სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი სომხეთს სკოლების მისამართით განხორციელებულ სროლებში ადანაშაულებს

28 აპრილი, 2016 • 1182
აზერბაიჯანი სომხეთს სკოლების მისამართით განხორციელებულ სროლებში ადანაშაულებს

აზერბაიჯანი სომხეთს რამდენიმე საზღვრისპირა სკოლის მისამართით განხორციელებულ სროლაში ადანაშაულებს.  საინფორმაციო სააგენტო აპას ცნობით, საზღვრისპირა სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა.

გამოცემის ცნობით, დღეს, 28 აპრლს კონფლიქტის ზონაში სიტუაცია კვლავ დაიძაბა. მხარეები აცხადებენ, რომ ფრონტისწინა სოფლებში მშვიდობიან მოსახლეობის მიმართულებით ისვრიან. “კავკაზსკი უზელის” ცნობით, აზერბაიჯანის განცხადებით, დაბომბილი 3 სოფლიდან გარდაცვლილია ერთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია 8.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ღამით განხორციელებული სროლის შედეგად საზღვრისპირა სკოლები დაზიანდა, აზერბაიჯანის განათლების სამინისტრომ საინფორმაციო საგენტო აპა-სთან საუბრისას გაახმიანა. უწყების ცნობით, სკოლის შენობები დაზიანდა, თუმცა მათი რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ.

კონფლიქტის ზონაში ვითარების ხელახალი დაძაბვის გამო გუშინ, 27 აპრილს, ორი ელექტროქვესადგური დაზიანდა, რის გამოც ტერტერის რაიონის 20 სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კავკაზსკი უზელის” ცნობით, ტერტერის რაიონში განახლებული სროლების გამო დღეს 58 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები მას შემდეგ გააქტიურდა, როდესაც 2 აპრილის ღამეს კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მალევე ბაქომ განაცხადა, რომ კონტშრეტევითი ოპერაციის დროს, აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა და პოზიციების გამაგრებას ცდილობს.

გაეროს მონაცემებით, მთიან-ყარაბაღში 2 და 3 აპრილს, სულ მცირე, 33 ადამიანი დაიღუპა და 200 დაზარალდა. ორგანიზაციის მონაცემებითვე, საომარი მოქმედებები მთიანი ყარაბაღის დასახლებულ პუნქტებში – აგდენრში, მარტუნსა და გადრუთში მიმდინარეობდა, სადაც გაეროს განცხადებითვე, 14,4 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი