ახალი ამბები

კანდიდატის სტატუსზე ბორელმა და ღარიბაშვილმა განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს

8 სექტემბერი, 2023 • 1825
კანდიდატის სტატუსზე ბორელმა და ღარიბაშვილმა განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს

როგორ აღიქმება საქართველოში კანდიდატის სტატუსის არმინიჭება და რა სიგნალი იქნება ეს მოსკოვისთვის? ამ კითხვას თბილისში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ჟოზეფ ბორელმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა რადიკალურად განსხვავებულად უპასუხეს.

თუკი ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი დამსახურებებზეა დაფუძნებული და საქართველომ უბრალოდ რეკომენდაციები უნდა შეასრულოს, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ საქართველომ, სტატუსის მქონე უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, მეტი გააკეთა სტატუსის მისაღებად და იგი „პოლიტიკური გადაწყვეტილების“ გამო ვერ მიიღო.

ბორელმა ვითარება ევროინტეგრაციის მხრივ შეადარა საუნივერსიტეტო გამოცდას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი არ მიატოვებს საქართველოს.

„არასდროს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს. ეს არ მოხდება. ჩემთვის ეს პოზიცია მიუღებელია.

ევროინტეგრაცია დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. სტუდენტის რომ მიდის გამოცდაზე, პროფესორმა ჩამჭრაო ხომ არ იტყვის, თავად უნდა აჩვენოს ცოდნა. ჩვენი შეფასება არის ობიექტური. მთელი ძალისხმევა ჩადეთ მოთხოვნების შესრულებაში. ესაა კარგი და სწორი მიდგომა. ჩვენ გვაქვს საინვესტიციო გეგმა 1,3 მილიარდი ევროს ოდენობით, რომელიც მოხმარდება საქართველოში კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურას, საქართველოსთან დაკავშირებით გეგმები გვაქვს.

ყველაფერი გვესმის. ინტერესები, რაც საქართველოსთან ასოცირდება. განა თქვენ გვემუდარებით. ჩვენ გვინდა, იყოთ ევროკავშირის წევრი. ამიტომ ჩამოვედი. საქმეა გასაკეთებელი და ამის დროც არის. გააკეთეთ და მიტოვებაზე ნუ იფიქრებთ“, – თქვა ბორელმა, ხოლო საბოლოო რემარკაში აღნიშნა, რომ სწორედ რუსეთს უხარია საქართველოს წარუმატებლობა.

ღარიბაშვილი ბორელისეულ შეფასებას არ დაეთანხმა და თქვა, რომ საქართველოს მთავარი მოთხოვნაა „სამართლიანი მოპყრობა“, რომელიც არ მიუღია. ამასთან ერთად, პრემიერმა თქვა, რომ უკრაინის ომის შედეგის და შემდგომი მსოფლიო წესრიგის გაურკვევლობის პირობებში, ნებისმიერი ნეგატიური გადაწყვეტილება ბრიუსელიდან იქნება „პოზიტიური გზავნილი რუსეთისთვის“.

„მე ასე მარტივად არ დავაყენებდი საკითხს, როგორც ბატონმა ბორელმა, სტუდენტის და პროფესორის მაგალითზე. გაცილებით სერიოზულ და რთულ მოცემულობაში ვიმყოფებით. ჩვენი მთავარი არგუმენტი შემდეგია – ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას. შარშან უკრაინამ და მოლდოვამ ბონუსად და ავანსად მიღეს სტატუსი, არ ჰქონდათ შესრულებული არც ერთი რეკომენდაცია. ჩვენ არ მივიღეთ. კითხვა არის ლოგიკური და სამართლიანი, ხოლო ქართველებს ყველაზე მეტად არ გვიყვარს უსამართლობა. არ ვეგუებით ამას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებთ, იყოს სამართლიანი.

რაც შეეხება იმას, თუ რა გზავნილი იქნება, როცა არავინ იცის, როდის და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში. როგორი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში. ასეთ ვითარებაში, არაპროგნოზირებად გარემოში, ნებისმიერი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, ნეგატიური მესიჯი, იქნება პოზიტიური გზავნილი რუსეთისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა – ჩვენ აბსოლუტურად კარგად გვესმის, რომ პროცესი არის რთული, დამსახურებაზე დაფუძნებული, მაგრამ კარგად გვესმის ისიც, რომ ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებული, ვინაიდან მოლდოვა და უკრაინის შემთხვევაში მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მინდა იმედი გამოვთქვა, თუ ნამდვილად გვსურს პოლარიზაციის დასრულება და როგორც ბრძანეთ, ნამდვილად გსურთ, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, მაშინ ჩვენი პოზიციაა შემდეგი – საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჯოზეფ ბორელის თქმით, საქართველოს ამ ეტაპზე სრულად, როგორც უკვე აღინიშნა ევროკავშირის ივნისის დასკვნაში, თორმეტიდან მხოლოდ სამი პრიორიტეტი აქვს შესრულებული. საქართველოს პრემიერმა ამავე პრესკონფერენციაზე ამის საპირისპიროდ განაცხადა, რომ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი უკვე შესრულებულია და მხოლოდ რამდენიმეა დარჩენილი, მათ შორის პოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი