სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მოქმედ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს რჩება.
არხის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე წილების 60%-ის დაბრუნებას ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
დვალი და აქიმიძე აცხადებენ, რომ მოსამართლემ თვალი დახუჭა საქმის არაერთ გარემოებაზე, მათ შორის ქიბარ ხალვაშის 2014 წლით დათარიღებულ ჩვენებაზე.
„ქიბარ ხალვაში – კეთილსინდისიერი შემძენი“
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე 8 დეკემბერს გამოაცხადა მოსამართლე გოჩა დიდავამ.
დიდავამ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. ამასთან:
- გააუქმა 2020 წლის 29 იანვრის ყადაღა, რომელიც ედო ტელეკომპანიაში ქიბარ ხალვაშის კუთვნილ 60%-ს.
- გააუქმა 2021 წლის 14 მაისს გაცემული სარჩელით უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც რ2-ს აეკრძალა მის სახელზე არსებული უძრავი ქონების გასხვისება.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას თქმით, თუკი დვალი-აქიმიძე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რ2-ის წილებზე ყადაღა და ტელეკომპანიის ქონების გასხვისების აკრძალვა მანამდე დარჩება ძალაში, სანამ საქმის განხილვა არ დასრულდება.
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დვალისა და აქიმიძის ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ მოსამართლეს ჰკითხა არგუმენტაცია, რის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება:
„საქმეში არსებული მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ დასტურდება, რომ ქიბარ ხალვაში წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ შემძენს“, – უპასუხა მოსამართლე დიდავამ.
ადვოკატმა კახა კოჟორიძემ მოსამართლეს დააზუსტებინა, ამბობდა თუ არა იგი, რომ ქიბარ ხალვაში არის კეთილსინდისიერი შემძენი, რაზეც მოსამართლემ უპასუხა: „დიახ“. სასამართლო სხდომა ამით დასრულდა.
მოსამართლის თქმით, გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარეებისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში.
ადვოკატი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
რა წერია ხალვაშის ჩვენებაში
სასამართლომდე რამდენიმე საათით ადრე, დვალისა და აქიმიძის ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ გაავრცელა ქიბარ ხალვაშის 2014 წლის ჩვენება, რომლითაც, ადვოკატის თანახმად, დასტურდება, რომ ხალვაში ტელეკომპანიის კეთილსინდისიერი შემძენი არ ყოფილა.
ჩვენება 2014 წლის 5 მარტით თარიღდება და მასში ხალვაში რამდენიმე გარემოებასა და დეტალს ჰყვება, რაც საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ეხება. მაგალითად:
- ხალვაშს, რომელსაც „ხელისუფლების გარკვეულ წევრებთან [მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილთან] ახლომეგობრული ურთიერთობა“ ჰქონდა, 2004 წლის ივნისში დაუკავშირდა ირაკლი ოქრუაშვილი და „რუსთავი 2-ის“ წილების 60%-ის შეძენა შესთავაზა;
- პირადად ხალვაშს დვალთან და აქიმიძესთან არანაირი შეხება არ ჰქონდა და წილების გასხვისების პირობებზე მოლაპარაკებებს მათთან არ აწარმოებდა; მოლაპარაკებებს, მისი თქმით, ოქრუაშვილის თანახმად, „ხელისუფლების წარმომადგენლები აწარმოებდნენ“;
- მოქალაქეს, სახელად პაატა კარსანიძეს, – რომელსაც მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში ჰქონდა არხის 60%-იანი წილი, – ხალვაში არ იცნობდა და ის იყო შუალედური რგოლი დვალი-აქიმიძესა და მას შორის;
- ხალვაშმა ოქრუაშვილს გადასცა 1.2 მლნ აშშ დოლარი, რაც ამ უკანასკნელს არხის დამფუძნებლებისთვის უნდა გადაეცა;
- მოგვიანებით ხალვაშს ზურაბ ადეიშვილთან, ირაკლი ოქრუაშვილთან და ვანო მერაბიშვილთან შეხვედრაზე ეუბნებიან, რომ რ2-ის სრული ღირებულება 7 მლნ აშშ დოლარია და თუ სურს, რომ სრულფასოვანი მესაკუთრე გახდეს, დარჩენილი თანხაც უნდა გადაიხადოს, რასაც ხალვაში თანხმდება;
- იმის გამო, რომ თანხა ერთბაშად არ ჰქონდა, ხალვაში მათთან შეთანხმდა, რომ ყოველთვიურად გადაიხდიდა 200 000 აშშ დოლარს. ამ თანხას იგი პირადად, მოწმეების გარეშე გადასცემდა ხოლმე ვანო მერაბიშვილს შსს-ში;
- რ2-ის 10%-იანი წილის მფლობელ ნიკა ტაბატაძეს, რომელმაც ეს წილი ხალვაშის სასარგებლოდ დათმო დირექტორად დანიშვნისას, ხალვაშმა გადასცა 100 000 აშშ დოლარი ხელზე და ავტომანქანა;
- საერთო ჯამში, ხალვაშის ჩვენებით, მან 4 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა.
პაატა სალიას განმარტება
ქიბარ ხალვაშის ადვოკატს, პაატა სალიას, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, შეიძლება თუ არა, ხალვაში კეთილსინდისიერ მყიდველად ჩაითვალოს იმ ფონზე, როდესაც, როგორც იგი ჩვენებაშიც ამბობდა, თანხას ვანო მერაბიშვილს უხდიდა და არა დამფუძნებლებს.
პაატა სალია აცხადებს, რომ როგორც ხალვაშიც ამბობს, ჯამში, მას გადახდილი აქვს $4 მლნ, რაც მოიცავდა როგორც აქიმიძის და დვალისთვის გადახდილ 600-600 ათას დოლარს, ასევე:
„იყო ეროსი კიწმარიშვილის წილი, რომელსაც მიღებული ჰქონდა თანხა [მთავრობის წარმომადგენლებისგან] და ქიბარ ხალვაშს უნდა აენაზღაურებინა ეს თანხა“. დამაზუსტებელ კითხვაზე სალიამ განაცხადა:
„მერაბიშვილს იმიტომ უხდიდა [ხალვაში თანხას ყოველთვიურად], რომ ეროსი კიწმარიშვილის წილის ღირებულება იყო გადახდილი მათ მიერ, როგორც მას უთხრეს, და ითხოვდნენ მისგან ამ თანხას“.
ამასთან, სალიამ „ნეტგაზეთის“ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ „ქიბარ ხალვაშმა აქიმიძეს და დვალს ჰკითხა, რამე პრობლემა ან რამე პრეტენზია მასთან ხომ არ აქვთ, და როდესაც ქიბარ ხალვაშმა გადაუხადა მათ თანხა, ასევე, ცალკე გააფორმა უშუალოდ მათთან ხელშეკრულება და გაათავისუფლა ისინი კომპანიის თავდებობისგან, მაშინ არანაირი პრეტენზია ხალვაშის მიმართ არ ჰქონიათ“.
თუმცა დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ამბობენ, რომ ხალვაში ცრუობს და ამ ეპიზოდს სხვანაირად იხსენებენ:
„ცოტა სხვანაირად იყო. ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რატომაც დავთანხმდით გაყიდვას, იმ ყველაფრის [ადევნების, დაშინების, ზეწოლის] შემდეგ, იყო ის, რომ „რუსთავი 2-ის“ კრედიტები უნდა გადაებარებინა ვიღაცას, რათა ჩვენთვის მეორე კომპანიაც, „ჯორჯია ონლაინი“ არ წაერთმიათ. ამის შემდეგ, ჩვენ რომ მივედით ნოტარიუსთან, გვითხრეს, რომ ვიღაცა ადამიანი დაგხვდებათ იქ, რომელიც ვალებს გადაიბარებსო. მივედით ნოტარიუსთან და დაგვხვდა იქ ქიბარ ხალვაში. ხალვაშმა გვითხრა, ბიჭებო, მეც ისეთივე შარში ვარ გახვეული, როგორშიც თქვენ, არაფერ შუაში არ ვარ, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მითხრეს, რომ ეს უნდა გააკეთო და ვაკეთებ, მე გადავიბარებ, მე ვიქნები გარანტორი, რომ თქვენ ეს ვალები ჩამოგეწერებათო“, – ამბობს ჯარჯი აქიმიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში.
„მან მოაწერა ხელი ამაზე. ეს იყო. ჩვენ ისიც არ ვიცოდით, რომ ხალვაშმა გადაიფორმა „რუსთავი 2“. გვითხრა, ერთმანეთი კარგად რომ გავიცნოთ, კარგად რომ გამიცნოთ, რომ უწესო კაცი არა ვარო, წავიდეთ, დავსხდეთ, ღვინო დავლიოთო… მოაწერა თვითონაც, ჩვენც მოვუწერეთ ხელი, იმის მერე ხალვაში დიდხანს არ გვინახავს. და მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ხალვაშმა შეიძინა ტელეკომპანია“, – იხსენებს ჯარჯი აქიმიძე.
„ნეტგაზეთმა“ პაატა სალიას ჰკითხა, იმ პირობებში, როდესაც, როგორც ქიბარ ხალვაში ჩვენებაშიც მიუთითებს, პაატა კარსანიძესაც არ იცნობდა, ხოლო ფორმალურად ჯერ კარსანიძეზე გადაფორმდა წილები, შემდეგ კი, იმავე დღეს მისგან იყიდა ხალვაშმა წილები, სალიამ განაცხადა:
„კარსანიძის ცნობა-არცნობას მნიშვნელობა არა აქვს. ის [ქიბარ ხალვაში] ყიდულობდა აქიმიძე-დვალისგან და კარსანიძეზე უბრალოდ ერთი დღით მოხდა გაფორმება, ვინაიდან ვერ ახერხებდა ჩამოსვლას, და მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა უთხრა, რომ კარსანიძესთან შეიძლებოდა გაფორმება“.
„წინასწარ გამოტანილი გადაწყვეტილება“
დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი, კახა კოჟორიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში მოკლედ ჩამოთვლის იმ გარემოებებს, რის გამოც არ შეიძლება ხალვაში კეთილსინდისიერ მყიდველად ჩაითვალოს:
„ხალვაში არ შეხვედრია აქიმიძე-დვალს, არ უწარმოებია მოლაპარაკებები, არ შეუფასებიაკომპანია რუსთავი 2, არ ყოფილა კომპანიაში; თანხა, საფასური, რაც მათთვის უნდა მიეცა, მისცა ივანე მერაბიშვილს და ეს უწერია ჩვენებაში“.
„რანაირად შეიძლება, რომელიმე შემძენი შეიძლება ჩაითვალოს კეთილსინდისიერად, თუკი ნასყიდობის ფასს ის აძლევს არა გამყიდველს, არამედ შინაგან საქმეთა მინისტრს?“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ კახა კოჟორიძემ.
„ეს არის მართლმსაჯულების ღერძის დანგრევა. არცერთ სამარლებრივ სისტემაში მსგავსი ტიპის შემძენი არ შეიძლება კეთილსინდისიერ შემძენად ჩაითვალოს“, – ამბობს ადვოკატი.
მისი თქმით, მოსამართლეს 2 წლის განმავლობაში, საქმის განხილვებისას, „არცერთი კითხვა არ დაუსვამს არც მოსარჩელე თუ მოპასუხე მხარისთვის არცერთ საკითხზე. ცხადი იყო, რომ მას წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილება გამოტანილი თავის გონებაში“.
კოჟორიძემ იმედი გამოთქვა, რომ ადრე თუ გვიან, ამ საქმეზე დადგება სამართლიანი გადაწყვეტილება.
ვრცლად ამ დავაზე: