სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი რუსულ ბანაკში? – რაზე შეთანხმდნენ ალიევი და პუტინი

24 თებერვალი, 2022 • 3954
აზერბაიჯანი რუსულ ბანაკში? – რაზე შეთანხმდნენ ალიევი და პუტინი

მოკავშირეობისა და თანამშრომლობის დეკლარაცია, რომელსაც რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა ხელი 22 თებერვალს მოაწერეს, 43 პუნქტისგან შედგება.

დეკლარაცია შეიცავს პუნქტებს სოციალური-ეკონომიკური, კულტურული, უსაფრთხოების, კასპიის ზღვის სტატუსის, ენერგეტიკული და სხვა საკითხების შესახებ.

ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, თუ რას გულისხმობს ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს შორის გაფორმებული დოკუმენტი, რა გავლენა ექნება ამ შეთანხმებას ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, რატომ გაფორმდა ის ახლა და რას უნდა ველოდოთ მომავალში.

ვიზიტი მოსკოვში 

შეთანხმებას ხელი მოეწერა რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების 30-ე წლისთავზე.

აზერბაიჯანელი ლიდერი, ილჰამ ალიევი დოკუმენტზე ხელმოწერისათვის უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობების განსაკუთრებული დაძაბვის ფონზე ჩავიდა, თუმცა უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ ილჰამ ალიევი ერთ-ერთი პირველი უცხოელი ლიდერი იყო, რომელიც კიევს ესტუმრა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის შესახებ განცხადება გააკეთა.

ალიევის ვიზიტს წინ უძღოდა მოსკოვის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებაც [უკრაინაზე შეტევა ჯერ დაწყებული არ ჰქონდა.]

ალიევი და პუტინი შეხვედრისას/ ფოტო: კრემლი

პუტინმა ალიევთან შეხვედრა მთიანი ყარაბაღის შესახებ საუბრით დაიწყო. მისი განცხადებით, ჯერ კიდევ არსებობს გადაუწყვეტელი საკითხები, რომლის შესახებაც მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

მისი განცხადებით, რუსეთი დაინტერესებულია არა მხოლოდ უსაფრთხოებით, არამედ, ასევე, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობებით, როგორც თვითონ გაუსვა ხაზი, ამით აზერბაიჯანის ყველა მეზობელია დაინტერესებული.

მისასალმებელ სიტყვაში პუტინი ალიევს უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებაც ესაუბრა. მისი თქმით, რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში აღმოცენებული ახალი სახელმწიფოების მიმართ ყოველთვის ფრთხილ პოზიციას ირჩევდა და ცდილობდა ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებისთვის დაეჭირა მხარი, თუმცა უკრაინაში, „სახელმწიფო გადატრიალების“ შემდეგ (სავარაუდოდ, იგულისხმება „ევრომაიდანის“ მოვლენები და ხელისუფლების ცვლილება) მსგავსი ურთიერთობის ხარისხს ვერ ხედავს.

საკუთარ სიტყვაში ალიევმაც გაუსვა ხაზი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.

მისი განცხადებით, რუსეთი არის მთავარი პარტნიორი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის საქმეში.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანში რუსული ენის სწავლებასაც.

„აზერბაიჯანში დაახლოებით 340 სკოლაა რუსული ენის მიმართულებით, სადაც 140 000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. აზერბაიჯანის კიდევ 15 000-ზე მეტი მოქალაქე რუსული ენის ფაკულტეტებზე სწავლობს აზერბაიჯანის უნივერსიტეტებში.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზისი ჩვენი ურთიერთობებისთვის და სამომავლო კავშირებისთვის, რადგან რუსული ენა ყოველთვის აერთიანებდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს და, რა თქმა უნდა, მისი ცოდნის გარეშე, ძალიან ძნელი იქნება მომავალი თაობებისთვის კავშირების დამყარება. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი“, – განაცხადა ალიევმა.

დეკლარაცია – ძირითადი დებულებები

შეთანხმებული საგარეო პოლიტიკა 

დეკლარაციის პირველი პუნქტით მხარეები თანხმდებიან, რომ ისინი აღიარებენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ურღვევობას.

მხარეები აღიარებენ ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების დაცვას. ასევე, დეკლარაციის თანახმად, ორივე მხარე წარმართავს საკუთარ საგარეო პოლიტიკას დამოუკიდებლად, საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, თუმცა მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რაც მიმართულია რომელიმე მათგანის წინააღმდეგ, ან, შესაძლოა, აზიანებდეს თანამშრომლობასა და პარტნიორობას.

დოკუმენტის მე-7 პუნქტში ნათქვამია, რომ მხარეები „თავს იკავებენ ნებისმიერი მოქმედებისგან, რომელიც, ერთ-ერთი მხარის აზრით, აზიანებს ორი სახელმწიფოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამოკავშირეო ურთიერთობებს“.

ხოლო მე-17 პუნქტის თანახმად, მხარეებმა ასევე თავი უნდა შეიკავონ ერთმანეთის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედებისგან, მათ შორის მესამე სახელმწიფოების მეშვეობით განხორციელებული ქმედებისგან.

ასევე, შეთანხმების მე-12 პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ განავითარებენ ორმხრივ სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას, რომელიც შეესაბამება ეროვნულ ინტერესებს და არა არის მიმართული მესამე მხარის წინააღმდეგ.

აზერბაიჯანი და რუსეთი თანხმდებიან საერთო სამხედრო წვრთნებისა და სწავლებების გამართვაზეც. მეტიც, მე-16 პუნქტის თანახმად, „უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რუსეთის ფედერაციამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკამ შეიძლება განიხილონ სამხედრო დახმარების გაწევის შესაძლებლობა გაეროს წესდებისა და ცალკეული საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე“.

ორი ქვეყანა ერთმანეთს ინფორმაციასაც გაუცვლის ტერორიზმის ბრძოლის მოტივით.

მთიანი ყარაბაღის საკითხი 

მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების ტექსტი პირდაპირ არ ასახელებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, მასში ნათქვამია, რომ მოსკოვი და ბაქო გააგრძელებენ ძალისხმევას აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების მიერ ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადებების შესასრულებლად, რაც ემსახურება რეგიონში ეკონომიკური და სავაჭრო გზების გახსნას, სტაბილიზაციასა და მშვიდობას.

2020 წლის 10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის სანაცვლოდ, სომხეთი დათანხმდა სამოქმედო გეგმას, რომლის თანახმადაც,  სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის ე.წ. ნახიჩევანის კორიდორი და აღდგება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. 2021 წლის იანვარში ერთმანეთს სამი ქვეყნის ლიდერი შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეიქმნებოდა კომისია, რომელიც ეკონომიკური კავშირების აღდგენაზე იმუშავებდა.

ალიევი პუტინი

ილჰამ ალიევი და ვლადიმერ პუტინი ხელს აწერენ ორმხრივ შეთანხმებას/ ფოტო: კრემლი

კასპიის ზღვის საკითხი

წლების განმავლობაში კასპიის ზღვის აკვატორიის გაყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო არა მხოლოდ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის, არამედ ზღვის ყველა ქვეყნისთვისაც.

დეკლარაციის თანახმად, მხარეები კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას კასპიის ზღვის სტატუსის შესახებ მიღებულ შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი 2018 წელს მოეწერა.

დეკლარაციის ტექსტის თანახმად, სწორედ ეს შეთანხმება უნდა იყოს მხარეებს შორის კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის გაღრმავების წინაპირობა.

ეკონომიკური დაახლოება 

შეთანხმების ავტორები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.

25-ე პუნქტის თანახმად, „რუსეთი და აზერბაიჯანი თანხმდებიან, რომ თავს შეიკავებენ ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობისგან, რომელიც პირდაპირ ან ირიბ ზიანს აყენებს მეორე მხარის ინტერესებს“.

ბაქო და მოსკოვი, ადგილობრივი კანონმდებლობებისა და მონეტარული პოლიტიკების ფარგლებში, გამოხატავენ მზადყოფნას, რომ ხელი შეუწყონ საკრედიტო და საბანკო ორგანიზაციების საქმიანობას, ფინანსურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის განვითარებას და ერთობლივი საწარმოების შექმნას.

მხარეები, ასევე, ხელს შეუწყობენ საკუთარი ეროვნული ვალუტების გამოყენებას ორმხრივ ანგარიშსწორებაში, გადახდის სისტემების ინტეგრაციას, მათ შორის საბანკო ბარათებით ერთობლივ მომსახურებას, ასევე, ორი ქვეყნის ბანკებს შორის პირდაპირი საკორესპონდენტო ურთიერთობების განვითარებას.

უკრაინის კრიზისის პარალელურად, დასავლური სანქციების ერთ-ერთ სამიზნედ რუსული ბანკებიც განიხილება.

რუსულ ბანკების ნაწილს სანქციები უკვე დაუწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ.

შეთანხმებაში საუბარია იმაზეც, რომ მხარეები ითანამშრომლებენ იმ დროს, როდესაც ერთ სახელმწიფოს სურს გაწევრიანდეს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლის წევრიც უკვე არის მეორე სახელმწიფო.

თანამშრომლობა ენერგეტიკაში 

რუსეთი და აზერბაიჯანი ერთგვარ კონკურენტებად განიხილებიან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების თვალსაზრისით.

თებერვალში, უკრაინის საზღვრების გარშემო შექმნილი ვითარებისა და რუსეთის შეჭრის საფრთხის პარალელურად, აზერბაიჯანის ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზადაა ევროპას ბუნებრივი აირი მიაწოდოს, ოღონდ ამას ახალი კორიდორის აგება და წლები დასჭირდება.

დეკლარაციის თანახმად, აზერბაიჯანი და რუსეთი „თანაბარ და ორმხრივად მომგებიან საფუძველზე“ აპირებენ გააღრმაონ თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის ნავთობისა და გაზის საბადოების შესწავლის, ენერგორესურსების ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართვისა და ალტერნატიული ენერგიების განვითარების კუთხით.

გაფორმებული შეთანხმება ყურადღებას ამახვილებს განათლების, კულტურის, რელიგიისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებაც.

მოულოდნელი მოკავშირეები თუ შეთანხმება შეთანხმებისთვის

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევრის, ნინო სამხარაძის შეფასებით, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმება არ არის მხოლოდ „შეთანხმება შეთანხმებისთვის“.

მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში ნათელი გახდა, რომ აზერბაიჯანმა საკუთარი ფოკუსი რუსეთისკენ მიმართა.

„ალიევის მხრიდან ეს შეთანხმება არ ჩანს შეთანხმება უბრალოდ შეთანხმებისთვის, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ წინა პერიოდში ჩვენ ვნახეთ ალიევის უკრაინის მიმართ სოლიდარობა, რაც უფრო დაიძაბა ვითარება, აზერბაიჯანის ინერტულობა ძალიან მკვეთრად მოჩანს, რაც ადასტურებს, რომ აზერბაიჯანმა პრაქტიკულადაც თავისი ფოკუსი აშკარად მიმართა რუსეთთან თანამშრომლობისკენ, მათ შორის უსაფრთხოებისა და სამხედრო თვალსაზრისითაც“, – აცხადებს ნინო სამხარაძე.

„დეკლარაციაში საუბარია სამხედრო გაძლიერების კომპონენტებზე, მშვიდობის დარღვევის შემთხვევებში ურთიერთდახმარებაზე და ასე შემდეგ. შესაბამისად, როდესაც ასეთ პუნქტებს მოიცავს დოკუმენტი, შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომ ეს შეთანხმება მხოლოდ ბუტაფორიული ვიზუალიზაციაა“, – აცხადებს იგი.

ნინო სამხარაძე – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი

მისი განცხადებით, შეთანხმება რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ამით რეგიონში ყოფნის დამატებით ლეგიტიმაციას იძენს.

„ერთი შეხედვით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, შეიძლება ეს ჩანდეს (კავკასიაში ყოფნა) ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ რეალურად რუსეთისთვის ეს გრძელვადიანი, ხისტი და რბილი ძალის ლეგიტიმაციის საფუძველია. ეს მთელ რეგიონს შეეხება“, – აცხადებს ნინო სამხარაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, შეთანხმებაზე ხელმოწერას ალიევისთვის ორი შესაძლო მიზეზი აქვს – რეჟიმის მხარდაჭერა შესაძლო შიდაპოლიტიკური პროცესების დროს და აზერბაიჯანისათვის რუსეთის მხარდაჭერა ყარაბაღის საკითხში.

„ალიევების მმართველობა ავტორიტარულ რეჟიმად მიიჩნევა. ვნახეთ ყაზახეთის მოვლენები და თუ რა როლი ითამაშა რუსეთმა. ეს დაინახა ალიევმა და გაზომა, თუ რა ბენეფიტები შეიძლება დაიბეოს პუტინთან თანამშრომლობით.

აშკარად ჩანს, გამოკვეთილი სტრატეგიაა, რომ რუსეთთან ბევრად უფრო მჭიდრო კონტაქტში შევიდეს, რათა პოტენციურად თავდაცვითი მექანიზმები შეიმუშაოს, არა მხოლოდ საკუთარი რეჟიმისთვის, არამედ ყარაბაღის კონფლიქტის კუთხითაც, რადგან, ამ შემთხვევაში, რუსეთი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ძალა იქნება“, – აცხადებს იგი.

„ალიევის პრაგმატიზმი“ და იეჭვიანებს თუ არა თურქეთი?!

თურქეთი და აზერბაიჯანი ტრადიციულ მოკავშირეებად განიხილებიან.

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანახმად, თურქეთი ყარაბაღის მეორე ომის დროს აზერბაიჯანს მხარს ემოციურად და არა სამხედრო კუთხით უჭერდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სამხედრო მკვლევართა ნაწილის შეფასებით, ომში აზერბაიჯანის წარმატება სწორედ თურქეთის მიერ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატებით აიხსნება.

მკვლევართა ნაწილის შეფასებით, ყარაბაღის ომის შემდეგ თურქეთმა, კავკასიის რეგიონში მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ დაბრუნებით, სირიისა და ლიბიის შემდეგ, რუსეთთან გეოპოლიტიკური ვაჭრობის კიდევ ერთი ობიექტი – მთიანი ყარაბაღი მიიღო.

ნეტგაზეთმა თურქეთის მკვლევარს, სანდრო ბაკურაძეს ჰკითხა, თუ როგორ აღიქმება ანკარაში ბაქოსა და მოსკოვის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება.

მისი განცხადებით, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის „სიყვარული უფრო ცალმხრივია“, რადგან „ამ კავშირიდან ძირითად დივიდენდებს მაინც ბაქო იღებს, ხოლო ანკარა რეალურად მხოლოდ პოპულისტურ სენტიმენტებს იკმაყოფილებს“.

„თურქეთს ამ შემთხვევაში არაფრის გაკეთება არ შეუძლია, გარდა ფორმალური განცხადებებისა, რადგან მას ბერკეტები არ გააჩნია აზერბაიჯანსა და რუსეთზე სამოქმედოდ“, – აცხადებს სანდრო ბაკურაძე.

შეკითხვაზე, იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანს თურქეთი „სჭირდება“, მათ შორის რუსეთთან საკუთარი ინტერესების დასაცავად, რომ აქტიურად არ დაუჭიროს მხარი აზერბაიჯანის მეტოქეებს, რაც ერთგვარი ბერკეტია ანკარისთვის, რას შეიძლება ველოდოთ, ბაკურაძე პასუხობს, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მთელი რიგი ბერკეტები აკლდება, რადგან საკუთარ თავზე იღებს იურიდიულ ვალდებულებას (მესამე ქვეყნების ჩაურევლობის შესახებ).

სანდრო ბაკურაძე

სანდრო ბაკურაძე – თურქეთის მკვლევარი

მოსკოვში გაფორმებული შეთანხმებას ის განიხილავს რუსეთის მიერ დასავლეთის წინააღმდეგ დაწყებული ენერგეტიკული ომის კიდევ ერთ ნაბიჯად.

„რუსეთი თადარიგს იჭერს იმისათვის, რომ დასავლეთმა რუსეთის ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროები იოლად ვერ იპოვოს.

რაც შეეხება ალიევის მოტივაციას, იგი თვლის, რომ რადგან პუტინმა პრაქტიკულად გამოაცხადა რუსეთის იმპერიის აღდგენის სურვილი, ამ ხელშეკრულების გაფორმებით თავი დაიზღვია, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში აზერბაიჯანს საინტერვენციო მიმართულებად არ ჩათვლის, გრძელვადიან პერსპექტივაში კი არავინ იცის, რა მოხდება“, – აცხადებს ბაკურაძე.

მისივე განცხადებით, ამ ხელშეკრულების ბედიც დასავლეთზეა დამოკიდებული, თუ რას დაუპირისპირებს დასავლეთი რუსეთს. „იქნება ეს რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული რეალური ნაბიჯები, თუ არა“, – აცხადებს იგი.


რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს, გამთენიისას დაესხა.

განახლება: 26 თებერვალი

ილჰამ ალიევმა თავისი პირველი განცხადება რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის მესამე დღეს, საღამოს გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა მისი ძალისხმევისთვის, რათა შეწყდეს ცეცხლი. ასევე უკრაინელი ხალხისთვის სამედიცინო აღჭურვილობის გაგზავნისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი