ავტორი: მურატ გუკემუხოვი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსული ეკლესიის გავლენების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება ხოლმე რელიგიური დღესასწაულების დღეებში, როდესაც ოსური მრევლი ალანიის ეპარქიის დაქვემდებარებულ ეკლესიას, ხელისუფლება კი რუსი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახებისთვის აშენებულ ეკლესიას სტუმრობს. თუმცა რუსული ეკლესიის წიაღში გაერთიანების მცდელობის ეტაპები და განხეთქილება საზოგადოებაში აქ ბევრად ადრე იწყება.
[gray_box]პირველი რელიგიური საზოგადოება ცხინვალში[/gray_box]
პირველი რელიგიური საზოგადოება ცხინვალში, ეგრეთ წოდებული ოციანელები, 1989 წელს დარეგისტრირდა, ოსური საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „ადამონ-ნიხასი“ ინიციატივით. ინიციატივის სამომავლო მიზანი რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მართვაში გადასვლა იყო. მაშინ ეს პროექტი, როგორც ამ პროცესის ერთ-ერთი ეტაპი, ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების კონტექსტში განიხილებოდა.
ეს ამბავი გარკვეულწილად სხვა ისტორიასაც ჰგავს, რომელიც ჯერ კიდევ წინა საუკუნეში, ისტორიული და ნაციონალური ელიტების განწყობების კონტექსტში ვითარდებოდა.
1917 წლის მარტში ქალაქ მცხეთაში გაიმართა კრება, სადაც ქართულმა ეკლესიამ რუსული ეკლესიიდან გასვლისა და ქართული ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ გამოაცხადა. აპრილში კი ვლადიკავკაზის ეპარქიულ ყრილობაზე განიხილეს ახალი ოსეთის ეპარქიის დაარსება რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთს გააერთიანებდა. ანუ მაშინაც და ახლაც ეკლესიის მსახურთა მიზანსწრაფვა ეროვნული ლიდერების მოტივაციას ემთხვეოდა.
საბჭოთა დროს სამხრეთ ოსეთში არ არსებობდა მოქმედი ტაძრები. 80-იანი წლების ბოლოს, გორბაჩოვის მმართველობის შესუსტების პერიოდიდან, ცხინვალის ჩრდილოეთ გარეუბანში, ეგრეთ წოდებულ წითელ ეკლესიაში გამოჩნდა პირველი მღვდელი – ქართველი. ეკლესიაში არ ტარდებოდა მსახურება, ერთადერთი მღვდელი სახლებში დადიოდა, მაშინ როდესაც მას ბავშვის მოსანთლად ან პანაშვიდის გადასახდელად პატიჟებდნენ.
1988-89 წლებში კი გამოჩნდა რუსული და ოსური სათვისტომოების პირველი მართლმადიდებელი მრევლი, რომლებიც სახლებში ლოცულობდნენ. მათთან „ადამონ-ნიხასის“ აქტივისტები და ადგილობრივი პარტკაბინეტის თანამშრომლები (პოლიტიკური განათლების კაბინეტი) მივიდნენ და შესთავაზეს ეგრეთ წოდებული ოციანელების – რელიგიური გაერთიანების დარეგისტრირება.
ოც ადამიანს, როგორც რელიგიურ გაერთიანებას, იმხნად შეეძლო მიემართა საქალაქო აღმასკომისთვის, ცარიელ ეკლესიაში ლოცვის აღვლენის უფლების მოთხოვნით.
პირველ რელიგიურ ჯგუფს (მრევლს) ცხინვალში, ტელმანის ქუჩაზე მდებარე გიორგი კავტინის ეკლესია გადაეცა, სადაც მანამდე კინოწარმოების საწყობი იყო განთავსებული. ეკლესია გაწმინდეს ნაგვისგან, სადაც მალევე მსახურება დაიწყო „სანჩიკამ“ (ალექსანდრემ) [შემდგომში მეუფე გიორგი პუხატი] – 18 წლის რუსმა ბიჭუნამ, რომელიც ბავშვობიდან ოცნებობდა გამხდარიყო მღვდელი.
„ოციანელების“ შექმნის იდეა ჩრდილოეთ ოსეთის კომპარტიელის საზოგადოებრივი კომიტეტის მესამე მდივანს, სერგეი ტაბოლოვს ეკუთვნის, რომელსაც „ადამონ-ნიხასის“ აქტივისტებმა მიმართეს სამხრეთ ოსეთში ალანიის ეპარქიის აღდგენის პროექტით, რომელიც გააერთიანებდა ჩრდილოელ და სამხრეთელ ოსებს რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ. ლოცვები კი ჩატარდებოდა რუსულ და ოსურ ენებზე, როგორც ჩრდილოეთ ოსეთის ეკლესიებში.
სერგეი ტაბოლოვმა უპასუხა, რომ ამ პროექტის ბედი მხოლოდ რუსული ეკლესიის ნებაზეა დამოკიდებული. ურჩია ჯერ სამხრეთ ოსეთში „ოციანელები“ დაეარსებინათ, შემდეგ კი მოსკოვის საპატრიარქოსთვის მიემართათ გაერთიანების წინადადებით.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „ოციანელები“ განიხილებოდა, როგორც შესაძლებლობა, შეექმნათ მართლმადიდებლური რელიგიური გაერთიანება ცხინვალში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის გვერდის ავლით.
“ოციანელების” ვიზიტი რუსეთის პატრიარქთან მფარველობის თხოვნით
ერთი წლის შემდეგ,1991 წელს, სამხრეთ ოსეთის დელეგაცია უკვე პატრიარქ ალექსეი II-ის მისაღებში იდგა. ამ დელეგაციის წევრები პირად საუბარში ჰყვებიან, რომ პატრიარქმა უარი თქვა სამხრეთ ოსეთის რუსული ეკლესიის საფარქვეშ მიღებაზე. “ვერ ვიჩხუბებთ ქართულ ეკლესიასთან, ამის დრო არ არის”,- თქვა პატრიარქმა დელეგატებთან დამშვიდობებისას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმ დროს ალექსეი II-ის პოზიცია სრულიად ემთხვევოდა კრემლის პოზიციას.
პატრიარქის მისაღებში მდგარი განაწყებული დელეგატების მსჯელობა იმის თაობაზე, თუ როგორ ჰკრა ხელი რუსმა პატრიარქმა ოსი ხალხის სწრაფვას, რუსულ ეკლესიას შეერთებოდნენ, ორმა მღდელმსახურმა მოისმინა. ისინი უცხოეთში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელები იყვნენ. გასვლისას მათ დაიტოვეს „სანჩიკას“ საკონტაქტო ტელეფონი (რომელიც ასევე ოსური დელეგაციის წევრი იყო).
[gray_box]რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის აქტივობები ოსეთში და ქართული ეკლესიის წინააღმდეგობა[/gray_box]
1992 წელს ტამბოვისა და მორშანის არქიეპისკოპოსმა ლაზარემ (ჟურბენკო) სამხრეთ ოსეთის პირველი მღვდელი ალექსანდრე (პუხატე) დიაკვნად აკურთხა. არ დააყოვნა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის რეაქციამაც – 1992 წელსვე ილია მეორემ გაგზავნა საჩივარი მოსკოვის საპატრიარქოში, სადაც მიუთითა, რომ რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესია ქართული ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე შეიჭრა. თავის მხრივ მოსკოვის საპტრიარქომ განმარტებები მოსთხოვა ცხინვალს.
სამხრეთ ოსეთის სამთავრობო დელეგაცია რუსეთის დღევანდელმა პატრიარქმა კირილმა მოსკოვში, დანილოვის მონასტერში მიიღო. მაშინ ის მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე იყო. მიღებას ბევრი მღედელმსახური ესწრებოდა. შეხვედრაზე შეკრებილმა იერარქებმა დელეგატების საჩივრები მოისმინეს თბილისის აგრესიულ ქმედებებზე და აუხსნეს, თუ რატომ სურთ რუსულ ეკლესიაში გადასვლა. მიტროპოლიტმა კირილმა უპასუხა, რომ მოსკოვის საპატრიარქო მათ მონათხრობს გაითვალისწინებს, მაგრამ ახლა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
შემდეგი ათი წელი – 2002 წლამდე სამხრეთ ოსეთის მართლმადიდებლები უცხოეთის ეკლესიის პატრონაჟის ქვეშ იყვნენ.
სამხრეთ ოსეთის ეკლესია და რუსული პატრონაჟი
სამხრეთ ოსეთის ალანიის ეპარქია 2003 წელს შეიქმნა, რაც სამხრეთ ოსეთისთვის უდავოდ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.
2008 წლამდე ალანიის ეპარქია დამოუკიდებლად ვითარდებოდა, გარედან ჩარევის გარეშე. სიტუაცია აგვისტოს ომის შემდეგ შეიცვალა. 2008 წლის სექტემბერში ვორონეჟის და ბორისოგლების მიტროპოლიტმა სერგიმ და სტავროპოლის და ვლადივოკავკაზის არქიოპისკოპოსმა თეოფანემ ცხინვალში ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანეს, რომელიც შეგროვებული იყო რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებისათვის. იერარქებს ცხინვალში ადგილობრივი მღვდელი ამბროსი მეფონსკი დახვდა, რომელსაც არქიეპისკოპოსმა თეოფანემ მიაძახა: „აქ ყველაფერი ჩემია, შენ აქ არავინ ხარ“. მან კი უპასუხა: „როგორც ღმერთი ინებებს“ .
ეს მოკლე, მაგრამ საკმაოდ ამომწურავი დიალოგი შეიძლება ომის გამოცხადებადაც ჩაითვალოს. სამხრეთ ოსეთში მაშინ თეოფანეს ეს სიტყვები აღქმული იყო, როგორც სურვილი რუსული მართლმადიდებული ეკლესიისა, მიითვისოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია, რაც სრულიად ეწერება კრემლის კურსში.
თუმცა ამავე, 2008 წელს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა განაცხადა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად განიხილავს და უარს ამბობს მათ მფარველობაში მიღებაზე.
რუსეთის ეკლესიის მაშინდელ გადაწყვეტილებას 2008 წლის 25 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი რელიგიის საკითხებში სონია ხუბაევი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათი მონაწილეობის გარეშე სინოდის მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე მხოლოდ სინანულსა და ოსი მრევლის აღშფოთებას იწვევს:
“მრევლს აღარც რუსული ჰუმანიტარული დახმარება ახარებს. ჩვენ ამისთვის არ ვიცავდით ჩვენს მიწას, რომ ვიღაცაზე „გაგვაჩუქონ”, მათ შორის, სასულიერო საკითხში”.
ამ ყველაფრის ფონზე უფრო უცნაური იყო ის ფაქტი, როდესაც რუსეთის პატრიარქმა კირილმა მაშინდელ პრეზიდენტ კოკოითის თხოვნით მიმართა, ეკლესიის მშენებლობისთვის ტერიტორია გამოეყო. კოკოითიმ ცხინვალის ცენტრში საკმაოდ დიდი სივრცე ყოფილი ქართული სკოლის ადგილზე გამოყო. ახალი ეკლესიის მშენებლობის ოფიციალურ მიზეზად რუსული მეოთხე სამხედრო ბაზის ჯარისკაცების სულიერი საზრდოს მოთხოვნილება დასახელდა. ამ საკითხმა კითხვები წარმოშვა როგორც საზოგადოებაში, ასევე, ალანიის ეპარქიაშიც.
ეჭვები ძირითადად იმის ირგვლივ ტრიალებდა, რომ “თუ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სამხრეთ ოსეთს განიხილავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად, გამოდის, მოსკოვის საპატრიარქო ეკლესიას ილია მეორის თანხმობით აშენებს?”, რაც მიუღებელი იყო მრევლისთვის.
[gray_box]ქართული ეკლესია ცხინვალის წიაღში[/gray_box]
გარდა ამისა, ადგილობრივმა წინამძღოლმა მაშინ ღიად განაცხადა, რომ ამ ეკლესიის მშენებლობით, რუსი სამხედროების ჩექმით სამხრეთ ოსეთის ღია ექსპანსია იწყება. ცხინვალში ჭორის დონეზე ინფორმაციაც გავრცელდა, რომ თითქოს მოსკოვისა და საქართველოს საპატრიარქოები შეთანხმდნენ, ეს ტერიტორიები რუსეთის ეკლესიას დროებით მმართველობაში გადასცემოდა, ხოლო დასავლეთ ნაწილში [ეთნიკური ქართველებით დასახლებული ახალგორის რაიონი] მოსკოვი ქართულ მხარეს შეუფერხებელ მსახურებას შეჰპირდა. ამ შეთანხმების დადასტურება რთულია, თუმცა მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) და სხვა მსახურებს, რომლებიც ახალგორის [ლენინგორი] ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიებში მსახურობენ, ქართულ მხარესთან გამშვები პუნქტით გადაადგილება შეუძლიათ. ამასთან, ყველა მათი ქადაგება იმით იწყება, რომ წირვის ჩატარება ოკუპაციის წიაღში უწევთ. გარდა ამისა, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დედათა მონასტერში კაპიტალური რემონტი ტარდებოდა, სამშენებლო მასალები შეუზღუდავად ქართული მხრიდან შემოჰქონდათ და მათთვის ხელი რუს სამხედროებს არ შეუშლიათ. ქართული ეკლესიიდან კი, რომელსაც საკუთარი მეურნეობა აქვს იქ, ცხინვალში რეალიზაციისთვის პროდუქციაც ჩააქვთ. შესაბამისად, საზოგადოებაში არსებობს განცდა, რომ რუსული ეკლესია სამხრეთ ოსეთის ამ ნაწილში საქართველოს საპატრიარქოს მფარველობს.
რუსული ეკლესია და განხეთქილება ოსურ საზოგადოებაში
ცხინვალის ცენტრში აღმართულ რუსულ ეკლესიას – წმინდა სამების ტაძარს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი მამა სერგეი (კოკოევი), ყოფილი მაიორი ხელმძღვანელობს. ის 1994 -2007 წლეებში სამხრეთ ოსეთის შეირაღებულ ძალებში მსახურობდა, 2007 -2012 წლებში კი ედუარდ კოკოთის პირად დაცვაში მუშაობდა და საზოგადოების თვალში გარკვეულწილად წარმოადგენდა პოლიტიკურ პოლიციას. ადგილობრივებს ძირითადად მაშინ დაამახსოვრა თავი, როდესაც 2011 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციის კანდიდატის, ალა ჯიოევას ხმების დასაცავად გამოსულ მხარდამჭერთა აქციაზე პროტესტის მონაწილეს სცემა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოს და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციები სამხრეთ ოსეთში მყარდება, ხოლო ალანიის ეპარქიის კი, პირიქით, ნელ- ნელა სუსტდება. ამ წლების განმავლობაში ალანიის ეპარქიამ ვერ შეძლო მოეგვარებინა საკადრო პრობლემები და შეევსო რვა ტაძარი, რომელიც ხელისუფლებამ გადასცა.
2017 წლის აპრილში ხელისუფლების სათავეში მოვიდა ახალი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს სამხრეთ ოსეთის რუსეთში სუბიექტის სტატუსით გაწევრიანებას. 2017 წლის 25 ივლისში პატრიარქ კირილს მოსკოვში შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხლებოდა ტაძრის მშენებლობის საკითხი ცხინვალში, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების სწავლების შესაძლებლობა რუსეთის სასულიერო სემინარიებსა და აკადემიებში.
ამბროსი მეფონსკიმ, რომელიც მიხვდა, რომ ალანიის ეპარქიაზე რუსული ეკლესიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლა გაიზრდებოდა, 2017 წლის 20 სექტემბერს განაცხადა, რომ ალანიის ეპარქია გარდაიქმნება ალანიის მართლმადიდებელ ავტონომიურ ეკლესიად. საპასუხოდ, 2017 წლის ნოემბერში ანატოლი ბიბილოვი უეცრად ეწვია ალანიის მთავარ ეკლესიას – ღვთისმშობლის შობის ეკლესიას (ყოფილი სომხური ეკლესია), სადაც შეხვდა მრევლს და ალანიის ეპარქიის საბჭოს წარმომადგენლებს. იმ შეხვედრაზე ბიბილოვმა მათ შესთავაზა, დაწერონ სპეციალური წერილი – თხოვნა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სახელზე რუსეთის ეკლესიის წიაღში შესვლასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ეს იდეა უკვე ჰქონდა განხილული პატრიარქ კირილთან. შეხვედრა წინააღმდეგობრივი და ემოციური აღმოჩნდა. ბიბილოვს არ დაუთმეს, რის შემდეგაც, წასვლისას ის დაიმუქრა, რომ მეტჯერ აღარ გადააბიჯებდა მათი ეკლესიის ზღურბლს.
მართლაც, ბიბილოვმა დაპირება შეასრულა და მას შემდეგ ყველა რელიგიური დღესასწაული იქ მისი მონაწილეობის გარეშე იმართება. ბიბილოვს სხვა ჩინოვნიკებმაც მიბაძეს, გამონაკლისების გარდა. მაგალითად, პერიოდულად ამ ტაძარში დადის მურატ ჯიოევი, პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი.
28 აპრილს, როდესაც მართლმადიდებელი საზოგადოება აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდა, ანატოლი ბიბილოვი, მაღალი რანგის თანამდებობის პირები, დეპუტატები და ზოგადად ყველა, ხელისუფლების კეთილგანწყობას ეძებდა, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სამების ტაძარში, რუსეთის არმიის კუთვნილ ეკლესიაში მივიდა და არა სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ ეკლესიაში. გარდა ამისა, ხელისუფლებამ ალანიის ეპარქიის ეპისკოპოსის, ამბროსი მეფონის დისკრედიტაციის მიზნით მოაწყო დიდი კამპანია. მას სამხრეთ ოსეთში სხვადასხვა მიზეზით შემოსვლა აუკრძალეს. შესაბამისად, ოსი მრევლის ნაწილი ბიბილოვს დღეს ოსური საზოგადოებაში განხეთხილების შეტანას აბრალებს, თუმცა საზოგადოების პროტესტი ჯერ მხოლოდ უკმაყოფილების გამოხატვით შემოიფარგლება.
თავად ოსური მრევლი სამების ტაძარას უფრო ლამაზ არქიტექტურულ ნაგებობად აღიქვამს, მოსალოცად კი ღვთისმშობლის ეკლესიაში დადის.
ამასობაში ცხინვალში, “მოსკოვის” მიკრორაიკონთან ახლოს კიდევ ერთი რუსული ეკლესია შენდება.