სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი: ოკუპირებული პლაჟები

30 ივნისი, 2016 • 3370
აზერბაიჯანი: ოკუპირებული პლაჟები

“აფშერონი ერთადერთი ნახევარკუნძულია მსოფლიოში, რომელსაც წყალთან მისასვლელი არ აქვს. მისი ერთი მხარე ხმელეთს უერთდება, დანარჩენი სამი კი – ღობეს”, – აზერბაიჯანელმა ცნობილმა ბლოგერმა დავუდ მამედოვმა წლების წინ ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით თქვა, თუმცა, სიტუაცია რეალობისგან შორს არ არის.

ის, რომ აზერბაიჯანის პლაჟების ოქროსფერი ქვიშები მასიურად არის ოკუპირებული, დიდი ხანია, საიდუმლო არავისთვის არ არის. ზღვის გარშემო არსებული უზარმაზარი ტერიტორიები გარშემორტყმულია მაღალი ღობეებით, რომელთა მიღმაც აზერბაიჯანელი ოლიგარქები საკუთარი საზოგადოებისგან იმალებიან. ეს ღობეები, უმეტეს შემთხვევაში, პირდაპირ ზღვაზე გადის.

ბლოგერი დავუდ მამედოვი ზღვასთან გამავალ კედელთან

ბლოგერი დავუდ მამედოვი ზღვასთან გამავალ კედელთან

კონკრეტულად რომელი ჩინოვნიკების მფლობელობაშია დედაქალაქის შემოღობილი პლაჟები, უცნობია. ისინი ამ ტერიტორიებს, როგორც წესი, სხვების სახელებზე აფორმებენ, რათა მათ მიმართ კითხვები არ გაჩნდეს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიწის კოდექსი მკაფიოდ განმარტავს სანაპირო ზონებში სასახლეებისა და კილომეტრიანი ღობეების აღმართვის წესს. აღნიშნული კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, “მიწის ნაკვეთები, რომლებიც მდებარეობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კასპის ზღვის [ტბის] ზოლიდან 20-50 მეტრში, სახელმწიფო საკუთრებაში რჩება და არ შეიძლება იყოს გასხვისებული და გადაეცემა გამოსაყენებლად ან იჯარით მხოლოდ სახელმწიფო მიზნებისთვის, მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებით”.

კანონის თანახმადვე, ამ ტერიტორიების შემოღობვა დაშვებულია იმ პირობით, თუკი მოქალაქეებისთვის რჩება ზღვაზე გასასვლელი მანძილი. ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს, თუკი ეს დაკავშირებულია “ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებთან ან უსაფრთხოებასთან”.

უკანონოდ შემოღობილი პლაჟების საკითხზე აქტიურად მუშაობს ცნობილი აზერბაიჯანელი ადვოკატი ასლან ისმაილოვი. ნეტგაზეთთან საუბარში ისმაილოვი ამბობს, რომ ჯერ კიდევ 2003 წლის 13 იანვარს ყოფილმა პრეზიდენტმა, ჰეიდარ ალიევმა ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას, რომლის პრეამბულაშიც წერია, რომ “მოსახლეობის მრავალრიცხოვანი საჩივრებისა და იმის გათვალისწინებით, რომ კასპიის ზღვა ხალხს ეკუთვნის, ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის გადაცემული ნაკვეთები, რომლებიც ზღვის ნაპირიდან 130 მეტრზე ახლოს მდებარეობს, ადმინისტრაციული გზით ან სასამართლოს წესით უნდა ჩამოერთვას და უნდა იყოს უზრუნველყოფილი პლაჟებზე ხალხის შეუზღუდავი წვდომა.

“2008 წელს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ახალ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელშიც ცვლილებები იყო შესული – 130-მეტრიანი სანაპირო ზოლი 20-25 მეტრამდე იყო შემცირებული. თუმცა ახალ განკარგულებაშიც იყო აღნიშნული, რომ მოქალაქეებს შეუზღუდავი წვდომა უნდა ჰქონდეთ ზღვის ნაპირთან. ამ განკარგულების აღსრულება მინისტრთა კაბინეტს ჰქონდა დავალებული. ამის მიუხედავად, ჩინოვნიკებმა პრეზიდენტის განკარგულებას გვერდი აუარეს.

ღობეების დემონტაჟი მინისტრთა კაბინეტისა და ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებაა. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ტერიტორიები ადმინისტრაციული წესით უნდა გაათავისუფლოს, ან სასამართლოს მიმართოს. თუმცა ჩვენ არ გვაქვს დღეს ის სასამართლო, ვინც ასეთ გადაწყვეტილებას გამოიტანდა”, – ამბობს იურისტი.

აღნიშნულ საკითხზე განმარტების მისაღებად ბაქოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა – სატელეფონო ზარებს პრესსამსახურიც არ პასუხობს.

ზღვის სანაპირო ზოლში უზარმაზარი შემოღობილი ტერიტორიები მთელ პერიმეტრზე მრავალრიცხოვანი სათვალთვალო კამერებითა და ზოგჯერ დაცვითაც კი კონტროლდება.

ერთ-ერთ პლაჟზე სწორედ ასეთ სიტუაციას წავაწყდით. დიდ ღობესთან, რომელიც პირდაპირ ზღვაზე გადის, შეუძლებელი იყო 150 მეტრზე ახლოს მისვლა. პირველი შეზღუდვა დიდი ზომის ქვებია, შემდეგ საქმეში ერთვება სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი, რომელიც გვეცნობა დაცვის წევრად. ჩვენი დიალოგი ასე იწყება:
იქით არ შეიძლება?
არა
რატომ?
ძმაო, აქ იმიტომ დამაყენეს, რომ არ შეიძლება.
მაგრამ აქ სანაპირო ზოლია, სადაც კანონით არ მეკრძალება შესვლა
რა გინდა ახლა, კანონებით უნდა მელაპარაკო?
ანუ აზერბაიჯანის კანონებს არ ცნობთ?
აი, რად გინდა ახლა პრობლემები? სეირნობა გინდა? მიდი ისეირნე. აქ კი არ შეიძლება შესვლა. პრობლემები გექნება შენც და მეც. აქ იმიტომ ვარ, რომ არავინ გავატარო.

შემოღობილი პლაჟები ბაქოში; ფოტო: თეიმურ მაკსუტოვი/ნეტგაზეთი; 2016

შემოღობილი პლაჟები ბაქოში; ფოტო: თეიმურ მაკსუტოვი/ნეტგაზეთი; 2016

შემოღობილი პლაჟები ბაქოში; ფოტო: თეიმურ მაკსუტოვი/ნეტგაზეთი; 2016

შემოღობილი პლაჟები ბაქოში; ფოტო: თეიმურ მაკსუტოვი/ნეტგაზეთი; 2016

ასეთივე სურათია დედაქალაქის სხვა პლაჟებზე. კილომეტრიანი ღობეები გადაჭიმულია გზის მთელ პერიმეტრზე და ზღვაზე გასასვლელს კეტავს. ასეთი სიტუაციაა მარდაკიანის, შუვალანოვის, ბილგიას, ნარადარანის, პირშაფოვის და დიუბენდის პლაჟებზე. განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა დიუბენდშია, სადაც პლაჟები თითქმის აღარ არის. დიუბენდი ძალიან პოპულარული ადგილია, სადაც აზერბაიჯანის არც ისე მდიდარ მოქალაქეებს სახლები აქვთ. გარდა ამისა, სანაპირო ზონის რელიეფი აქ საკმაოდ მომხიბლავია – კლდეები, ზღვა და ქვიშა. მაგრამ დღეს პლაჟი ცალკეული პირების პირადი მოხმარების ტერიტორიაა. მთელ პერიმეტრზე ჩამწკრივებულია აგარაკები საკუთარი პლაჟებით.

ადვოკატი ასალან ისმაილოვი გვიყვება მისი ბრძოლის შესახებ ზღვის სანაპიროზე კედლების დემონტაჟის თაობაზე.

“წინა წელს ერთმა ჩემმა ნაცნობმა გლეხმა მითხრა, რომ პირშაგინის პლაჟებზე პრაქტიკულად მთელი ტერიტორია ოკუპირებულია, კედლებითაა შემოსაზღვრული. ამის შემდეგ ჩავედი და საკუთარი თვალით ვნახე ეს. მალევე პატარა ვიდეოს გადაღება გადავწყვიტე, სახელწოდებით “მსოფლიო და ჩვენ”, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებული პლაჟებია ნაჩვენები, – ბრაზილიით დაწყებული და საქართველოთი დამთავრებული. ბოლოს ისინი ჩვენს პლაჟებს შევადარე. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი რამ სხვაგან არ არსებობს. ყველაფერთან ერთად, ეს არის ამორალური და არაკეთილსინდისიერი. ამ ვიდეომ 1, 200 000 ნახვა დააგროვა ფეისბუკზე. აღმასრულებელი ხელისუფლება კი ამ ფაქტს ისევ უგულებელყოფს. მათ ხალხი არ აინტერესებთ”.

ასლან ისმაილოვი განმარტავს, რომ თუკი ამას სამართლებრივი კუთხით შევხედავთ, ღობეების დემონტაჟი გარდაუვალია.

ვითარებას დრამატიზმს ისიც სძენს, რომ ის ადამიანები, ვინც ზღვა შემოღობა, ამ წყალში არ ბანაობენ.

“მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კურორტზე მიემგზავრებიან. იმათთვის კი, ვისაც ამის ფინანსური საშუალება არ აქვთ, ბაქოს პლაჟები ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, ეს არის აგდებული დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეებისადმი. ერი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, ამ ღობეებს აქამდე დაანგრევდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოდესმე მოხდება”.

ასლან ისმაილოვი ამბობს, რომ ამ საკითხის წამოწევას კიდევ გეგმავს – ამჯერად პრეზიდენტსა და მოსახლეობას მიმართავს.

სად ისვენებს ბაქოს მოსახლეობა?

მიუხედავად იმისა, რომ ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების ვაჭრობისა და მომსახურების დეპარტამენტის ცნობით, 2011 წლიდან ბაქოს ყველა პლიაჟზე შესვლა უფასოა, ბაქოს დარჩენილ, შემოუღობავ პლაჟებზე დასვენება ქალაქის მაცხოვრებლებისთვის მაინც არ არის უფასო სიამოვნება. ფასები მომსახურების ხარისხთან ერთად იცვლება. მაგალითად, დედაქალაქის ყველაზე პოპულარულ პლაჟებზე [“Sea Breeze hotel”, “Amburan”, “Dalga Beach-Aqua Park”, “Jumeirah hotel Baku”, “Nar & Sharab”, “Af Hotel Aqua Park”] შესვლა 15-დან 35 მანათამდე [10-22 აშშ დოლარი] ჯდება. უფრო მოკრძალებულ პლაჟებზე- 5-10 მანათი [3-6 შშ დოლარი]. არის უფასო პლაჟებიც, თუმცა გარკვეული ნივთების [მაგიდა, დასაწოლი] სარგებლობისთვის ფული მაინც არის გადასახდელი [5-10 მანათი]. არის ისეთი პლაჟებიც, სადაც უფასოდ მანქანითაც შეხვალ, თუმცა იქ ბანაობა რამდენად უსაფრთხოა, უცნობია – სამაშველო ჯგუფები იქ არ არიან.

ფოტო: თეიმურ მაკსუტოვი/ნეტგაზეთი. 2016

ფოტო: თეიმურ მაკსუტოვი/ნეტგაზეთი. 2016

პლაჟი ბაქოში; ფოტო: თეიმურ მაკსუტოვი/ნეტგაზეთი; 2016

პლაჟი ბაქოში; ფოტო: თეიმურ მაკსუტოვი/ნეტგაზეთი; 2016

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი