საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
მისი თქმით, საქართველომ ნება აჩვენა, რომ მზად არის შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და ევროკომისიის რეკომენდაციები. ამასთან, ქვეყანამ აღნიშნული რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი “არსებითად შეასრულა”, “დარჩენილ რამდენიმე რეკომენდაციაზე” კი აქტიურად მუშაობს.
ბრიფინგზე ღარიბაშვილმა რამდენიმე რეფორმა გამოყო, მათ შორის დეოლიგარქიზაცია, სასამართლო რეფორმა და დეპოლარიზაცია.
დეოლიგარქიზაციის შესახებ საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამის თაობაზე კონსულტაციები ჰქონდათ ევროკომისიასთან, გაითვალისწინეს მათი რეკომენდაციები და არ მიიღეს კანონი, სანაცვლოდ კი “ერთ-ორ კვირაში” მიიღებენ სამოქმედო გეგმას, რომელიც “სრულად ასახავს ამ რეკომენდაციების სულისკვეთებას”.
ღარიბაშვილის მტკიცებით, საქართველოში განხორციელდა ძალიან ბევრი რეფორმა, რომ სასამართლო “ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული” გამხდარიყო.
ღარიბაშვილის განცხადებით, სასამართლო დღეს სანიმუშო სისტემაა და მის მიმართ ნდობა უტოლდება ევროპული სასამართლოების მიმართ არსებულ ნდობის მაჩვენებლებს. ამასთან, მისი თქმით, ქვეყანა ამ საკითხზე ვენეციის კომისიის საბოლოო რეკომენდაციებს ელოდება ოქტომბერში, რის შემდეგაც ცვლილებები განხორციელდება.
რაც შეეხება დეპოლარიზაციას, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის “ძალიან კომპლექსური და რთული საკითხი”:
“ჩვენთან არსებობს მრავალპარტიული პარლამენტი, 9 პარტია შევიდა პარლამენტში 2020 წელს, გვაქვს თავისუფალი მედია, ძალიან ძლიერი ოპოზიციური არხები და რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენს ნებასა და სურვილზე არ არის დამოკიდებული ამ საკითხის დარეგულირება.
მას შემდეგ რაც ეს რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ პირიქით, მოიმატა. იმიტომ, რომ საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები თავისი ბუნებით, თავისი გამოცდილებით, ვგულისხმობ წინა ხელისუფლების პარტიას, ყველაზე ანტიევროპული ძალები, ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს. სწორედ მათთვის არის ერთ-ერთი მთავარი სასპეკულაციო საკითხი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება”, — თქვა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე მმართველი პარტია მზად არის ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის ოპოზიციასთანაც.
“მჯერა და იმედი გვინდა გამოვთქვათ, რომ ოქტომბერში ევროკომისია დადებითი რეკომენდაციით მიმართავს საბჭოს და წლის ბოლოს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს”, — აღნიშნა ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, ღარიბაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, აგრესიამ და ომმა, რომელიც მიმდინარეობს და არ ჩერდება, შეცვალა მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი”, რაც გამოწვევაა საქართველოსთვისაც.
“ჩვენი ქვეყანა, განსაკუთრებულ მდგომარეობაში. მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ჩვენ სპეციფიკურ მდგომარეობაში ვართ, რადგან ჩვენი ქვეყნის 20% დღესაც ოკუპირებულია. ჩვენს ქვეყანაში დგას რუსული საოკუპაციო ჯარები.
პირველი ომი ჩვენ გადავიტანეთ 2008 წელს, ეს იყო დამანგრეველი ომი. რამაც ასობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა — ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პოლიციელები, სამოქალაქო პირები, ჩვენ ეს მძიმე ფასი გვაქვს გადახდილი. ამას გარდა, მინდა გაგახსენოთ, ჩვენი თანამონაწილეობა ზოგადად მსოფლიოში მშვიდობის დამყარების პროცესში.
საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე საიმედო და სანდო პარტნიორი ნატოს მისიებისთვის. ავღანეთში, ერაყში, ასევე ევროკავშირის ეგიდით გამართულ მისიებში ცენტრალურ აფრიკაში. ჩვენ ყველგან მოვახდინეთ დემონსტრირება, რომ არ ვითხოვთ მხოლოდ დახმარებას არამედ ჩვენ თავად ვართ მონაწილენი, შეგვაქვს კონტრიბუცია საერთო მიზნების მისაღწევად”, — თქვა მან.
გამოსვლის ბოლოს კი პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების 55%-ზე მეტი, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების 60%-ზე მეტი აქვს შესრულებული.
“მე ღიად ვესაუბრე ბატონ ბორელს და მის დელეგაციას, მე მას ჩვენი ხელისუფლების პოზიცია გადავეცი, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვართ იდეალური, არც ერთი მთავრობა და ქვეყანა არ არის იდეალური, ეს მუდმივი პროცესია და მუდმივი ჩართულობაა საჭირო.
12 რეკომენდაციიდან ძირითადი ნაწილი შესრულებულია. დარჩენილზე მე უკვე მოგახსენეთ, ეს არის პროცესი, რაზეც მზად ვართ გავაგრძელოთ თქვენთან მუშაობა, თქვენს ოფისთან, ევროკომისიასთან და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა მმართველი პარტია, ხელისუფლება, ასევე პრეზიდენტი და ოპოზიცია, ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი და ისტორიული პოლიტიკური გადაწყვეტილება”, — თქვა მან.
ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი დამსახურებებზეა დაფუძნებული და საქართველომ უბრალოდ რეკომენდაციები უნდა შეასრულოს, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ საქართველომ, სტატუსის მქონე უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, მეტი გააკეთა სტატუსის მისაღებად და იგი „პოლიტიკური გადაწყვეტილების“ გამო ვერ მიიღო.
ნახეთ ვრცლად:
კანდიდატის სტატუსზე ბორელმა და ღარიბაშვილმა განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს
