სამხრეთ კავკასიის ამბები

სიღარიბე და არასრულფასოვანი კვება ბავშვებისთვის სომხეთში

4 აპრილი, 2016 • 2651
სიღარიბე და არასრულფასოვანი კვება ბავშვებისთვის სომხეთში

მრავალშვილიანი მამა არმენ კარახანიანი უკვე 20 წელზე მეტია ერევანში, თბილისის გზატკეცილზე, საცხოვრებელ სახლად გადაკეთებულ ნახევრად ჩამონგრეულ მატარებლის ვაგონში მარტო ცხოვრობს. მისი ცოლი ოთხ შვილთან ერთად ძირითადად მშობლებთან არის გადასახლებული. ამბობს, რომ შვილების გამოკვებას სხვანაირად ვერ შეძლებენ.

ერევანში თბილისის გზატკეცილი საკმაოდ გადატვირთულია. მისი გავლით ქალაქის ავტომობილები სომხეთის ჩრდილოეთ მხარეებში, ან საქართველოს მიმართულებით მიდიან. ვაგონი-სახლი მანქანების მოძრაობის გამო მუდმივად ირყევა. არმენი ამბობს, რომ სახლი წლიდან-წლამდე ინგრევა. ზოგჯერ ვაგონის გამაგრებას გარეთ ნაპოვნი რკინის მასალებით ცდილობს.

არმენის უმცროსი შვილი 4 წლისაა, უფროსი – 15-ის. ბავშვების მამა ამბობს, რომ ყველაზე მეტად უჭირს უფროსი შვილის გამოკვება, რადგან მოზარდია და მუდმივად შიმშილის შეგრძნება აქვს.

არმენ კარახანიანი; ფოტო: ნეტგაზეთი/ანი ოვანისიანი; მარტი, 2016

არმენ კარახანიანი; ფოტო: ნეტგაზეთი/ანი ოვანისიანი; მარტი, 2016

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში მცხოვრები ყოველი მესამე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, 5 წლამდე ბავშვების 19%-ს ფიზიკური განვითარების პრობლემა აქვს, 15%-ს კი –  ჭარბი წონა.

აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა ანგარიშშისურსათის უვნებლობის, მოწყვლადობის და კვების მრავალმხრივი ანალიზი სომხეთში”, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, გაეროს კვების მსოფლიო პროგრამის  (WPF) და გაეროს ბავშვთა ფონდის [unicef] მიერ შემუშავდა.

არმენ კარახანიანის ოჯახი დახმარების სახით სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 45000 დრამს [დაახლოებით 90 აშშ დოლარი] იღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კვებაზე, ტანსაცმელზე, ტრანსპორტსა და სკოლის საჭირობებზე ოჯახმა დღეში 1500 დრამზე [დაახლოებით 3 აშშ დოლარი] მეტი არ უნდა დახარჯოს.

ისინი არ იხდიან კომუნალურ გადასახადებს, რადგანაც ვაგონში არ არის ბუნებრივი აირი და წყალი. არის მხოლოდ დაბალი ძაბვის ელექტროენერგია ოთახში ნათურის ასანთებად და ტელევიზორის ჩასართავად, რომელიც ქუჩის განათების ბოძიდან სამხარეო მუნიციპალიტეტის ნებართვით შემოიყვანეს. არმენს ბავშვები კვირაში ერთხელ ფასიან აბანოში მიყავს დასაბანად.

სპეციალისტები, რომლებიც მსგავს საკითხებზე მუშაობენ, თანხმდებიან, რომ ბავშვთა ფიზიკური განვითარების შეფერხების მთავარი მიზეზი არის სიღარიბე – არასაკმარისი კვება, ცხოვრების დაბალი დონე და ცუდი პირობები. ბავშვებში ჭარბი წონა კი არის არაჯანსაღი კვების და მოსახლეობის დაბალი ინფორმირებულობის შედეგი.

თუკი სოფლად ასეთი ბავშვების რიცხვის შემცირების ტენდენციაა, ქალაქებში იზრდება იმ ბავშვების რიცხვი, რომელთაც განვითარებაში შეფერხება, ან წონის პრობლემა აღენიშნებათ.

სომხეთის ქალაქებში, ერევნის გამოკლებით, ფიზიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა რაოდენობა 22%-ს აღწევს, ხოლო იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთაც ჭარბი წონა აქვთ, 17%-ია.

არასაკმარისი კვებისა და მისი უსაფრთხოების პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას შირაქსა და ლორში [სომხეთის მხარეები], სადაც სიღარიბის დონე ყველაზე მაღალია.

ჭარბი წონის პრობლება კი სომხეთში როგორც ღარიბ, ასევე ფინანსურად უზრუნველყოფილ ოჯახებშიც აღინიშნება. ეს ფაქტი საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ სომხეთის მოსახლეობა არ არის ინფორმირებული ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჯანსაღ საკვებზე.

ამ საკითხებზე გამოქვეყნებული ბოლო ანგარიშის შესაბამისად, მოსახლეობის სიღარიბის ერთ-ერთი მიზეზია ის ფაქტი, რომ სომხეთი საკმაოდ არის დამოკიდებული სხვა ქვეყნების ეკონომიკაზე: კრიზისი რუსეთში და არასატაბილური მსოფლიო ეკონომიკა სომხეთის განვითარებას აფერხებს და წარმოადგენს საფრთხეს მთელი ქვეყნის სურსათის უვნებლობისთვის, – წერია ანგარიშში.

Screen Shot 2016-04-01 at 2.14.48 PM

20 წელზე მეტია სომხეთში მრავალრიცხოვანი პროგრამები და პოლიტიკა მუშავდება, რომლებიც სურსათის უვნებლობასა და საკვებით უზრუნველყოფას ეხება. ამასთან, სომხეთის ხელისუფლება ყოველ წელს აცხადებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა აღინიშნება. ამის მიუხედავად, 2008 წელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა საკვებით არაუზრუნველყოფილი ოჯახების რიცხვი და 15%-ს მიაღწია.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, სომხეთის ეკონომიკური ზრდა რეგიონში ყველაზე დაბალია. 2015 წლის იანვრის პროგნოზის მიხედვით, სომხეთის ეკონომიკური ზრდა 2016 წელს 1.0 იქნება [საქართველოში 2.6%-ია, აზერბაიჯანში- 1.5%.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი