საზოგადოება

პროფესიები პროფესიულ სასწავლებლებში

23 იანვარი, 2012 • 5919
პროფესიები პროფესიულ სასწავლებლებში

რა პროფესიების შესწავლას სთავაზობს პროფესიული კოლეჯები მოქალაქეებს?

აგრარული სექტორი, ინჟინერია, ინფორმაციული ტექნოლოგიები, მედიცინა, მომსახურება, მშენებლობა, სამთო მოპოვება, ტრანსპორტი და ტრანსპორტის მომსახურება, ტურიზმი და სასტუმრო-სარესტორნო მომსახურება, ფინანსები, ხელოვნებ.–ეს ის სფეროები, რომელთაც საქართველოს მასშტაბით არსებული 20 პროფესიული კოლეჯი მსურველებს სთავაზობს.

თითოეული ეს სფერო კი, თავის მხრივ, რამდენიმე პროფესიას მოიცავს.

მაგალითად, აგრარული სექტორი 20– მდე პროფესიას მოიცავს–ტექნიკის მექანიკოსი, დეგუსტატორი (ღვინის (სომელიე), ჩაის და ა.შ), ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი, ზოოტექნიკოსი, მებოსტნე, მევენახე, მელიორატორი (აგრომელიორატორი, ჰიდრომელიატორი და ა.შ.), მემცენარე, მეტყევე (ტყისმჭრელი, ტაქსატორი), მეფუტკრე, მეღვინე, მეხილე, მცენარეების დამამზადებელი (სამკურნალო, არომატული), რძის გადამმუშავებელი, საკვებმწარმოებელი,სანერგე მეურნეობის სპეციალისტი, სასოფლო-სამეურნეო საშუალებების ტექნიკოსი, სასურსათო პროდუქტების წარმოების სპეციალისტი, ტრაქტორისტ-მემანქანე, ყველის მწარმოებელი, ხილ-ბოსტნეულის პირველადი გადამამუშავებელი.

რას შეისწავლიან კოლეჯში?

ოფიციალური დოკუმენტაციით, თუ, მაგალითად, სტუდენტი მეფუტკრის პროფესიას ეუფლება, კოლეჯის დამთავრების შემდეგ მან იცის “ფუტკრის ოჯახის ბიოლოგია, ფუტკრის ოჯახთან მუშაობის წესები, ფუტკრის ოჯახის მომზადება, მთაბარობა; თაფლის გამოსაწურის, მისი კონდიცირებისა და ჩამოსასხმელი ოთახის, ფიჭის შესანახის, სახელოსნოს მოწყობა, სკისა და ინვენტარის გასუფთავება, დეზინფექცია; შეუძლია აწარმოოს სელექცია, გადარჩეული ოჯახების შეფასება ელემენტარული მემკვიდრული ხარისხით არა მარტო ფენოტიპით, არამედ მოდგმის ნუსხებით პროდუქტიულობის გათვალისწინებით. შეუძლია დედა ფუტკრის გამოყვანა ჭიების გადატანით, სადედე ჯამებიან ჩარჩოზე ერთდღიანი ჭიის გადატანა და აღმზრდელი ოჯახისთვის მიცემა დედის გამოსაყვანად. მეფუტკრე ფლობს ფუტკრის რძის ფიზიკურ თვისებებს-ქიმიურ შედგენილობას, ბიოლოგიურ აქტივობას; ასევე, აქვს ფუტკრის რძის მიღების სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა.”

ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

საქართველოს ყველა ქალაქში, ოფიციალური მონაცემით, მოთხოვნა სხვადასხვა პროფესიაზეა. მაგალითად, თბილისში ძირითადად ინტერნეტ–ტექნოლოგიების, მშენებლობისა და ტურიზმის პროფესიებს ირჩევენ. იგივე სტატისტიკაა– ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში. თუმცა განსხვავებული მოთხოვნაა, მაგალითად, მესტიასა და ამბროლაურში, სადაც პოპულარობით ტურიზმი, ხალხური რეწვა და სამკურნალო მედიცინა სარგებლობს.

პოპულარულ პროფესიებს შორის სოფლის მეურნეობაც არის, რომელზეც მოთხოვნა, ძირითადად, ქუთაისში, ოზურგეთში, რუსთავსა და ახალციხეშია.

„ჩვენ პერიოდულად ვატარებთ შრომის ბაზრის კვლევებს. გამოკითხული  იქნა ქ. ბათუმში არსებული სამშენებლო კომპანიები. კვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო ერთი წლის მანძილზე ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები აღმოჩნდა: ელექტრიკოსის, კალატოზის, მეფილე – მომპირკეთებლის, შემდუღებლის, მღებავის, ელექტრომემონტაჟის, მეყალიბისა და მეარმატურის სპეციალობები. შესაბამისად, კოლეჯმა მიღება გამოაცხადა ელექტრიკოსის, კალატოზისა და მეფილე – მომპირკეთებელის სპეციალობებზე,“–ამბობს ბათუმის პროფესიული კოლეჯის “ბლექსის” ხელმძღვანელი, გიორგი გოგიტიძე.

კოლეჯმა კვლევა ტურიზმის სექტორშიც ჩაატარა, რომლის შედეგად გამოვლინდა პროფესიები, რომლებზეც დამსაქმებლებს ყველაზე მეტად უჭირთ თანამშრომლების აყვანა. ეს პროფესიებია: მიმტანი, მზარეული, სასტუმრო და სარესტორნო საქმის მწარმოებელი, ბარმენი.

„შრომის ბაზრის მოთხოვნები ყოველთვის არ ემთხვევა ჩვენი ახალაგაზრდების მოთხოვნებს. არსებობს დეფიციტური პროფესიები, მაგ: მეჩარხე, რომლის კადრების დეფიციტს განიცდის შრომის ბაზარი, მაგრამ ამ თაობას არ სურს ამ პროფესიის დაუფლება, მისი ნაკლებ პრესტიჟულობის გამო,“–ამბობს ბათუმის პროფესიული სასწავლებლის ხელმძღვანელი.

შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლას სახელმწიფო აფინანსებს.

დანარჩენი სპეციალობები (ბუღალტერი, ოფისის მენეჯერი, კბილის ტექნიკოსი და მიმღები რეცეფციონისტი) ფასიანია და კურისის გადასახადი 500 ლარიდან 810 ლარამდე მერყეობს.

პროფესიულ კოლეჯებში სწავლა უფასოა სოციალურად დაუცველთათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი