ოჯახში უმრავლესობას გვაქვს ხატების კუთხე თუ არა, რამდენიმე ხატი მაინც, მაგრამ უმეტესწილად, ვინც რელიგიურია და თავს ეკლესიის მრევლად თვლის, მათ ოჯახებში ეს „ხატების კუთხის“ კულტურა უფრო მასშტაბურადაა წარმოდგენილი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ მოვლენების შემდეგ ჩემი მეგობრის სახლში ხშირად ავდიოდი ბავშვების მოსანახულებლად და თუმცა მანამდე ეს სახლი მაინცადამაინც არ გამოირჩეოდა უხვხატიანობით, ახლა უკვე ხატების მთელი გალერეა მხვდებოდა. დიდხანს ამაზე არ შევჩერდები, თუმცა ვიტყვი იმას, რომ აქაც და სხვაგანაც, იქნება ეს სახლი, სამარშრუტო ტაქსი, სკოლის სამლოცველო, ჩინოვნიკის კაბინეტი თუ რაიმე სხვა ადგილი, დომინანტი (მოცულობით ყველაზე დიდი) ადგილი უჭირავს პატრიარქის ფოტოს. რატომღაც მის ფონზე ყოველთვის მგონია, რომ სხვა დანარჩენი წმინდანებისა თუ მაცხოვრის ხატი ფერმკრთალდება.
ბევრ ჩვენგანს გვიწევს ამგვარ ინტერიერებში ყოფნა და, სავარაუდოდ, შენიშნავდით, რომ ეს გადიდებული ფოტოსურათი (დავარქვათ მასაც ხატი) თითქოს ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ხატებს შორის და რატომ? ჩემი აზრით, აქ ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ ამ “ხატს“ ჰყავს თავისი ცოცხალი გამხმოვანებელი და სწორედ ამით განსხვავდება ის სხვა წმინდანებისაგან თუ უეცრად სადღაც კედლებზე აღმოცენებული მირაჟებისგან.
ჩვენ მისი ხმა ყოველდღიურად გვესმის და ეკლესიურად მოაზროვნე ადამიანისათვის ეს ხმის ტემბრი ყველაზე მნიშვნელოვანია და გამოირჩევა ყველა ხმისაგან. შესაძლებელია, რომ ეს ერთგვარი გრამატიკული კულტურის მოხმარების დეფიციტზეც მიგვითითებდეს, რასაც გუტენბერგამდელ საზოგადოებრივ ჭრილში გადავაყავართ, სადაც ალბათ ხმა უფრო მნიშვნელოვანი იყო (იქნებ ვცდები), თუმცა ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს გამოსახულება არის ერთადერთი გამოსახულება, რომელიც ამავდროულად “მეტყველებს“, ხოლო იმ პანორამაში, სადაც ამ ხატ-პორტრეტს ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს, კონკურენტი არ ჰყავს.
მე არ ვისაუბრებ ლია უკლებას ტილოს ესთეტიკურ მხარეზე, ან მის კულტურულ მნიშვნელობაზე, რადგანაც ჩემამდე ამაზე და ამგვარ ტრადიციებზე ხელოვნებაში ბევრმა გაცილებით კომპეტენტურმა და გათვითცნობიერებულმა ადამიანმა დაწერა და ისაუბრა. უბრალოდ მინდა მცირე ანალიზი გავუკეთო პატრიარქის მიერ გაკათებულ განცხადებას საკვირაო წირვაზე. ცოტა შორიდან თუ მოვუვლი, მცირე პარალელს გავავლებ 17 მაისს სამღვდელოების აქტივობასა და ამ გამოხმაურებას შორის.
თავდაპირველად მინდა ვთქვა, რომ 17 მაისის დაპირისპირება არ იყო დაპირისპირება პიროვნებასა და პიროვნებას შორის. ჩემი აზრით, ეს იყო ორი იდეის (ლიბერალური და რელიგიური) შეჯახება. ამგვარად, რაც უნდა უმცირესობაში ყოფილიყვნენ 17 მაისის მანიფესტაციის მონაწილენი, ამ დაპირისპირებაში ეს ორი ძალა მაინც მიმაჩნია თანაწონადად. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ რაოდენობრივ თანაწონადობას. ამ შემთხვევაში ნაცემი ხალხის უკან იდგა ლიბერალური საზოგადოება (თუმცა ვირტუალურად), რომელიც წერდა, კომენტირებდა და აპროტესტებდა სამღვდელოების საქციელს.(სხვათა შორის, მრევლშიც ბევრი მოიძებნა, რომელმაც ეს აგრესია დაგმო და პირიქით, ლიბერალურ საზოგადოებაშიც მოიძებნა ადამიანები, რომლებმაც არც თუ ისე დიდი მხარდაჭერა გამოიჩინეს დაჩაგრული მხარის მიმართ). ეს კონფლიქტი უფრო სოციალური თუ პოლიტიკური ფლანგების გამაგრების მცდელობის შედეგი იყო. რაც სათავისოდ გამოიყენეს არა მხოლოდ სასულიერო პირებმა, არამედ პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო სექტორმაც.
პატრიარქის ზემოთ ხსენებული განცხადება კი მხატვრის ტილოსთან დაკავშირებით სულ სხვა ხასიათისაა და უფრო “პიროვნული“ დაპირისპირების კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ.
უპირველესად აღვნიშნავ, რომ მისი განცხადება იმდენად ჰუმანური იყო, რამდენადაც დღეს ჰუმანურია ეკლესია და რელიგიური (მართლმადიდებლური) კულტურა საქართველოში. იბადება კითხვა: რამ გააბრაზა პატრიარქი? რატომ გახდა აუცილებელი, რომ მას, სახელმწიფოში ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე ადამიანს, პირადად (და არა რომელიმე მასზე იერარქიულად დაბლა მდგომი სასულიერო პირის მეშვეობით) გაუჩნდა სურვილი, მკაცრი უკმაყოფილება გამოეხატა?
სხვადასხვა რეცენზიებში, სტატიებში თუ კომენტარებში მუსირებს აზრი, რომ ამის რეალური ადრესატი „ილიას უნივერსიტეტი“ და ამ კონფერენციის ორგანიზატორებია. ფემინისტურ დისკურსში გაჩნდა ვერსია, რომ ეს „ქალზე“ თავდასხმაა, რომელიც ჩვენს ქევეყანაში ისედაც დაუცველი და დისკრედიტირებულია, და კიდევ სხვა ბევრი რამ, თუმცა ჩემი აზრით ეს, რბილად რომ ვთქვა, არაჰუმანური მიმართვა სულ სხვა ჭრილშიც შეიძლება განვიხილოთ. დავუბრუნდები ისევ ზემოთ ხსენებულ მდუმარე ხატებს, რომლის თავშიც ერთადერთი დიდი, უკვე ავტოპორტრეტი დგას, რომელიც მეტყველებს და რომლის მეტყველებაც განსხვავდება თუნდაც “სასწაულად“ უეცრად გამოსახული სხვა წმინდანებისაგან და ვიკითხავ, ხომ არ გახდა ამ თავდასხმის საბაბი ის, რომ სადღაც, საგამოფენო სივრცეში რეალურად გაჩნდა სურათი წმინდანის გამოსახულებით, რომელიც ამეტყველდა, ან იქნებ, რომლის დუმილმაც უფრო მეტი გვითხრა, რომ მისმა “ტემბრმა“ გადაფარა ის „ტემბრი“, რომელიც ყოველთვის გვახსენდება, როცა ვხედავთ პატრიარქის ფოტოს? ხომ არ არის ეს უკვე ორი გამოსახულების დაპირისპირება მათი მფლობელების გაუთვალისწინებლად? ამის გათვალისწინებით, ამის შემდეგ მთავარია არა პატრიარქის პოზიცია და მხატვრის რეაბილიტირება, არამედ ალბათ ის, თუ როგორი „რეაქცია“ მოყვება ამას საზოგადოების მხრიდან.
საერთოდ, თუ დავუკვირდებით, ფუნდამენტალისტი ქრისტიანებისთვის (ყოველ შემთხვევაში საქართველოში) შეიძლება ითქვას, რომ სახარების მთავარი ეპიზოდი არის ჯვარცმა. რატომ? იმიტომ, რომ ჯვარცმაზე, როგორც ძალადობრივ აქტზე, ლეგიტიმურია შურისძიება (ასევე ძალადობა). ამიტომ აღვშფოთდებით ხოლმე ტელევიზიით გავრცელებულ ძალადობის ამსახველ კადრებზე, რომ შემდეგ მარაგი გვქონდეს შურისძიებისათვის. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის ძალადობის რეპრეზენტაცია ჰაერივით აუცილებელია.
21-ე საუკუნის ტექნოკრატიულ მსოფლიოში, საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ერთ ადამიანს შეუძლია საზოგადოების მარკირება ინდივიდის წინააღმდეგ, გარდა პოლიტიკური, სოციალური, ლიბერალური თუ სხვა დისკურსებისა აუცილებელია ფუნდამენტური კვლევები დაიწყოს კიდევ ერთი დისკურსის მიმართულებით და ეს არის „კლინიკა“! სწორედ „ფსიქიატრიული ძალაუფლებაა“ ის საკვანძო საგანი, რომელიც მოგვცემს საშუალებას განვსაზღვროთ, თუ რა არის ამ უაზრო აგრესიის წინაპირობა თუ დასაბამი, რადგან მგონია, რომ ამ „ავტროპორტრეტის“ მიმართ ამგვარი დამოკიდებულება უკვე კლინიკური შემთხვევაა და მოითხოვს “ფსი-ფუნქციის“ ანალიზს!
თუ ბოლო ათწლეულების იკონოგრაფიის ისტორიას გადავხედავთ, ხატის ქარხნული წესით წარმოების და ტირაჟირების ამგვარი ექსპანსიის მიზეზი, დიდი კაპიტალის ინტერესების გათვალისწინებით, ისევ ვალტერ ბენიამინამდე მიგვიყვანს, რომელიც ჯერ კიდევ ხელოვნების ნიმუშის რეპროდუცირებაზე და ტირაჟირებაზე საუბრობს. ამ უსხური „ხატწარმოების“ ფონზე, რომელთა ღირებულება რიგ შემთხვევაში კარგი მხატვრის კარგ ნამუშევარს მრავალჯერაც შეიძლება აღემატებოდეს, ლია უკლებას ნახატი სწორედაც რომ ზუსტ და მკაფიო რელიგიურ ემოციებს აღძრავს, რომლებმაც შეიძლება დეპრესიამდეც კი მიგიყვანოს. მაგრამ მგონია, რაც უფრო ადრე შევეხებით ამ გზით გამოწვეულ დეპრესიას, მით უფრო ადრე გავთავისუფლდებით იმ დეპრესიისგან, რომელსაც „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას“ ვეძახით.
ავტორის შესახებ: ლევან ბიბილეიშვილი არის რეჟისორი. იგი სპექტაკელბს დგამს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში. ასევე, მუშაობს ეროვნულ კინოცენტრში. არის პრაქსისის სახელოსნოს წევრი |