კომენტარისაზოგადოება

გია ნოდია: პატარა პარტიებმა პრაგმატიზმი უნდა გამოიჩინონ და გაერთიანდნენ

16 ნოემბერი, 2023 • 2279
გია ნოდია: პატარა პარტიებმა პრაგმატიზმი უნდა გამოიჩინონ და გაერთიანდნენ

არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, 5%-იანი ბარიერის გადალახვის (სათუო) შანსი მხოლოდ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ აქვს. რა უნდა გააკეთონ ასეთ შემთხვევაში სხვა პატარა პარტიებმა? — „ნეტგაზეთი“ პოლიტოლოგ გია ნოდიას ესაუბრა.


— მიმდინარე კვირას საზოგადოებრივი აზრის სამი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ დამკვეთი ერთ შემთხვევაში პროსახელისუფლებო ტელევიზიაა, მეორეში — ოპოზიციური, მესამე კვლევა კი საერთაშორისო ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარდა, სამივე აჩვენებს ერთ ტენდენციას — დიდი შანსია, რომ მცირე ოპოზიციური პარტიები ბარიერს მიღმა დარჩნენ. როგორი უნდა იყოს მათი სტრატეგია ამ შემთხვევაში: გაერთიანება თუ საკუთარი ძალებისა და კარგი კამპანიის იმედად დარჩენა?

— მათ პრაგმატიზმი უნდა გამოიჩინონ. გასაგებია, რომ რამდენიმე თვე შეიძლება კიდევ მოიცადონ, თუ იმედი აქვთ, რომ მეტ ხალხს მოიმხრობენ, მაგრამ მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ისინი ამას შეძლებენ. ერთადერთი პარტია, გარდა ორი ძირითადისა („ქართული ოცნება“ და ენმ), რომელსაც შედარებით მეტი შანსი აქვს, გადალახოს ბარიერი, არის გახარიას პარტია. თუმცა გარანტია მასაც არ აქვს. დანარჩენებს შანსი ძალიან მცირე აქვთ და უნდა გაერთიანდნენ. ორი ძირითადი პარტიის გარდა არის შედარებით რეალისტური შანსი, რომ გაერთიანების შემთხვევაში კიდევ ერთმა ან ორმა სიამ გადალახოს 5%-იანი ბარიერი. მეტი არარეალისტურია და ეს უნდა გაითვალისწინონ.

— რა კონფიგურაციით უნდა გაერთიანდნენ?

— ეს მე არ ვიცი, თავად უნდა გადაწყვიტონ. გასაგებია, რომ ალბათ, პირად სიმპათიებზე არ ააგონ ეს გადაწყვეტილება, არამედ — ამომრჩეველზე. არის ამომრჩეველი, რომელიც აცრილია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ოღონდ „ნაციონალებთან“ დაკავშირებული არ იყოს, ისეთ ოპოზიციას მისცემს ხმას. ვიღაცისთვის უფრო მიუღებელია ხალხი, ვინც „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირდებოდა ადრე. შეიძლება ამ პრინციპით დალაგდნენ. გასაგებია, რომ გაერთიანების შემთხვევაში ხმები არ ჯამდება იმიტომ, რომ ვიღაც ვიღაცისთვის მიუღებელია, მაგრამ თუნდაც კვლევებზე დაყრდნობითაც და მოლაპარაკებებითაც, ერთმანეთთან შედარებით თავსებადმა პარტიებმა („ნაციონალური მოძრაობის“ გარეთ) საერთო სიები უნდა შექმნან.

— რა შეიძლება უშლიდეთ ხელს გაერთიანებაში პატარა პარტიებს, რომლებიც თითქოს ერთ იდეოლოგიურ პლატფორმაზე არიან…

— პირადი ამბიციები და შეუთავსებლობა, ერთმანეთის მიუღებლობა, შეიძლება, ამომრჩევლისთვის იყოს ვიღაც პირადად მიუღებელი ან ასე აღიქვამენ პარტიები, რომ იმასთან რომ გავერთიანდე, დავკარგავ ამომრჩევლებს… სხვადასხვა მოსაზრებებია. იდეოლოგიურად შეიძლება არ განსხვავდებოდნენ პარტიები ან მათი ლიდერები, მაგრამ პოლიტიკური ბიოგრაფიებით განსხვავდებიან და ხშირად ამომრჩეველი პოლიტიკური ბიოგრაფიებით უფრო საზღვრავს, ვიდრე პროგრამული დებულებებით.

— დღეს ხედავთ პატარა პარტიების გაერთიანების რესურსს?

— რესურსი არის პრაგმატიზმი და საღი აზრი და კი, იმედი მაქვს, რომ გამოიჩენენ ამ საღ აზრს, თუმცა დარწმუნებული ვერ ვიქნები.

— რა როლი შეიძლება ითამაშოს ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაში ნიკა მელიამ, რომელსაც, როგორც ჩანს, მოუწევს „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება. შეიძლება თუ არა ის გახდეს 5%-იანი მხარდაჭერის მიღმა მყოფი ძალების ნაწილის გამაერთიანებელი ფაქტორი, როგორც ეს 2021 წლის თბილისის მერის არჩევნების მე-2 ტურში მოხდა?

— არ ვიცი, ვერ გეტყვით. ვიღაცისთვის გამაერთიანებელია ნიკა მელია, ვიღაცისთვის შეიძლება, არა. შეიძლება კიდევ [სხვა] გამაერთიანებელი ფიგურები გამოჩნდნენ, რომლებიც ახლა არ გვახსენდება. ამის განსაზღვრა წინასწარ ძალიან რთულია.

— სალომე ზურაბიშვილი შეიძლება იყოს ასეთი გამაერთიანებელი ფიგურა?

— არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილმაც მოინდომოს გამაერთიანებელი ფუნქციის შესრულება. ვიღაცისთვის ის პირიქით, სრულიად მიუღებელია, მაგრამ შეიძლება აღმოჩნდეს შედარებით დიდი სეგმენტი, ვისთვისაც სალომე ზურაბიშვილის დროშის ქვეშ გაერთიანება იყოს მისაღები.

— ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტს მეტი შანსი ექნება საკუთარი პარტიით თუ გამაერთიანებელი პლატფორმით?

— საკუთარი პარტია არ მგონია, მაინცდამაინც წარმატებული იყოს. მაგრამ როგორც სიმბოლური გამაერთიანებელი ფიგურა, ვიღაცისთვის შეიძლება იყოს მომგებიანი.

— რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიას, მას 9% აქვს Edison Research-ის ალოკაციის პრინციპით ჩატარებულ კვლევაში, თუმცა ბარიერის ზღვარზეა IRI-ის კვლევით. გახარიას პარტიამ 7.79% მიიღო ბოლო, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მაშინ, როცა კვლევები უკეთეს შედეგს უქადდა. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა გიორგი გახარია დამოუკიდებელ პოლიტიკურ ასპარეზობას უფრო მაღალი სასტარტო პოზიციებიდან იწყებდა. როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს მისი რეიტინგის კლებას და რამდენად სწორად მიგაჩნიათ პარტიის გადაწყვეტილება, ჯერჯერობით უარი თქვას კოალიციებში მონაწილეობაზე?

— ცვდება ხშირად ლიდერის იმიჯი. როდესაც ახალი წამოსულია მმართველი პარტიიდან, ის უფრო ყურადღების ცენტრშია. მერე იზრდება ადამიანების რიცხვი, ვინც გაწბილებულია. ის მიზეზიც არის, რომ გარკვეულ პერიოდში გიორგი გახარია არ ჩანდა, ჩუმად იყო. მაგრამ ის, რომ ჯერჯერობით არ აპირებს არავისთან გაერთიანებას, მის შემთხვევაში უფრო ლოგიკურია იმიტომ, რომ შედარებით რეალისტური შანსი აქვს, დამოუკიდებლად გადალახოს ბარიერი.

— „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. ეს არის რეალური მოლოდინი თუ უბრალოდ თვითგამამხნევებელი?

— ეს, უბრალოდ, ბაქიბუქია.

— ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, დღეს არსებული სურათიდან და საზოგადოებრივი აზრის კვლევების გათვალისწინებით, როგორი პარლამენტი აირჩეოდა?

— ასე რომ ტარდებოდეს არჩევნები და პატარა ოპოზიციური პარტიები ცალ-ცალკე იყვნენ, მაშინ საკმაოდ კარგად იქნება „ქართული ოცნების“ საქმე — ალბათ, პარლამნეტში სამი პარტია მაინც გავა, მაგრამ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი