ახალი ამბები

რა წერია ქიბარ ხალვაშის 2014 წლის ჩვენებაში რ2-სა და დვალი-აქიმიძეზე

8 დეკემბერი, 2021 • 1300
რა წერია ქიბარ ხალვაშის 2014 წლის ჩვენებაში რ2-სა და დვალი-აქიმიძეზე

რუსთავი 2-ის დამფუძნებლების ადვოკატი ასაჯაროებს არხის ახლანდელი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის 2014 წლის ჩვენებას, რომლითაც, ადვოკატის თანახმად, დასტურდება, რომ ხალვაში ტელეკომპანიის კეთილსინდისიერი შემძენი არ ყოფილა.

8 დეკემბერს, 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულია სხდომა, სადაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს.

დავა მიმდინარეობს დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს,  და ახლანდელ მფლობელ, ქიბარ ხალვაშს შორის. დვალი და აქიმიძე ხალვაშისგან რ2-ის წილის 60%-ის დაბრუნებას ითხოვენ.

ხალვაშმა “რუსთავი 2” 2019 წელს დაიბრუნა, მას შემდეგ, რაც ამ საქმეზე გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ გამოაცხადა.

აქიმიძისა და დვალის დავა კი ეხება იმ პერიოდს, რომელიც წინ უსწრებდა მოვლენებს, რასთან დაკავშირებითაც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება.

ჩვენება, რომელსაც ადვოკატი კახა კოჟორიძე აქვეყნებს, 2014 წლის 5 მარტით თარიღდება.

რა წერია ჩვენებაში?

ქიბარ ხალვაში ორსაათ-ნახევრიანი ჩვენების განმავლობაში რამდენიმე გარემოებასა და დეტალს ჰყვება, რაც საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ეხება.

„ნეტგაზეთის“ შეჯამებით, ჩვენებიდან (ხალვაშის ვერსიიდან) რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი ასეთია:

  • ხალვაშს, რომელსაც „ხელისუფლების გარკვეულ წევრებთან [მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილთან] ახლომეგობრული ურთიერთობა“ ჰქონდა, 2004 წლის ივნისში დაუკავშირდა ირაკლი ოქრუაშვილი და „რუსთავი 2-ის“ წილების 60%-ის შეძენა შესთავაზა;
  • პირადად ხალვაშს დვალთან და აქიმიძესთან არანაირი შეხება არ ჰქონდა და წილების გასხვისების პირობებზე მოლაპარაკებებს მათთან არ აწარმოებდა; მოლაპარაკებებს, მისი თქმით, ოქრუაშვილის თანახმად, „ხელისუფლების წარმომადგენლები აწარმოებდნენ“;
  • მოქალაქეს, სახელად პაატა კარსანიძეს, – რომელსაც მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში ჰქონდა არხის 60%-იანი წილი, – ხალვაში არ იცნობდა და ის იყო შუალედური რგოლი დვალი-აქიმიძესა და მას შორის;
  • ხალვაშმა ოქრუაშვილს გადასცა 1.2 მლნ აშშ დოლარი, რაც ამ უკანასკნელს არხის დამფუძნებლებისთვის უნდა გადაეცა;
  • მოგვიანებით ხალვაშს ზურაბ ადეიშვილთან, ირაკლი ოქრუაშვილთან და ვანო მერაბიშვილთან შეხვედრაზე ეუბნებიან, რომ რ2-ის სრული ღირებულება 7 მლნ აშშ დოლარია და თუ სურს, რომ სრულფასოვანი მესაკუთრე გახდეს, დარჩენილი თანხაც უნდა გადაიხადოს, რასაც ხალვაში თანხმდება;
  • იმის გამო, რომ თანხა ერთბაშად არ ჰქონდა, ხალვაში მათთან შეთანხმდა, რომ ყოველთვიურად გადაიხდიდა 200 000 აშშ დოლარს. ამ თანხას იგი პირადად, მოწმეების გარეშე გადასცემდა ხოლმე ვანო მერაბიშვილს შსს-ში;
  • რ2-ის 10%-იანი წილის მფლობელ ნიკა ტაბატაძეს, რომელმაც ეს წილი ხალვაშის სასარგებლოდ დათმო დირექტორად დანიშვნისას, ხალვაშმა გადასცა 100 000 აშშ დოლარი ხელზე და ავტომანქანა;
  • საერთო ჯამში, ხალვაშის ჩვენებით, მან 4 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა.

„არაკეთილსინდისიერი შემძენი“ – ადვოკატი

დვალი-აქიმიძის ადვოკატი, კახა კოჟორიძე ხაზს უსვამს გარემოებას, რომ „ბევრ საინტერესო ფაქტთან ერთად, ჩვენებაში წერია, რომ ხალვაშმა 2004 წელს რ2 შეიძინა აქიმიძე-დვალისგან, ხოლო თანხა გადაუხადა ოქრუაშვილსა და მერაბიშვილს (შსს მინისტრებს)“.

„ქიბარ ხალვაშის მხარე სასამართლოზეც იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ არაფერი უცნაური აქ არ წერია და ხალვაში კეთილსინდისიერი შემძენია. დღეს მსოფლიოში არ არსებობს სამართლებრივი სისტემა, რომელიც ამ ჩვენების დამწერს კეთილსინდისიერ შემძენად ჩათვლის“, – აცხადებს ადვოკატი.

მისი განცხადებით, ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ არხის წილების 60% დამფუძნებლებს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს უნდა დაუბრუნოს.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ქიბარ ხალვაშს ამ ამბავზე კომენტარის მისაღებად. პასუხს მიღების შემთხვევაში ამავე სტატიაში შემოგთავაზებთ.

ჩვენების ბოლოს, ხალვაში ამბობს: „წილების გაფორმების დროს არ გაჟღერებულა, რომ ისინი წილს თმობდნენ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ“ და ეს ინფორმაცია მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი.


გაიგეთ დავის დეტალები:

მასალების გადაბეჭდვის წესი