საზოგადოება

25% ხმას „ოცნებას“ მისცემდა, ხვალ რომ არჩევნები იყოს – IRI-ს კვლევა

15 ნოემბერი, 2023 • 1714
25% ხმას „ოცნებას“ მისცემდა, ხვალ რომ არჩევნები იყოს – IRI-ს კვლევა

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ ხვალ არჩევნები რომ იყოს, ხმას მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“ მისცემდა. მარტის კვლევასთან შედარებით, „ოცნების“ რეიტინგი 6%-თაა გაზრდილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ადგილზეა, 13%-ით. მათი რეიტინგის ცვლილება ცდომილების ზღვრის ფარგლებშია. გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“ – მესამეზე, 4%-ით.

მთლიანობაში, რეიტინგი ასე გამოიყურება [გვერდით მითითებულია გამოკითხულთა ის წილი, ვისთვისაც პარტია მეორე არჩევანია]:

  1. „ქართული ოცნება“ – 25% [3%]
  2. „ნაციონალური მოძრაობა“ – 13% [3%]
  3. „საქართველოსთვის“ – 4% [4%]
  4. „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3% [4%]
  5. „ხალხის ძალა“ – 1% [5%]
  6. „ლელო“ – 2% [4%]
  7. „გირჩი“ – 3% [2%]
  8. „გირჩი – მეტი თავისუფლება“ & „დროა“ – 2% [3%]
  9. „ლეიბორისტული პარტია“ – 2% [3%]
  10. „მოქალაქეები“ – 2% [2%]
  11. „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ – 2% [1%]
  12. „პატრიოტთა ალიანსი“ – 1% [1%]
  13. „კონსერვატიული მოძრაობა“ [ალტ-ინფო] – 1% [1%]
  14. „ევროპული საქართველო“ – 1%-ზე ნაკლები [1%]
  15. სხვა – 1% [1%]

გარდა ამისა, მოქალაქეთა 6% ამბობს, რომ ხმას არ მისცემს; 11% ბიულეტენს გააფუჭებს; 18%-ს პასუხი არ აქვს; 5% უარს ამბობს პასუხზე.

რაც შეეხება კითხვას, ვის არ მისცემენ ხმას არავითარ შემთხვევაში, გამოკითხულთა 40% ასახელებს „ნაციონალურ მოძრაობას“, 29% – „ქართულ ოცნებას“. 18% – „გირჩი – მეტ თავისუფლებას“ და „დროას“. 16% – „გირჩს“. 13% – „ევროპულ საქართველოს“. 12% – „ალტ-ინფოს“.


კვლევა ჩატარებულია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით. საველე სამუშაოები ჩაატარა გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა [Institute of Polling & Marketing]. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუთი.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 18 წელზე უფროსმა 1200-მა მუდმივმა მცხოვრებელმა. კვლევა წარმომადგენლობითია. კვლევაში არ მიუღიათ მონაწილეობა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მკვიდრებს.  გამოხმაურების მაჩვენებელმა შეადგინა 73%. ცდომილების ზღვარი შეადგენს -+2,5%-ს. კვლევა დაფინანსებულია USAID-ის მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი