კომენტარი

„ხისტი, უკომპრომისო და მკვახე“ – ექსპერტი ღარიბაშვილის რიტორიკაზე ბორელთან

8 სექტემბერი, 2023 • 3769
„ხისტი, უკომპრომისო და მკვახე“ – ექსპერტი ღარიბაშვილის რიტორიკაზე ბორელთან

„ხისტი, უკომპრომისო და მკვახე“, – ამ სიტყვებით აფასებს ეკა აკობია, ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში,  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს, რომელიც მან საგარეო ქმედებათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც ეკა აკობია ნეტგაზეთთან ამბობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებში ევროკავშირში მეტი ინტეგრაციისა და თავსებადობის სურვილი არ იკითხებოდა.

ეკა აკობიას თქმით, ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილის „ძალიან მკვახე“ დამოკიდებულება შეინიშნებოდა და იქ, სადაც თავის მართლება იყო ამოცანა, არადამაჯერებელი პასუხები ჰქონდა.

„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ პრემიერ-მინისტრის ხისტი და უკომპრომისო დამოკიდებულება ჩანდა იმ ძალიან რბილი, მეგობრული, თითქმის მამა-შვილური რეკომენდაციებისადმი, რომლითაც ბორელი ჩამოვიდა საქართველოში. მათ შორის, ეს ეხებოდა რუსული დეზინფორმაციის გამყარების ხელშეწყობის სამწუხარო ფაქტებს. ეს იყო ძალიან რბილი დიპლომატიური ნათქვამი, სადაც სტრიქონებს შორის უნდა ამოგვეკითხა, რომ ძალიან დიდი სირცხვილია, როცა რუსული დეზინფორმაციის ნარატივი, მაგალითად, საქართველოს ომში ჩათრევასთან დაკავშირებით თანამდებობის პირებისგან მოდის.

ბორელმა ძალიან რბილად გაუსვა ხაზი იმას, რომ ასოცირების შეთანხმების შესრულების შეფასებითმა ანგარიშებმა აჩვენა, რომ ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის განცხადებებთან საქართველოს მიერთების სტატისტიკა დაბალია და აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის პასუხი იყო დილეტანტური და არ ეხმიანებოდა იმ კონტექსტის სიმძიმეს, რომელშიც დღეს არის საქართველო. მაგალითად, მხოლოდ 2022 წელს საქართველო არ მიუერთდა ევროკავშირის 56 განცხადებას, საიდანაც ძალიან ცოტა იქნებოდა უშუალო საფრთხის მატარებელი საქართველოს არაღიარების პოლიტიკისთვის. ამავდროულად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არაღიარების პოლიტიკის ხერხემალი და გარანტორი აშშ-სთან ერთად ევროკავშირია“, – აცხადებს ეკა აკობია.

შესაბამისად, ეკა აკობიას თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაურს მეტი სიფრთხილე მართებს, როცა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ასე „ჯიქურ“ ესაუბრება.

ეკა აკობია ყურადღებას ამახვილებს პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ „არავინ იცის, როდის და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში და როგორი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში“. ეკა აკობიას თქმით, ნიშნის მოგებით იმის აღნიშვნა, რომ არავინ იცის, მომავალში როგორი მსოფლიო წესრიგი იქნება, საქართველოს მხრიდან ძალიან მჭახედ გაისმის.

„თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უშვებს შესაძლებლობას, რომ მსოფლიო წესრიგი აღარ იყოს ლიბერალური და პრაქტიკულად ღიად აცხადებს, რომ საქართველოსთვის მართებული იქნებოდა არა ფასეულობებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება, რასაც ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს, არამედ ძალიან მკაფიოდ ტრანსაქციული პოლიტიკის, რომელიც დაცლილია ღირებულებებისგან. ამ სცენარის ალბათობაზე მიანიშნებს და ეს შეიძლება მისი[ირაკლი ღარიბაშვილის] პირადი მოსაზრება არის ან რომელიმე ნაკლებ კომპეტენტური თანამშრომლის შედგენილი ტექსტის ბრალია, მაგრამ ძალიან პრობლემატური განცხადებაა“, – განაცხადა ეკა აკობიამ.

როგორც ეკა აკობია ამბობს, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებში არ ჩანდა განწყობა, რომ ჟოზეფ ბორელის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რომლისგანაც მთავრობამ სასარგებლო რჩევები მიიღო.

„პრაქტიკულად ნარატივი დარჩა იმ დონეზე, რა დონეზეც აქამდე მუსირებდა საქართველოში. ასეთი მაღალი დონის ფიგურის ვიზიტი დიპლომატიური თვალსაზრისით საქართველოს სასიკეთოდ არ იყო ათვისებული. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გამოიკვეთა, ის არის, რომ საქართველო კატეგორიულად ითხოვს ევროკავშირისგან მიიღოს კანდიდატის სტატუსი ავანსად ისევე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზრით, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო. პირდაპირ ეუბნება ევროკავშირს, რომ ეს არის უსამართლობა. თუმცა ეს პირიქით არის, რადგან მოლდოვას და უკრაინას რა მოტივიც აქვთ, ევროკავშირმა იმ გეოპოლიტიკური ფაქტორით მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. ზუსტად ამ გეოპოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით[უკრაინაში მიმდინარე ომთან] საქართველომ გასაოცარი ბუნდოვანება გამოიჩინა და გააჩინა კითხვები იმაზე თუ რა არის ამ ომში მისი პოზიცია.

ერთი ბრიფინგის ფარგლებში რომ საქართველო ამ კითხვებს ვერ გაფანტავს და თან საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს არავინ იცის, როგორი იქნება მსოფლიო წესრიგი, ეს კიდევ უფრო ამყარებს გაჩენილ კითხვის ნიშნებს. საქართველოსაც რომ მკაფიო გეოპოლიტიკური ორიენტაცია და პოზიცია შეენარჩუნებინა გასული პერიოდის განმავლობაში, ზუსტად ისევე მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც უკრაინა და მოლდოვა. მით უმეტეს ტექნიკური თვალსაზრისით იმ დროისთვის საქართველო მართლაც იყო მათზე წინ. თუმცა ზუსტად ამას ეუბნება ევროკავშირი საქართველოს, რომ იმ გეოპოლიტიკური ფაქტორთან დაკავშირებით, რის გამოც დაჩქარებული წესით განვიხილეთ კანდიდატობა, საქართველოს პოზიცია არის არამკაფიო და ბუნდოვანი. ამიტომ არის ეს ვიზიტი და ამდენი მეგობრული გაფრთხილება, რომ გამოვასწოროთ ეს ვითარება“, – აცხადებს ეკა აკობია.

ეკა აკობია იმედოვნებს, რომ ჟოზეფ ბორელთან დახურულ შეხვედრაზე ქართველმა დიპლომატებმა, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ, მოახერხეს და ასეთი მაღალი დონის სტუმარს გაუჩინეს შეგრძნება, რომ მისი ვიზიტი იყო შედეგიანი.

„[იმედი მაქვს, ბორელს გაუჩინეს შეგრძნება], რომ საქართველო დარჩენილ დროში ინტენსიურად დაიწყებს იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რომელიც აქამდე ყოფილა დაფიქსირებული, განსაკუთრებით ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თავსებადობის გაზრდის თვალსაზრისით.

შეგვიძლია მოვებღაუჭოთ ხავსს, რომ პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადებები უფრო მის შიდა ელექტორატზეა გათვლილი და სამწუხაროდ, ვერ ახერხებს ლიდერი, რომ ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებზე იზრუნოს და ისევ საარჩევნო რეჟიმშია. მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საჯარო მოხელეები, რომლებიც არაპოლიტიზებულები უნდა იყვნენ, მოახერხებდნენ იმ დღის წესრიგზე ზრუნვას, რომელიც ასე ძალიან სჭირდება დღეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროგრესს“, – აცხადებს ეკა აკობია.


თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოს ამ ეტაპზე სრულად თორმეტიდან მხოლოდ სამი პრიორიტეტი აქვს შესრულებული. საქართველოს პრემიერმა ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ამის საპირისპიროდ განაცხადა, რომ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი უკვე შესრულებულია და მხოლოდ რამდენიმეა დარჩენილი, მათ შორის პოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი