საზოგადოებასამართალი

როგორ შეუძლია სტრასბურგის სასამართლოს რ2-ის საქმის შემოტრიალება

7 მარტი, 2017 • 6737
როგორ შეუძლია სტრასბურგის სასამართლოს რ2-ის საქმის შემოტრიალება

რა ძალა აქვს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, არის თუ არა ის სავალდებულოდ შესასრულებული საქართველოსთვის და რა გავლენის მოხდენა შეუძლია რ2-ისთვის საქართველოში უკვე დასრულებული სამართლებრივი დავის შედეგზე?

[blue_box]სტრასბურგის სასამართლო და საქართველო[/blue_box]

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას საქართველომ ხელი 1999 წელს მოაწერა, როცა ევროპის საბჭოში გაწევრიანდა. ეს გადაწყვეტილება პარლამენტის მხრიდან რატიფიცირების შემდეგ ძალაში იმავე წელს შევიდა.  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არის საერთაშორისო სასამართლო, რომელიც შეიქმნა 1959 წელს. 1998 წლიდან იგი უკვე სრულ განაკვეთზე მომუშავე სასამართლოა, სადაც ადამიანის უფლებათა კონვენციაზე დაყრდნობით ფიზიკურ პირებს პირდაპირი მიმართვის უფლება აქვთ.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო © EPA/PATRICK SEEGER

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო © EPA/PATRICK SEEGER

კონვენციის 46-ე მუხლში ვკითხულობთ: “მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ საქმეზე, რომლის მხარეებიც ისინი არიან”.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი თამარ აბაზაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ზემოხსენებული ჩანაწერის მიხედვით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოდ შესასრულებელია საქართველოსთვისაც.

კონვენციის 46-ე მუხლი ასევე ამბობს, რომ სტრასბურგის “სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას”. თამარ აბაზაძის განმარტებით, მოქმედი პრაქტიკის მიხედვით განისაზღვრება ვადა რა დროშიც ხელმომწერმა ქვეყანამ მიღებული გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს (მხარისთვის კომპენსაციის დაკისრების შემთხვევაში თანხის ოდენობა), ხოლო ურჩი ქვეყნების წინააღმდეგ მინისტრთა კომიტეტი იყენებს პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის ელემენტებს იმისათვის, რომ მხარემ მასზე დაკისრებული ვალდებულება არ უგულვებელყოს. მისი თქმით, ზეწოლის უკანასკნელი საფეხური ქვეყნის ევროსაბჭოდან გარიცხვაა, რომელიც ისტორიაში ჯერ არც ერთი წევრი ქვეყნის წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ. ამ მიმართულებით ყველაზე ურჩ ქვეყნად რუსეთი ითვლება, რომელსაც ევროსაბჭო თავისი რიგებიდან არ რიცხავს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო. საიას იურისტი ამ ფაქტს ევროსაბჭოს ტაქტიკით ხსნის, რომელსაც ურჩევნია, რომ ქვეყანა ახლოს ჰყავდეს და ისე ახორციელებდეს მასზე ზეწოლას, ვიდრე გარიცხოს, რაც  ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიის კუთხით ამ ქვეყანაში ვითარებას ვერ გამოასწორებს. თუმცა საქართველოსაგან განსხვავებით, რუსეთს არ აქვს დეკლარირებული ევროპული მიზნები და ინტეგრაციის ამოცანები. მისი თქმით, იმ ქვეყნითვის, რომელსაც ევროპულ ოჯახში გაერთიანება სურს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება პოლიტიკური თვალსაზრისითი.

[red_box]რ2-ის საქმე[/red_box]

სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის უფლება პირს მას შემდეგ წარმოეშვება, რაც ის დავას ეროვნულ დონეზე ქვეყნის საერთო სასამართლოების ყველა ინსტიტუციაში დაასრულებს. რ2-ის ამჟამინდელ მფლობელებს ჯერ სტრასბურგისთვის სრულყოფილი  საჩივრით არ მიუმართავთ, თუმცა მანამ, სანამ ამას გააკეთებდნენ სასამართლოს სთხოვეს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება იქამდე, ვიდრე სტრასბურგი მათ სამომავლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა. ამ ეტაპზე სასამართლომ ეს თხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა, თუმცა გამორიცხული არ არის ეს შეზღუდვა 8 მარტის შემდეგაც გაგრძელდეს, რადგან ხვალ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეები განიხილავენ მხარეების, საქართველოსა და რ2-ის მფლობლების არგუმენტებს და მიიღებენ გადაწყვეტილებას სახელმწიფოს მისცენ ქიბარ ხალვაშისთვის რ2-ის წილების რეგისტრირების უფლება თუ ეს პროცესი შეაჩერონ.

ამავდროულად, სასამართლოს გადაწყვეტილებით რ2-ის მფლობელებმა 31 მარტამდე სტრასბურგის სასამართლოს უნდა წარუდგინონ სრულყოფილი საჩივარი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ითხოვენ ისინი და რა მტკიცებულებები გააჩნიათ. ამ საჩივარს სტრასბურგში განიხილავენ იმისდა მიუხედავად, თუ რას გადაწყვეტენ 8 მარტს აღსრულების შეჩერების თაობაზე. ამავდროულად ცნობილი გახდა, რომ რ2-ის მფლობელები VS საქართველო დავაში მესამე მხარედ ჩართვას ქიბარ ხალვაშიც ითხოვს იმ მოტივით, რომ ამ დავამ შესაძლოა გავლენა მის ქონებაზე მოახდინოს.

აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება, სასამართლომ რ2-ის სამომავლო საქმეს მიანიჭა პრიორიტეტი, რაც თამარ აბაზაძის განმარტებით იმას ნიშნავს, რომ მას სხვა საქმეებთან შედარებით სწრაფად განიხილავენ:

“მიუხედავად პრიორიტეტის მინიჭებისა, ეს დავა შესაძლებელია მაინც გაგრძელდეს [მაქსიმუმ] 18 თვე. კონკრეტული დაწესებული ვადები ევროსასამართლოს არ გააჩნია, თუმცა მის გაიდლაინებში წერია, რომ პრიორიტეტული საქმის განხილვაც შესაძლებელია, რომ 18 თვის განმავლობაში გაგრძელდეს. თუმცა არის შემთხვევები, როცა პრიორიტეტულ საქმეებზე უფრო ნაკლებ დროშიც მიუღიათ გადაწყვეტილება მაგალითად 6 თვეში”, – ამბობს თამარ აბაზაძე.

თამთა მურადაშვილს, რ2-ის იურისტს ვკითხეთ, კონვენციის რომელ მუხლებზე გააკეთებენ აქცენტს, და რას მოითხოვენ, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს მთავარი საჩივრით მიმართავენ. იურისტი ამბობს, რომ მათ ზოგადი მიზანი აქვთ, რ2-ის საქმეზე საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული “უკანონო გადაწყვეტილების” გაჩერება და მის წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა უშუალოდ რა სახის სასარჩელო მოთხოვნებს დააყენებენ სტრასბურგის მოსამართლეების წინაშე, ჯერ ვერ იტყვიან:

“ვიცით ჩვენი რა უფლებები დაირღვა ამ [სამართლებრივი] პროცესის განმავლობაში: ყოველთვის ვაპელირებდით იმაზე, რომ ირღვეოდა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ასევე ვამბობდით, რომ ეს შეფუთული იყო საკუთრების დავად, მაგრამ რეალურად სიტყვისა თავისუფლებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული პროცესი იყო. ამის საბუთია [მოსამართლე ურთმელიძის მხრიდან] დროებითი მმართველების დანიშვნა”, – ამბობს თამთა მურადაშვილი, რომელსაც ვკითხეთ, გამომდინარე იქიდან, რომ დროებით მმართველებზე ურთმელიძის გადაწყვეტილება შემდეგ საქართველოს სასამართლო სისტემაშივე გაუქმდა, ეს როგორ გამოდგება მათ არგუმენტად სტრასბურგში?

“გაუქმდა, მაგრამ ჩვენ ხომ შეგვიძლია ამის გამოყენება მტკიცებულებად? ეს ხომ ფაქტია. ფაქტის კონსტანტაციას გავაკეთებთ მხოლოდ [იმის საჩვენებლად] თუ რა იყო სასამართლოს განზრახვა.

[სასარჩელო მოთხოვნებზე] ჩვენ ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული. ვიცით, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება წაგვერთვა: უკანონოდ არ აიცილეს მოსამართლეებმა, გაგვაძევეს პროცესებიდან… ჩვენ ეს ყველაფერი უნდა აღვწეროთ. პლიუს [ვიმუშაოთ] სიტყვის თავისუფლების მიმართლებით. არსებითი სარჩელის მომზადება ძალიან რთულია სამუშაო პროცესია. როცა პასუხს გავიგებთ [8 მარტის სხდომიდან] ამის შემდეგ დავიწყებთ მზადებას. დიდი დრო სჭირდება”, – გვითხრა თამთა მურადაშვილმა.

თამარ აბაზაძე ვარაუდობს, რომ რ2 სტრასბურგში მინიმუმ კონვენციის სამი მუხლის შესაძლო დარღვევაზე გააკეთებს აქცენტს: სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება (კონვენციის მუხლი 6), გამოხატვის თავისუფლება (მუხლი 10) და საკუთრების უფლება (პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი). საიას იურისტი ასევე ვარაუდობს, რომ მხარემ შესაძლოა დისკრიმინაციის (მუხლი 14) დარღვევაზეც იდაოს, არგუმენტაციით, რომ მას განსხვავებული პოლიტიკური (ამ შემთხვევაში სარედაქციო პოლიტიკა) იდაოს.

რაც შეეხება შესაძლო შედეგებს, თამარ აბაზაძის თქმით, თუ რ2 საკუთრების უფლების მუხლზე იდავებს და მოიგებს, ამის შემდეგ სასამართლო განსაზღვრავს სიტუაციის გამოსწორების გზას, რომელიც შესაძლოა იყოს ორი: 1. სტატუს-კვოს აღდგენა (ანუ ქონების დაბრუნება); 2. იმ შემთხვევაში თუ რიგი მიზეზების გამო სტატუს-კვოს აღდგენა ვერ ხერხდება, სახელმწიფოს შესაძლოა დაეკისროს შესაბამისი კომპენსაციის გადახდა.

იურისტის განმარტებით, თუ რ2 კონვენციის იმ მუხლზე იდავებს, რომელიც სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას (მუხლი 6) ნიშნავს და მოიგებს, ეს სავარაუდოდ გახდება ეროვნულ დონეზე ანუ საქართველოში საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის თანახმად, “თუ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს”, ეს ახლადაღმოჩენილ გარემოებად ითვლება საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

თამარ აბაზაძის თქმით, კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის დადგენა არ ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სწორია, ან არასწორი, რადგან სტრასბურგის სასამართლო ამ მუხლთან დაკავშირებით საქმის შინაარსში არ შედის, ის მხოლოდ მსჯელობს იმაზე სასამართლო განხილვის ეტაპზე ჰქონდა თუ არა ადგილი არსებით დარღვევებს მხარის საწინააღმდეგოდ, რაც ეჭვქვეშ აყენებს საბოლოო შედეგს და უნდა მოხდეს ამის გამოსწორება საქმის ხელახალი წარმოების გზით.

მისივე თქმით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის შესაბამისად ახლადაღმოჩენილ გარემოებად შესაძლოა არამხოლოდ კონვენციის მე-6, არამედ სხვა მუხლის დარღვევის დადგენაც გახდეს, თუმცა წინასწარ ამაზე საუბარი რთულია, რადგან უცნობია რა სახის ფორმულირებას და მსჯელობას განავითარებს სასამართლო თუ ის კონვენციის სხვა მუხლის, მაგალითად გამოხატვის თავისუფლების დარღვევას დაინახავს:

“ჩვენ, ანუ საიას გვქონდა საქმე პრაქტიკაში, როდესაც კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა (რომელიც პირადი ცხოვრების პატივისცემას ეხება) დაადგინა ევროულმა სასამართლომ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით ხელში ჩვენ წავედით ეროვნულ დონეზე და საქმის წარმოების განახლება მოვითხოვეთ და ამას მივაღწიეთ იმიტომ, რომ [კონვენციის] მე-8 მუხლის დარღვევა პირდაპირ კვაშირში იყო საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან ანუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი. ამიტომ, ამანაც მოგვცა საშუალება და საფუძველი, რომ მიუხედავად [მე-6 მუხლის დაურღვევლობისა] თავიდან განგვეახლებინა საქმის წარმოება”, – ამბობს თამარ აბაზაძე.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო © EPA/PATRICK SEEGER

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო © EPA/PATRICK SEEGER

მასალების გადაბეჭდვის წესი