კომენტარი

ბორელს ესაუბრებოდა როგორც მოწინააღმდეგე და არა პარტნიორი – მაჭავარიანი ღარიბაშვილზე

8 სექტემბერი, 2023 •
ბორელს ესაუბრებოდა როგორც მოწინააღმდეგე და არა პარტნიორი – მაჭავარიანი ღარიბაშვილზე

„ საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, რადგან არა როგორც პარტნიორი, არამედ  როგორც მოწინააღმდეგე, ისე ესაუბრებოდა ირაკლი ღარიბაშვილი ჯოზეფ ბორელს“, – ასე აფასებს ირაკლი ღარიბაშვილისა და  საგარეო ქმედებათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ პრესკონფერენციას ვანო მაჭავარიანი, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციაში საგარეო ურთიერთობათა მდივნის პოზიციას იკავებდა.

ვანო მაჭავარიანი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯოზეფ ბორელს ულტიმატუმებით ესაუბრა, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების  საკითხს  არ წაადგება.

„მე მგონი, ყველაფერი ნათელია. საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი საუბრობს იმ 12 პრიორიტეტზე, რომლისგანაც მხოლოდ 3 აქვს შესრულებული საქართველოს და 9 აქვს შესასრულებელი და „ქართული ოცნება“ ჯიუტად საუბრობს, რომ მას თითქმის ყველა შესრულებული აქვს, დარჩა რამდენიმე და უნდა ჩაითვალოს ეს შესრულებულად. საკმაოდ არასასიამოვნო სიტუაცია ვნახეთ, როდესაც ღარიბაშვილი ფაქტობრივად გადავიდა გეოპოლიტიკურ თუ პოლიტიკურ ულტიმატუმზე ევროკავშირთან იმ განცხადებით, რომ საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი, მიუხედავად იმისა, ასრულებს თუ არა პირობებს სრულად, რაც [ულტიმატუმია]. 

საერთო ჯამში, ეს შეიძლება  საქართველოსთვის ძალიან წამგებიანი იყოს. ეს თავისთავად ევროპის დედაქალაქებში იწვევს გაუგებრობას. ეს განცხადება შეიძლება გააკეთო მხოლოდ იმის შემდეგ, რაც შენ ევროპელ პარტნიორებთან გაიარე ეს ყველაფერი, მიაჩნიათ, რომ შესაძლებელია ეს ყველაფერი. ამის შემდეგ თუ აკეთებ ამ განცხადებას, შეიძლება იყოს ეს ეფექტიანი, მაგრამ თუ სიურპრიზად ახვედრებ უმაღლეს წარმომადგენელს, თავისთავად ეს საქართველოს საკითხს ნამდვილად არ წაადგება“, – აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

ვანო მაჭავარიანის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა თავიდან საუბარი დაიწყო ისე, როგორც შეესაბამება იმ ქვეყნის პრემიერს, რომელსაც უნდა, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, თუმცა შემდგომ რიტორიკა ვეღარ გააკონტროლა და პირდაპირ შეტევებზე გადავიდა.

„სურათის ისე წარმოსახვაზე გადავიდა, რომელსაც არ იზიარებს ევროკავშირი, არ მიაჩნიათ, რომ ავანსად იყო რამე მიცემული მოლდოვისთვის იქნებოდა თუ უკრაინისთვის, რაც საქართველოსთვის არ მიუციათ. ის, რომ ნდობა არის უკრაინის და მოლდოვის მთავრობის მიმართ და არ არის „ქართული ოცნების“ მთავრობის მიმართ, ჩანს აშკარად, ჩანდა აქამდეც. „ქართულ ოცნებას“ ნათქვამი აქვს, რომ ის არ აპირებს  სრულად შეასრულოს ეს 12 პრიორიტეტი, განსაკუთრებით რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, სასამართლო რეფორმას, საარჩევნო რეფორმას და თავისთავად ამის ფონზე, რა თქმა უნდა პრობლემაა. ავანსი არ გაიცემა იმაზე, ვინც არ იღებს ვალდებულებას პრიორიტეტების შესრულებაზე“, – აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

ვანო მაჭავარიანის თქმით,  შთაბეჭდილება დარჩა, რომ ღარიბაშვილი საუბრობდა არა  როგორც ევროპულ პერსპექტივაზე ორიენტირებული პრემიერი, არამედ როგორც რუსული ტიპის მთავრობის ხელმძღვანელი. 

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადებებმა საქართველო დააშორა იმ შესაძლებლობას, რომ მეტი მომხრე ჰყავდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

„ამიტომ, როგორც ჩანს, უფრო მეტი სამუშაო იქნება თვითონ ევროპის კავშირში.  ხედავენ რა, რომ მთავრობა უბრალოდ უარს ამბობს  სრულად შეასრულოს ის პირობები, რომელიც ევროკავშირს მიაჩნია მნიშვნელოვნად, შესაძლოა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეცეს გარკვეული ჩანაწერით, სადაც ხაზს გაუსვამენ, რომ კანდიდატის სტატუსი მიეცეს ქართველ ხალხს. ასეთი პრეცედენტი არსებობს ბალკანეთის ერთ-ერთ ქვეყანაზე. ეს არის ის, რაც „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ უნდა. ყველაფერი, რაც კარგია, მათ უნდათ მიიწერონ და რაც არ მოხდება სასიკეთო, მიაწერონ ოპოზიციას, პრეზიდენტს, არასამთავრობო სექტორს, ხალხს და ახლა უკვე ევროკავშირს“, – აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

ვანო მაჭავარიანის თქმით, ღარიბაშვილის განცხადებებიდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ თუ საქართველო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, მთავრობა დასავლეთისა და ევროკავშირის მიმართ სკეპტიციზმს გააძლიერებს.

„ყველაფერი ნათელია, გასაგები იქნება თუ ვისთან აქვს საქმე ევროკავშირს – ღარიბაშვილმა ფაქტობრივად არაფერი არ დამალა, გარკვეული ულტიმატუმი წაუყენა ევროკავშირს. პირდაპირ ვთქვათ, ეს იყო შანტაჟი – თუ ევროკავშირი არ მისცემს საქართველოს ხელისუფლებას ამ სტატუსს დეკემბერში, რუსეთის ქება-დიდების ნიშნები გამოჩნდა. იმ სკეპტიციზმს, რომელსაც ისინი აღვივებენ ევროკავშირის და ზოგადად დასავლეთის მიმართ საქართველოში და მათ მომხრეებში, როგორც ჩანს ამას მხოლოდ და მხოლოდ გაზრდიან.

ექნებათ წინაპირობა თქვან, რომ აი, ხომ ხედავთ, ევროკავშირს საქართველო არ უნდა, მხარს არ გვიჭერს, ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის მხარეს და ეს რიტორიკა საერთო ჯამში არის ქვეყნისთვის დამანგრეველი, რადგან მისი პერსპექტივა, როგორც ევროპული ქვეყნის, შესაძლოა სერიოზული ვადით გადაიდოს და მეტად და მეტად გახდეს რუსეთის გავლენის სფეროს ქვეყანა. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ამით გარკვეულ ფინანსურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ სარგებელს იღებს მოკლევადიანად და არ ადარდებს გრძელვადიანად ქვეყნის განვითარება, რადგან ისინი არ არიან პოლიტიკოსები, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც არიან ერთი ადამიანის სამსახურში“, – აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოს ამ ეტაპზე სრულად თორმეტიდან მხოლოდ სამი პრიორიტეტი აქვს შესრულებული. საქართველოს პრემიერმა ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ამის საპირისპიროდ განაცხადა, რომ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი უკვე შესრულებულია და მხოლოდ რამდენიმეა დარჩენილი, მათ შორის პოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი