საზოგადოება

რას ფიქრობენ პარტიები კვლევებზე, რომლის მიხედვითაც ბარიერს ვერ ლახავენ

16 ნოემბერი, 2023 • 1425
რას ფიქრობენ პარტიები კვლევებზე, რომლის მიხედვითაც ბარიერს ვერ ლახავენ

ბოლო ერთ კვირაში საქართველოში სამი სოციოლოგიური კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ შეუძლია.

საუბარია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებულ „ედისონ რისერჩის“კვლევაზე, „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ „გორბისა“ და ყველაზე ბოლოს გამოქვეყნებულ IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) კვლევაზე.

კერძოდ, „ედისონ რისერჩის“კვლევის თანახმად, ამ ეტაპზე 5%-იან ბარიერს მხოლოდ 4 პარტია გადალახავს: „ქართული ოცნება“ – 37%, „ნაციონალური მოძრაობა“/„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 21%, „საქართველოსთვის“ – 9%, „ლელო“  – 5%. კვლევის ცდომილების ზღვარი +/- 2.2 %-ია.

„გორბის“ კვლევის მიხედვით, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, საარჩევნო ბარიერს გადალახავდა მხოლოდ 2 პარტია: „ქართული ოცნება“ – 55% და„ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 20% . ცდომილების ზღვარი არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

რაც შეეხება IRI-ის გამოკითხვას, საპარლამენტო არჩევნები რომ ხვალ იყოს,  ბარიერს ორი პარტია  გადალახავდა, „ქართულ ოცნება“ 25% და  „ნაციონალური მოძრაობა“ – 13%. ცდომილების ზღვარი შეადგენს -+2,5%-ს.

ახალი კვლევების გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ნაწილი აღიარებს, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველთა უმრავლესობა ხელისუფლების ალტერნატივას დღეს არსებულ ოპოზიციაში ვერ ხედავს. ოპოზიციის ნაწილის აზრით, ბოლო გამოკითხვები ადასტურებს, რომ ხელისუფლების ოპონენტებმა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალ კონფიგურაციებსა და ერთმანეთთან თანამშრომლობაზე უნდა იფიქრონ.

„ჩვენ უნდა დავინახოთ ტენდენცია და გადავხედოთ გამოცდილებას. ეს კვლევა, ისევე, როგორც სხვა კვლევები, აჩვენებს, რომ ამომრჩეველი განწყობილია ოპოზიციურად და ის ვერ ხედავს ოპოზიციაში ალტერნატივას. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პატარა პარტიებმა გამოვძებნოთ რესურსი საკუთარ თავში მოლაპარაკებების და გაერთიანების, რომ არ დაიკარგოს არცერთი ხმა 2024 წლის არჩევნებში.

პატარა პარტიებმა უნდა გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას და მარტო იმაზე საუბარი, რომ დამოუკიდებლად გადავლახავთ ბარიერს და არ გვჭირდება მოლაპარაკებები, მგონი, ეს არ არის სწორი სტრატეგია. დღეს ჩანს, რომ 5%-იანი ბარიერის პირობებში ჩვენ ვერ შევძლებთ ხელისუფლების შეცვლას, რადგან თუ წინა არჩევნებს გადავხედავთ, დიდია ალბათობა, რომ ხმების 20% მაინც იკარგება მაშინ, როცა თითოეულ ხმას აქვს მნიშვნელობა ოპოზიციურ ველზე”, — აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე.

ამასთან, ოპოზიციის ნაწილის აზრით, წინასაარჩევნო ახალი კონფიგურაციები პატარა ოპოზიციურმა პარტიებმა „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე უნდა შექმნან.

როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, „ქართული ოცნების“ ინტერესშია, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მომდევნო პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია იყოს.

„ბარიერზე საუბარი დაგვიანებულია. პირველი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის პროექტი გაჩერებულია პარლამენტში, რადგან „ქართულ ოცნებას“ უნდა მხოლოდ ორი პარტია იყოს პარლამენტში, რაც ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას მისცემს.

ბარიერის საკითხი, ჩემი აზრით, დასრულებულია, ამიტომ, ახლა ოპოზიცია კონცენტრირებული უნდა იყოს იმაზე, როგორ მოძებნოს ახალი კონფიგურაცია, როგორ წარმოაჩინოს ახალი ალტერნატივა და კონტრასტი „ქართულ ოცნებასთან“, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მობილიზაცია მოხდეს. თუ ახალი ალტერნატივა შეიქმნება, იქნება ახალი კონფიგურაცია ჭკვიანური გათვლებით, შანსი არსებობს [ხელისუფლების ცვლილებების]“, — მიიჩნევს ხატია დეკანოიძე.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით კი, ახალმა კვლევებმა ოპოზიციურ პარტიები სამომავლო კონტურების მოხაზვაზე უნდა დააფიქროს. ელისაშვილი პატარა ოპოზიციურ პარტიებს „მიწაზე დაშვებისკენ“ მოუწოდებს.

მისი აზრით, თუ ხელისუფლების ცვლილება მართლა სურთ, პატარა ოპოზიციურმა პარტიებმა „ამბიციებიც უკან უნდა დაქაჩონ“,  საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენები არ შეიქმნან და მეტ-ნაკლებად პარტნიორულად იფიქრონ.

„ყველას უნდა, რომ თუ კოალიცია იქნება,  მე უნდა ვიყო მთავარი და თქვენ ჩემი სეფექალები და სეფეკაცები უნდა იყოთ, ასე არ გამოდის. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ადეკვატურად ვუყურებთ რეალობას“, – აცხადებს ელისაშვილი და დასძენს, რომ თავად პრორუსულ პარტიებთან თანამშრომლობას გამორიცხავს.

„მე, მაგალითად, არაფერი მესაქმება რუსეთზე მეოცნებე ხალხთან. სულ რომ გარანტირებული მქონდეს მათთან ერთად ხელისუფლებაში მოსვლა, გამორიცხულია, მათთან რამეში გავერიო. საკმაოდ შეცდომები დამიშვია, ბურჯანაძესთან და ვისთან ერთად არ ვმჯდარვარ და გამეორებას არ ვაპირებ.

წესით, ახლა ოპოზიციონერი ლიდერები  მიწაზე უნდა დაეშვან და უნდა ვფიქრობდეთ, როგორ მოვხაზოთ ახალი პროდასავლური კოალიციის კონტური, თუ დიდი მიზანი გვამოძრავებს ხელისუფლების ცვლილებების. ამ დიდ მიზანს ვერ ვხედავ –  ერთი, რომ გააზრებული ჰქონდეთ ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს და მეორე პრობლემაა გადაჭარბებული ამბიცია და თავის თავზე უაზრო წარმოდგენები. ქალებსაც, კაცებსაც, რამდენსაც გინდათ, ჰგონიათ, მარტო შეცვლიან ყველაფერს, ამის სჯერათ.

თუ დაეშვებიან მიწაზე, სწორად შეხედავენ პროცენტებს და პროცენტებს კი არ გაუბრაზდებიან, საკუთარ შეცდომებზე იფიქრებენ, ჩემს თავზეც ვლაპარაკობ,  ხელს კი არ ვიშვერ ვიღაცისკენ. შეცდომები რომ არ მქონდეს დაშვებული,  2% არ მექნებოდა, მექნებოდა გაცილებით მეტი. მთავარია, გავიაზროთ და დავინახოთ დიდი მიზანი“,- განაცხადა ელისაშვილმა.

თუმცა ოპოზიციაში არიან ისეთი პარტიებიც, რომლებიც ჯერ სხვებთან გაერთიანების აზრს ვერ ხედავენ. ერთ-ერთი ასეთი პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებაა“, რომელიც უკვე პარტია „დროასთან“ თანამშრომლობს.

როგორც „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი ბადრი გრიგალაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, მათი მიზანია, რომ პირველ რიგში ამომრჩეველს განსხვავება აჩვენონ მათსა და სხვა პარტიებს შორის. მისი თქმით, არჩევნებამდე დარჩენილი წელი არც დიდი დროა და არც პატარა იმისთვის, რომ ამომრჩევლებამდე მათი იდეები მიიტანონ და  ამიტომ არ აპირებენ, რომ უბრალოდ გაერთიანებების იმედად იყვნენ.

„მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ, ჯამში, ოპოზიციას ნდობა გამოუცხადონ.  ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პატარა პარტიებმა მოვახერხოთ გაძლიერება და ყველას ჰქონდეს იმის საშუალება, რომ 5%-ს შევეჭიდოთ. გაერთიანებებები და ხელოვნური ჩარევები ამ ამბავს არ უშველის, თუ ჩვენ ახალი ადამიანები არ ჩავრთეთ პოლიტიკურ ცხოვრებაში. პირველ რიგში ამაში იგულისხმება ხალხი, რომელიც თავის თავს აპოლიტიკურს უწოდებს, ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად არ არიან ჩართული ამ პროცესებში… ამაზე გვაქვს სამუშაო და ამას ჩვენც კრიტიკულად ვიღებთ.

მხოლოდ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ არ ეხება ეს, ზოგადად ოპოზიციურ სპექტრს გამოსაცვლელი აქვს მიდგომები, რომ ახალი ადამიანების დაინტერესების საშუალებები გაჩნდეს. ეს პირველ რიგში გულისხმობს შინაარსზე მეტ კონცენტრირებას – ჩვენ როგორ საქართველოს ვპირდებით მოსახლეობას. ხალხის უმეტეს ნაწილს უკვე შექმნილი აქვს წარმოდგენა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე და მთავარი კითხვები ახლა არის ოპოზიციის მიმართ, ჩვენ რით ვართ მათგან ფუნდამენტურად განსხვავებული, რა იდეით ვცვლით ამ ხელისუფლებას“, – აცხადებს ბადრი გრიგალაშვილი.

ამასთან, ბადრი გრიგალაშვილი სამომავლოდ სხვებთან თანამშრომლობასაც არ გამოვრიცხავს, თუმცა, მისი თქმით, ამ ეტაპზე აქვთ ამბიცია, რომ „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ და „დროას“ დამოუკიდებლად ჰქონდეს ბარიერის დაძლევის უნარი.

„სხვებთან გაერთიანების პრობლემა არ მაქვს, თუმცა ეს შედეგს ვერ მოიტანს, კონტრპროდუქტიული არის.  შედეგები აჩვენებს, რომ პარტიები არ ჯამდება ერთმანეთთან, პროცენტები არ იკრიბება. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ვარჩვენოთ შინაარსობრივი სხვაობა ხელისუფლებასთან, რაც თავისთავად გაზრდის რეიტინგს და მერე უფრო ადეკვატური იქნება გაერთიანებებზე ფიქრი. მანამდე პირველი სამუშაო ის არის გასაწევი, რომ ჯერ ჩვენ თვითონ გავიზარდოთ და გვქონდეს ძალა“, – აცხადებს ბადრი გრიგალაშვილი.

ამ ეტაპზე სხვებთან გაერთიანებაზე არ საუბრობენ პარტია „ლელოშიც“ და აცხადებენ, რომ მათ პარტიას რეიტინგის ზრდის შანსი აქვს. თუმცა, როგორც „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, მათი პარტიის კარი სხვა პარტიებთან კონსულტაციებისთვის ღიაა.

„რაც შეეხება ჩვენს სტრატეგიას, ამ გამოკითხვიდებიდან ვხედავთ, რომ „ლელოს“ აქვს გაზრდის უზარმაზარი პოტენციალი. ამომრჩევლის დიდ ნაწილს არც „ქართული ოცნება“ უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება. „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტად ეშინია სწორედ „ლელოსი“,  პარტიის რეიტინგის გაზრდის, და ვხედავთ, რომ აღვირახსნილი თავდასხმის ობიექტია „ლელო“ უკვე მრავალი დღეა მმართველი გუნდისგან.

ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტიის გაძლიერებას, უახლოეს დღეებში და კვირებში იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, მაგრამ ჩვენი კარი, ცხადია, არის ღია შესაბამისი კონსულტაციებისთვის ყველა იმ პოლიტიკური ძალისა და პოლიტიკოსისთვის, რომელიც იზიარებს ჩვენს ხედვას ამ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით“, — განაცხადა სამადაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი