ეკონომიკაკომენტარი

ცუცქირიძე: დოლარში აღებული სესხების ლარში გადაყვანა ერთ–ერთი ფორმაა რესტრუქტურიზაციის

30 ნოემბერი, 2016 • 4086
ცუცქირიძე: დოლარში აღებული სესხების ლარში გადაყვანა ერთ–ერთი ფორმაა რესტრუქტურიზაციის

საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორი, გიორგი ცუცქირიძე ამბობს, რომ დოლარში აღებული სესხების ლარში გადაყვანა რესტრუქტურიზაციის ერთ–ერთი ფორმაა. მისი თქმით, ყველა ცდილობს თავისუფლად ყოფნას, თუმცა შეზღუდვები კონკრეტული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე წესდება.

გიორგი ცუცქირიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ვრცლად მიმოიხილა ე.წ. ლარიზაციისა და დედოლარიზაციის გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა.

“ხშირად ეკონომიკის სიტუაციას ვუყურებთ მხოლოდ ჩვენი თვალთახედვიდან. ნაკლებად ვხედავთ უფრო ფართო სურათს, თუ რა ხდება რეგიონში და როგორია ტენდენციები. მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევის პროგნოზები არ არის სახარბიელო. შედეგები აჩვენებს, რომ კრიზისი, რომელიც დაიწყო გლობალურ ბაზრებზე 2007 წელს და გაგრძელდა პერმანენტულად, მათ შორის 2014 წელს, დღეს არ არის გადავლილი და ეკონომიკა საკმაოდ დაბალი ტემპებით იზრდება როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ისე ევროპის ქვეყნებში. საშუალო ზრდა, რაც არის გამოცხადებული 2%–ზე მეტი, ყველგან შენელებულია. პრინციპში საშუალო მაჩვენებელი არც არის მაგდენი და 1,7 პროცენტია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 1%–ზე დაბალიც კი არის, ხოლო ზოგ ქვეყანაში საერთოდ უარყოფითია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ავცდებით იმ საგარეო ზეგავლენებს, რომელიც ეხება საქართველოს ეკონომიკას. ვსაუბრობ ძირითადად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებაში,” – აცხადებს ცუცქირიძე.

როგორც გიორგი ცუცქირიძე ამბობს, დღეს ორი ამოცანა დგას საქართველოს ეკონომიკის წინაშე. მისი თქმით, თუ გვინდა ეკონომიკის ზრდა ქვეყანაში, არ უნდა შევკუმშოთ ფულის მასა და სტიმული მივცეთ მის მოძრაობას:

“როცა ჩვენ ვსაუბრობთ ლარის კურსის გაუფასურებაზე, ერთი რამეს უნდა შევხედოთ: ეს არის ძირითადად ამერიკულ დოლართან მიმართებაში. თუ ეფექტურ გაცვლით კურსს შევხედავთ ბოლო პერიოდში, ანუ სხვა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტის კურსთან მიმართებაში, ვნახავთ, რომ ლარის კურსი, გაუფასურების ნაცვლად, პრაქტიკულად, არის დადებით ნიშნულზე. პრაქტიკულად ყველა ვალუტა უფასურდება, რომელიც არის ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, ორი ამოცანა დგას ეკონომიკისთვის: თუ ლარი არის მყარი პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან მიმართებით, ამ შემთვევაში ხდება ექსპორტის შემცირება და პირიქით, მყარი ლარი ხელს უწყობს იმპორტს. იმპორტი აისახება სავალუტო კურსზე და უკან უბრუნდება ქვეყნის ეკონომიკას. ერთი მხრივ, ჩვენ შეგვიძლია შევკუმშოთ ფულის მასა მნიშვნელოვნად და ამით შეიძლება ლარი გავამყაროთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ეკონომიკას მნიშვნელოვნად შევანელებთ. ისედაც არ არის მაღალი ეკონომიკის ზრდა და რა ნიშნულზეც ახლა ვართ (2,6), შეიძლება ნულამდეც დაჯდეს. დროებიითი გამყარებით და ფულის მასით შეკუმშვით შეიძლება მივიღოთ გაზრდილი ფასი სესხებზე, ხოლო, მეორე მხრივ, შენელებული ეკონომიკა, რაც სამუშო ადგილებს შეამცირებს. მეორე ვარიანტი არის ის, რომ თუ გვინდა ეკონომიკის ზრდა და უფრო მეტი ფულის მასა ქვეყანაში, კი არ უნდა შევკუმშოთ, პირიქით – უნდა გავზარდოთ. ეკონომიკას უნდა მიაწოდო მეტი ფული. სტიმული უნდა მისცე ამ ფულის მასის მოძრაობას.”

გიორგი ცუცქირიძე დადებითად აფასებს მთავრობის ე.წ. ლარიზაციის პირველ ნაწილს, რომელიც ერთჯერად სოციალურ აქციას ეხება.

“მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება, რომლის პირველი ნაწილი (სოციალური აქცია) ნიშნავს იმას, რომ ადამიანები, ვისაც სესხი აღებული ჰქონდათ დოლარში, ძალიან დიდი ნაწილი, დაახლოებით 400 მილიონზეა ლაპარაკი და საუბარია მაღალ იპოთეკურ სესხებზე – იღებდა დოლარში. აქედან გამომდინარე, საკმაოდ სერიოზულ ტვირთად აწვება მათ დოლარის კურსის ცვლილება. ამიტომ ეს სოციალური აქცია, რომელიც მთავრობის მიერ გაცხადდა და რომელიც მოუხსნის ამ ადამიანებს ტვირთს, ვთვლი, რომ კარგია. ნორმალურია იმიტომ, რომ მთავრობას, განსხვავებით კერძო სტრუქტურებისგან, მეტი პასუხისმგებლობა აკისრია. თუ ეს ტვირთი მოიხსნება ეკონომიკისთვისაც, კარგი იქნება,” – ამბობს ცუცქირიძე.

როგორც გიორგი ცუცქირიძე ამბობს, ბევრ ქვეყანაში ჩარეულა მთავრობა სესხების განულებაში და აღნიშნავს, რომ დოლარში აღებული სესხების ლარში გადაყვანა რესტრუქტურიზაციის ერთ–ერთი ფორმაა:

“გაცხადდა, რომ გარკევული სუბსიდირება მოხდება. ბევრ ქვეყანაში ჩარეულა მთვრობა სესხების განულებაშიც კი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად გალარება დოლარში აღებული სესხების ერთ–ერთი ფორმაა რესტრუქტურიზაციის; ბანკები ისედაც მიმართავდნენ ამას, მაგრამ არა მაღალი ინტენსივობით. როდესაც მსესხებლები ვეღარ ახდენდნენ ან აღარ სურდათ ამ ვალუტაში სესხი, გადაყავდათ. ორი ტვირთი მოეხსნათ მათ ამ შემთხვევაში: როცა მოხდება ამ სესხების გადაყვანა, საკომისიოს ნაწილი, სუბსიდირებაზე რომ ვსაუბრობთ, არის ეს და მეორე იქნება კურსის ნაწილი – აღებულია ის მაჩვენებელი, რომლის დროსაც მოხდა შესაბამისად უფრო მაღალი გაუფასურება. 2015 წელი იმიტომაა აღებული, რომ იმ პერიოდში ლარის მაჩვენებელი იყო 2,30.”

საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ასევე საუბრობს დედოლარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე და მიიჩნევს, რომ საქართველოში ბოლო წლების მანძილზე ეკონომიკა იზრდებოდა, თუმცა უარყოფითად იზრდებოდა სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელიც.

“ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ბოლო წლების მანძილზე ჩვენი ეკონომიკა იზრდებოდა. არა მარტო ეკონომიკის მაჩვენებელი, არამედ სავაჭრო მაჩვენებელიც და, სამწუხაროდ, იზრდებოდა უარყოფითი სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელიც. ჯამურად  კი იზრდებოდა სავაჭრო ბრუნვა, მაგრამ სალდო იყო უარყოფითი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი დოლარი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის. იმპორტი იზრდებოდა უფრო სწრაფად, ვიდრე ექსპორტი. ეს იყო ძალიან სერიოზული პრობლემა. როცა საუბარია ექსპორტზე და მის ხელშეწყობაზე, რა თქმა უნდა, ეს კარგია. თუმცა მთავარი სირთულე არის ის, რომ ქვეყანაში სერიოზულად დგას ახალი საექსპორტო ჯგუფების შექმნის პრობლემა. ჩვენ ხშირად გვაქვს საუბარი ღვინის გაყიდვების გაზრდაზე, მაგრამ გაგვიგია, რომ ახალი მიმართულება შეიქმნა? ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა დოლარიზაცია, ზოგადად, დეპოზიტებზე მაღალი დოლარის მაჩვენებლის, რაზეც ხშირად აქცენტირება ხდება, არამედ მთლიანი ეკონომიკა არის დოლარიზებული,” – ამბობს ცუცქირიძე.

მისი თქმით, ყოველწლიურად წარმოქმნილი ვალი არის ძალიან დიდი ტვირთი, რომელიც სერიოზულად მოქმედებს სავალუტო კურსზე და ეკონომიკის განვითარებაზე:

“მართალია, სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის ფონზე არ არის ძალიან მაღალი, სამაგიეროდ, ჯამური ვალი, რაც მოქმედებს დოლარის კურსზე (იგულისხმება კერძო სტრუქტურების ვალი და არა მხოლოდ ბანკების დაახლოებით), არის 15 მილიარდი. ვალი, რომელიც ყოველწლიურად წარმოიქმნება ეკონომიკაში, არის ძალიან დიდი ტვირთი, რომელიც სერიოზულად მოქმედებს სავალუტო კურსზეც და, ზოგადად, ეკონომიკის განვითარებაზე. ერთ-ერთი ამოცანა ეკონომიკა ზრდისთვის არის არა მხოლოდ ის, რომ დოლარიზაცია კიდევ გავზარდოთ, არამედ არის ის, რომ დაბალანსდეს ქართული პროდუქციის ხვედრითი წილი მთლიან სავაჭრო ბრუნვაში. როცა ლაპარაკია სესხების ლარში გადაყვანაზე, ძირითადად საუბარია ფიზიკურ პირებზე, რომლებიც იღებენ იპოთეკურ სესხებს დოლარში, რომ გადავიყვანოთ დღევანდელი კურსით: 100 ათასი ლარი დაახლოებით 40 ათასი დოლარია. საუბარია, რომ არ შეიძლება, ყველანაირი სესხი (განვადება, ავტოსესხი თუ იპოთეკური სესხი) დოლარში გადიოდეს. თუმცა, ჩემი აზრით, ეს არ არის საკმარისი.”

გიორგი ცუცქირიძე ასევე საუბრობს ე.წ. ფასწარმოქმნის შესახებ ფუფუნების საგნებზე, რომელსაც არანაკლებ სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს:

“მაგალითად: ბინები, ავტომობილები და სხვა ძვირადღირებული საქონელი. ეს ყველაფერი იყო დოლარში, ამიტომ ქვეყანას თუ უნდა ე.წ. ლარიზაციის სერიოზული მიღწევა, ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი. უნდა გადავიდეთ რეინდუსტრიალიზაციის სტრატეგიაზე, რაც ნიშნავს უფრო მაღალი ტემპით არა მხოლოდ ეკონომიკის ზრდას, არამედ ეკონომიკის სექტორალური გადაიარაღების განხორციელებას. თუ გვინდა ამის გაკეთება, პირველი ეტაპზე უნდა შევამციროთ იმპორტდამოკიდებულება. გამოვუშვათ ჩვენი პროდუქცია, რომელიც, ერთი მხრივ, ჩაანაცვლებს იმპორტული საქონლის ნაწილს და, მეორე მხრივ, გაიტანს ამას ექსპორტზე. მარტო აგროსექტორში 1.4 მილიარდი სალდო გვაქვს უარყოფითი. ანუ წელიწადში 1.4 მილიარდი გადის ქვეყნიდან. საკმაოდ დიდი უარყოფითი სალდოა. რეალურად, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ფული გადის გარეთ და აფინანსებს სხვა ქვეყნების ბიუჯეტებს და სხვაგან ქმნის დასაქმებას. აქედან გამომდინარე, თუ გვინდა სწრაფი ეკონომიკური ზრდა, უნდა გავზარდოთ იმპორტი; უნდა დავიწყოთ ეკონომიკის სტრუქტურული რეფორმა. სხვათა შორის, მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაში ერთ–ერთი მიმართულება ესეც არის, რომ მოხდეს ადგილობრივი წარმოების სტიმულირება.”

მთავრობა დოლარიზაციის შემცირების მიზნით 2017 წლის იანვრიდან მცირე ზომის სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემას გეგმავს. ჯერჯერობით ცნობილი არაა, ეს აკრძალვა მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხებათ, თუ ბიზნესსესხებსაც. კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა ბანკებთან კონსულტაცია და რა პოზიცია აქვთ მათ, ჰქონდათ თუ არა კონსულტაცია მთავრობასთან და როგორ შეხვდებიან ამ გადაწყვეტილებას და იმოქმედებს თუ არა ეს გრძელვადიან პერსპექტივაში, ლარის გასამყარებლად ეს უარყოფითად იმოქმდებს თუ არა,  ცუცქირიძე პასუხობს:

“როცა ვსაუბრობთ, რომ ბანკებს აქვთ ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში, ბუნებრივია, ბანკისთვის უმჯობესია, რაშიც აქვს პასივი, ის გადაიყვანოს აქტივში, იმავე ვალუტაში – ანუ სესხი გასცეს დოლარში. ეს ერთი საკითხი. ახლა უყურეთ, რა ხდება: ბანკები სესხებს გასცემენ ლარშიც, მაგრამ ეს სესხები ძირითადად 99% არის სამომხმარებლო. დოლარში სესხები ძირითადად გაცემულია ბიზნესსექტორზე. საშუალო მაჩვენებლით იმიტომ არის მაღალი დოლარიზაციის მაჩვენებელი, თორემ სამომხმარებლო სესხები, განვადების ჩათვლით, პრაქტიკულად, ლარშია გაცემული. როგორ ხდება ეს? დეპოზიტები, რომელიც არის პასივების ნაწილში, ლარი არის მოკლევადიანი. პრობლემა იმაშია, რომ სალარე დეპოზიტები, ვალდებულებები, რომელსაც ბანკი იღებს, არის მოკლევადიანი. შესაბამისად, ბანკი ცდილობს ხოლმე, რომ ეს ვალდებულება აქციოს მოკლევადიან სალარე აქტივად. მეორე, ბანკმა რომ მოიზიდოს უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები და იზიდავს კიდევაც, როგორც გრძელ, ასევე მოკლევადიანსაც, სტრუქტურაც რომ ვნახოთ ბანკების დავალიანებების უცხოურ ვალუტაში, არის დაახლოებით 45% მოკლევადიანი და 55% გრძელვადიანი. ბანკები მოკლევადიანს არ იზიდავენ და მოკლევადიანებზეა აქცენტი.”

გიორგი ცუცქირიძემ ასევე ისაუბრა ეროვნული ბანკის ხელთ არსებული მექანიზმებზე და იმაზე, თუ რა ბერკეტები არსებობს ლარის გაუფასურებასთან საბრძოლველად.

“ეროვნულ ბანკს აქვს დადგენილი და ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტი. გასაგებად რომ ვთქვა, ნულოვანი რისკის მაჩვენებელია პოზიცია, როცა ვალდებულებებში იმდენი დოლარი გაქვს, რამდენიც აქტივებში – ასე არ წარმოგექმნება არანაირი რისკი კურსის აწევის ან დაწევის შემდეგ. როგორც ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს შემოსავალი ლარში, თუ ის სესხს აიღებს ამავე ვალუტაში, არ წარმოექმნება სავალუტო კურსის რისკი, იგივეა ბანკის პოზიციაც. თუმცა, ეს პოზიცია რას ნიშნავს? როცა ბანკმა, რომელსაც აქვს პასივები უცხოურ ვალუტაში, რომ გადაიყვანოს სესხები ლარში, მას შეიძლება დაერღვეს ღია სავალუტო პოზიცია – წონასწორობა დაირღვეს რისკის. არსებობს ნორმატივი, რომელიც ზღუდავს ამ რისკების აღებას და დაახლოებით არის კაპიტალის 20%–მდე. როცა ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება, მთავარი პრობლემა საბანკო სექტორისთვის დგას, როგორ მოხდება ღია სავალუტო ლიმიტის დაბალანსება, თუ ბანკები დაიწყებენ ამ სესხების გადალარებას. ეროვნულ ბანკმაც გააკეთა განცხადება, რომ ბანკებს ღია სავალუტო პოზიციაზე პრობლემა არ შეექმნებათ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ თვითონ ბანკმაც რომ მოინდომოს ყველა სესხის ლარში გადაყვანა, სულ რომ არ ყოფილიყო მთავრობის გადაწყვეტილება, პირველ რიგში სწორად ღია სავალუტო ლიმიტის პრობლემა დაუდგებოდა,” – ამბობს ცუცქირიძე.

მისი თქმით, როდესაც მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს, ბუნებრივია, ეს კარგიც არის და შემადგენელი ნაწილია ამის, ბანკებისთვის მხარდაჭერა ღია სავალუტო ლიმიტის პოზიციის დაცვაზე:

“ახლა როგორ აისახება ეს პროცენტში: ბუნებრივია, თქვენ რომ ვალდებულება გქონდეთ უცხოურ ვალუტაში და შემდეგ ეს ფული გააპროცენტოთ, ეცდებით, თუ დოლარში გასცემთ, უფრო დაბალ პროცენტი იქნება, ხოლო თუ ლარში გასცემთ – უფრო მაღალი. მაგრამ აქ დგება საკითხი, სად უნდა იშოვონ ბანკებმა ლარი? დოლარზე დაისვა კითხვა, მე კი დავსვამ ლარზე. ჩემი აზრით, ეროვნული ბანკი შესთავაზებს ბანკებს ლარის რესურსებს ზუსტად რეფინანსირების სესხებთან არსებულ პროცენტში. ეს ელემენტი არ გააძვირებს და პირდაპირ არ მოახდენს ზეგავლენას პროცენტზე, რადგან რეფინანსირების ითვლება ყველაზე დაბალ ნიშნულად, რომლითაც სესხი გაიცემა ქვეყანაში.”

კითხვაზე, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ამ პროცესებმა, საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი პასუხობს:

“თუ ლარზე გაიზრდება მოთხოვნა, ბუნებრივია, პროცენტიც გაიზრდება, მაგრამ წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: გაიზარდა ლარზე მოთხოვნა, ბანკებმა აწიეს პროცენტი დეპოზიტებზე. ბუნებრივია, თუ დეპოზიტების პროცენტი აიწევა, უფრო მეტი ლარი შევა მეორე მიმართლებით. ანუ არსებული სტატუსკვო, რომელიც არის მაღალი დოლარიზაციის, გადაიხრება ლარებისკენ. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, შეიძლება სესხებზე გარკვეულ მომენტში პროცენტმა მოიმატოს. თუმცა მოთხოვნა–მიწოდების პრინციპიც ამას ნიშნავს ეკონომიკაში: როცა მოთხოვნა იზრდება, მიწოდებაც შესაბამისად იზრდება და შემდეგ ბალანსდება. ანუ რაღაც გარკვეულ მომენტში შეიძლება ამან გამოიწვიოს პროცენტების ზრდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ: რადგან რეფინანსირების სესხებზე იქნება მიბმული ლარის რესურსი, ეს არ მოახდენს პირდაპირ ზეგავლენას საპროცენტო განაკვეთზე.”

კითხვაზე, თუ რამდენად კარგია ეს, გიორგი ცუცქირიძე პასუხობს, რომ არავის აწყობს შეზღუდვა და ყველა ცდილობს თავისუფალ სივრცეში ყოფნას, თუმცა ნებისმიერი შეზღუდვა წესდება კონკრეტული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე.

“ყველა ადამიანი ცდილობს, რომ იყოს ამ შეზღუდვების გარეშე და გაცილებით თავისუფალ სივრცეში. თუმცა, ეკონომიკამ შეიძლება მოიტანოს ისეთი სიტუაცია, რომ გაწყობს თუ არ გაწყობს, ამაზე კი არ დადგეს საკითხი. საკითხი უნდა დადგეს იმაზე, თუ სხვა რა პროცესები შეიძლება განვითარდეს. მაგალითად, თუ ამოვიღებდით ფულის მასას, ეს გააძვირებდა ფულს, გააძვირებდა პროცენტს და ამას შეიძლება გამოეწვია ნეგატიური პროცესები. თუ გაგრძელდებოდა ვალუტის გაუფასურება თავისუფალ ცურვაში, ეს ვადაგადაცილებულ სესხებზე აისახებოდა, ალბათ, უფრო ნეგატივში. შესაბამისად, პრობლემური სესხები თუ გაიზრდებოდა, საბანკო სექტორისთვის ხომ ისევე ცუდი შედეგი იქნება. ამიტომ სიტუაცია, რომელიც შეიძლება იყოს შეზღუდული, ჩვენ ასე უნდა შევთანხმდეთ: რა მექანიზმებია ისეთი, რომელიც საბანკო სექტორს ამ შეზღუდვის ნეგატიურ ეფექტს გაუნეიტრალებს და მე გარკვეულწილად ვისაუბრე ამ ფაქტორებზე,” – ამბობს ცუცქირიძე.

გიორგი ცუცქირიძე, საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. ფოტო: გიორგი დიასამიძე / ნეტგაზეთი

გიორგი ცუცქირიძე, საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. ფოტო: გიორგი დიასამიძე / ნეტგაზეთი

საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეროვნულ ბანკთან ერთად, მთავრობამ შეიმუშავა ე.წ. ლარიზაციის გეგმა, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი გრძელვადიანი და მოკლევადიანი ნაბიჯები.

“ლარის გრძელვადიანი რესურსის ხელმისაწვდომობა არის რეფორმის ქვაკუთხედი. ამავე გეგმის მიხედვით, როგორც ერთჯერადი სოციალური აქცია, მოხდება 2015 წლის პირველ იანვარმდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა არსებული კურსის –20 პუნქტის ოდენობით, ერთ კლიენტზე ერთ ბანკში 100 ათას ლარამდე ნარჩენი თანხის სუბსიდია გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში. მაგალითად, თუ კურსია 2,50 , მოხდება ლარში კონვერტაცია კურსით 2.30. ამ სესხებზე გაუქმდება წინასწარ დაფარვის საკომისიოც,” – განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილის განცხადებით, ბანკები ვალდებულნი იქნებიან, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში შეტყობინება გაუგზავნონ ყველა კლიენტს, ვისაც ეს სიახლე პოტენციურად შეეხება.

ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების ლარში გადატანა მთავრობას 65 მილიონი ლარი დაუჯდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი