ფორმაში ამოიცნოს მისთვის ნაცნობი ადამიანი, დაინახოს, როგორ ფუთავს დედა, ან მამა საჩუქარს და ა.შ. იმედგაცრუებასთან ერთად, სიმართლის გაგებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრაზიც იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ცდილობდნენ მის მოტყუებას. ამ ყველაფერმა შესაძლოა, მშობლის მიმართ ნდობაც შეამციროს.

“ასეთ დროს ყველაზე კარგი გამოსავალია მშობელსა და შვილს შორის გულწრფელი საუბარი, ახსნა, რომ ეს არ იყო მიზანმიმართული ტყუილი. თუ საჭიროა, მშობელმა შეიძლება უთხრას – ვწუხვარ, რომ გული გეტკინა. შეიძლება ერთად ითამაშონ, ან დახატონ, წერილი დაწერონ და ასე დაემშვიდობონ თოვლის ბაბუას”, – გვიხსნის გვანცა ჩვამანია. 

მისი თქმით, კარგი არგუმენტი შეიძლება აღმოჩნდეს იმის თქმა, რომ ეს ოჯახური ტრადიციაა. მოვუყვეთ, რომ ბავშვობაში ჩვენც გვჯეროდა თოვლის ბაბუის, რომ ეს ტკბილ მოგონებად დაგვრჩა და ამიტომ, გვინდოდა ეს პერიოდი მათთვისაც სასიამოვნო ყოფილიყო.

აღსანიშნავია, რომ კვლევების მიხედვით, უარყოფითი ემოციები დიდხანს არ გრძელდება. იმ ადამიანთა დიდი ნაწილი, ვისთვისაც თოვლის ბაბუას შესახებ სიმართლის გაგება ტრავმული გამოცდილება იყო, ამბობენ, რომ სამომავლოდ, თავადაც წაახალისებენ თოვლის ბაბუას შესახებ ზღაპრულ ფანტაზიებს საკუთარ შვილებში.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ერთზე მეტი, სხვადასხვა ასაკის ბავშვია?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სჯობს ბავშვს კითხვები გაუჩნდეს და პასუხებამდეც თავად მივიდეს. უფრო მტკივნეულია, თუ სიმართლეს სხვა ადამიანისგან, უხეში ჩარევით გაიგებს. ეს “სხვა” შეიძლება უფრო და ან ძმა იყოს, რომელსაც უკვე გააზრებული აქვს, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს. 

გვანცა ჩვამანია განმარტავს, რომ სწორი კომუნიკაციით ამის თავიდან აცილებაც შეიძლება. უფრო მეტიც, ამ სიტუაციის გამოყენებით შეგვიძლია, უფროს ბავშვში წავახალისოთ თანაგრძნობის უნარი და ვასწავლოთ ზრუნვა.

“უფროს ბავშვს შეგვიძლია ვასწავლოთ, რომ სიმართლის დამალვა, ყოველთვის არ არის გამიზნული ტყუილი. თუ, რა თქმა უნდა, საიდუმლო საფრთხის შემცველი არაა. ავუხსნათ, რომ ამით კი არ ვატყუებთ მის დას ან ძმას, ვუხანგრძლივებთ მისთვის სასიამოვნო პროცესს. შეგვიძლია მაგალითებით მოვუყვანოთ. ვთქვათ, ვუთხრათ, რომ საჩუქარი, რომელიც ვაჩუქეთ, ბევრად ადრე გვქონდა ნაყიდი, მაგრამ ველოდებოდით დაბადების დღეს, რათა უფრო მეტად გახარებოდა. ამით, ბავშვს ვასწავლით ემპათიას, მოვლენების სხვისი პოზიციიდან დანახვას”, – ამბობს გვანცა ჩვამანია.

ფსიქოლოგი განმარტავს, რომ როგორც ამ საკითხთან დაკავშირებით, ისე ზოგადად, მთავარი რჩევა ბავშვებთან აქტიური და ხარისხიანი კომუნიკაციაა. მშობლისა და შვილის ურთიერთობა მხოლოდ ყოფითი საჭიროებების დაკმაყოფილებით არ უნდა შემოიფარგლოს. 

“მშობლობა არის პროცესი, რომელშიც მუდმივად უნდა ვიყოთ  ჩართულები. ყოველდღიურად უნდა გვქონდეს ხარისხიანი კომუნიკაცია და ინფორმაციის აქტიური გაცვა-გამოცვლა. ეს შეიძლება იყოს თამაში, ან უბრალოდ დიალოგი. ასეთ შემთხვევაში, ასაკთან თუ კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებული სირთულე მარტივად გადაილახება”, – ამბობს ფსიქოლოგი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი