კომენტარი

კორნელი კაკაჩია: საქართველო თითქოს არც მონაწილეობდა ნატოს სამიტში

12 ივლისი, 2023 • 1487
კორნელი კაკაჩია: საქართველო თითქოს არც მონაწილეობდა ნატოს სამიტში

„საქართველო თითქოს არც კი მონაწილეობს ნატოს სამიტში“, — ასეთია „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) დირექტორის კორნელი კაკაჩიას შთაბეჭდილება, რომელიც ვილნიუსში სამიტის პარალელურად მიმდინარე ნატოს საჯარო ფორუმს ესწრება.

მიუხედავად იმისა, რომ სამიტის კომუნიკემ კიევის მოლოდინები არ გაამართლა, კორნელი კაკაჩიას შეფასებით, ნატოში გაწევრიანების გზაზე უკრაინამ ერთი ნაბიჯით წინ წაიწია, უკრაინა/საქართველოს დუეტი კი ფორმალურადაც დაიშალა.

2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ნატო-მ  მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები. საქართველო-უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის გზა გაიყო, როდესაც 2010 წელს რუსეთისადმი ლოიალურმა ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებამ უბლოკო სტატუსი გამოაცხადა, თუმცა მაიდანის მოვლენების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა პეტრო პოროშენკოს მთავრობამ 2014 წლის უბლოკო სტატუსი გააუქმა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფება დღის წესრიგში დაბრუნდა, შესაბამისად, აღდგა თბილისისა და კიევის დუეტიც, რომელსაც ნატოს წევრობას ბუქარესტში ერთად დაჰპირდნენ.

დღევანდელი მოცემულობით, კორნელი კაკაჩიას შეფასებით, საქართველო წარმოდგენილია ბოსნია-ჰერცეგოვინასთან (ასპირანტი ქვეყანა) და მოლდოვასთან (ნეიტრალური ქვეყანა) ჯგუფში და არა — მოწინავე უკრაინასთან ერთად.

„ვილნიუსის სამიტის კომუნიკეს შემდეგ უკრაინისა და საქართველოს დუეტი ფორმალურადაც აღარ არსებობს. უკრაინა სხვა გზით მიდის და ჩვენ იქ დავრჩით, სადაც ვართ“, — ამბობს კაკაჩია.

ვილნიუსის სამიტის კომუნიკემ საქართველოსთან დაკავშირებით გაიმეორა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გავლით. უკრაინისთვის კი MAP-ის საჭიროება მოიხსნა, ისევე როგორც ეს მოხდა ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში. MAP არის ალიანსის ინსტრუმენტი 1999 წლიდან და წარმოადგენს ალიანსის რჩევების, დახმარებისა და პრაქტიკული მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც მორგებულია ალიანსში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების მომზადებაზე. საქართველო ცდილობდა, MAP-ის საფეხურის ამოგდებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს, რაც გამომდინარეობდა მოსაზრებიდან, რომ MAP-ის მიღებიდან სრულ წევრობამდე შესაძლოა გაიზარდოს რუსეთისგან მომდინარე საფრთხე. თუმცა ფინეთსა და შვედეთის შემთხვევაში ეს მოცემულობაც შეიცვალა და დიდმა ბრიტანეთმა ორივე ქვეყანასთან გააფორმა უსაფრთხოების დეკლარაციები, რომლებიც გარდამავალ პერიოდში მხარდაჭერას ითვალისწინებდა.

ვილნიუსის სამიტზე საქართველო წარმოდგენილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე. პარტნიორ ქვეყნებთან შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩატარდა, კაკაჩია ამბობს, რომ საქართველო რომ ფორმაში ყოფილიყო, შეიძლებოდა პრეზიდენტი ან პრემიერი თუნდაც ნატოს საჯარო ფორუმის პანელისტებს შორის ყოფილიყვნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება სამიტის დასკვნით დოკუმენტში (კომუნიკეში) გამოხატულ მხარდაჭერას როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ განზომილებაში.

კორნელი კაკაჩია კი მიიჩნევს, რომ საქართველო ვერ იყენებს შესაძლებლობების ფანჯარას, რომელიც გაიხსნა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. თბილისის პასიურობა განაპირობებს, რომ არც დასავლელი პარტნიორები საუბრობენ საქართველოზე და წინა წლებისგან განსხვავებით, სამიტზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლობაც ნაკლები იყო.

„ისე ჩანს, თითქოს ჩვენ ვართ ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყანა, ახალი ზელანდიის მსგავსად, და არა ასპირანტი ქვეყანა, რომელიც გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. ჩვენი მეგობრებიც დანანებით ამბობენ, რომ საქართველო სტრატეგიულ გაურკვევლობაშია არა მარტო ევროკავშირის, არამედ ნატოს შემთხვევაშიც. საქართველო არის ერთგვარი „sick man of the eastern partnership“ და ყველაზე სუსტი რგოლი საქართველო-უკრაინა-მოლდოვის ტრიოში. ნეიტრალური მოლდოვაც კი საქართველოზე ბევრად აქტიურია. ჩადიან ბრიუსელში, რეფორმებზე ჰყვებიან, მუშაობენ კონტაქტებზე, პიარზე. კონტაქტების თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, ნელ-ნელა მოლდოვა ანაცვლებს საქართველოს. არ დაგვავიწყდეს, ეს არის ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ დსთ-შია. მიუხედავად ამისა, თავისი პოლიტიკის წყალობით, ნატო-სთან მიმართებაში თუ არა, ევროინტეგრაციის პროცესში მოიაზრება უკრაინასთან დუეტში. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, გამორიცხული არ არის, ჩვენ საბოლოოდ ჩაგვანაცვლოს და თუ უკრაინის გაწევრიანების მომენტი დადგა, გაჰყვეს მას, საქართველო კი დარჩეს სტრატეგიულ გაურკვევლობაში“, — აცხადებს კაკაჩია.

კორნელი კაკაჩია იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოს აქვს იმედგაცრუების ობიექტური საფუძველი ნატო-ს მიმართ და ამ არგუმენტს ამყარებს უკრაინის მაგალითიც, როდესაც მათ შორის ევროპის უსაფრთხოებისთვის მეომარმა ქვეყანამ ნატო-ში გაწევრიანების მიწვევა ვერ მიიღო. თუმცა ამბობს, რომ ახლა, რადარებიდან გაქრობის შემთხვევაში, გაწევრიანების დღის წესრიგის დაბრუნებას წლები დასჭირდება.

„საქართველომ ბოლო ათწლეულებში უამრავი ინვესტიცია ჩადო ნატოში. ჩვენი ჯარისკაცები იბრძოდნენ ავღანეთში, ერაყში. რეპუტაცია საქართველომ მოიპოვა სისხლით. ახლა ჩვენივე ნებით ყველაფერზე უარს ვამბობთ და უკანა რიგებში გადავდივართ. იმედგაცრუების მესმის. ნატოს საკითხით გადაღლა შეინიშნება, იმიტომ, რომ ნატომაც ვერ შესთავაზა საქართველოს სათანადო პირობები. იგივე უკრაინაში რაც ხდება, ამძაფრებს შეხედულებას, რომ რაც არ უნდა გააკეთო, აზრი არ აქვს. ამ განწყობებით მანიპულაციურად სარგებლობს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ უბრალოდ უნდა გავიგოთ: — ალტერნატივა რა გვაქვს? იზოლაცია? ასეთ უმოქმედობას, ნატოსთან გაბუტვას შედეგი არ მოაქვს. პირიქით, ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს“, — აცხადებს კაკაჩია და დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არავის სთხოვს, ხვალვე ქვეყნის ნატოში გაწევრიანება უზრუნველყოს, მაგრამ ტემპი არ უნდა დაკარგოს.

„ჩვენ არ ვიცით, მომავალში რა იქნება. ბევრი რამ დამოკიდებულია ომის შედეგებზე. მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ როგორც ევროკავშირთან მიმართებაში გაჩნდა შესაძლებლობის ფანჯარა, ასევე, გაიხსნას ნატოსთან მიმართებაში უახლოეს მომავალში და ამას ისევ უკრაინა თუ გააკეთებს, მეტი ვერავინ. იმ მომენტში რა შანსები გვექნება ჩვენი პასიურობით, ტოქსიკური ურთიერთობებით უკრაინასთან, ანტიდასავლური გზავნილებით? მორალურადაც არ გვექნება უფლება, რომ შევახტეთ მატარებელს. წლების მერე როგორ უნდა გააკეთო უკუსვლიდან შემობრუნება, უბრალოდ არ მესმის“, — დასძენს კორნელი კაკაჩია.

ის ხაზს უსვამს, რომ ვერც უკრაინამ მიიღო გაწევრიანების დროის ჩარჩო, თუმცა ერთი ნაბიჯით წინ წაიწია.

„ფრუსტრირებულია ორივე მხარე — უკრაინელები სამიტის შედეგებით და სხვები — უკრაინელების რეაქციით. შთაბეჭდილება დარჩა, რომ ვილნიუსის სამიტი ბუქარესტის სამიტის ახლებური ვერსიაა. კონკრეტული დათქმა გაწევრიანების ვადებზე უკრაინას მორალურ ბიძგს მისცემდა და გაწევრიანებას შეუქცევადს გახდიდა. მაგრამ ეს არ მოხდა. ჯერ კიდევ არიან ქვეყნები, რომლებსაც რუსეთის ფაქტორის ეშინიათ და ღია კონფრონტაციაში შესვლა არ სურთ. ვილნიუსში გრძელდება ორმხრივი შეხვედრები და სამხედრო დახმარების თვალსაზრისით, ზელენსკიმ შეიძლება, უფრო მეტი მიიღოს, ვიდრე სხვა დროს მიიღებდა, როგორც სამიტის შედეგების კომპენსაცია“, — ამბობს კორნელი კაკაჩია და ამ პერსპექტივის მაგალითად ასახელებს საფრანგეთის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების შესახებ.

საფრანგეთი უკრაინას მიაწვდის SCALP-ის ტიპის ჰაერი-მიწის რაკეტებს, რომელიც ბრიტანეთში ცნობილია როგორც Storm Shadow და დაახლოებით 250 კმ მანძილზე მოქმედებს. გაერთიანებული სამეფო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინისათვის შორი მოქმედების რაკეტების მიწოდებას დასთანხმდა. წინასწარი ინფორმაციით, უკრაინისთვის თანამედროვე სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შეიარაღების მიწოდებას ითვალისწინებს უსაფრთხოების გარანტიებს, რომელსაც უკრაინას G7-ის სახელმწიფოები სთავაზობენ.

წევრობა MAP-ის გარეშე და ნატო-უკრაინის საბჭოს შექმნა – რა ჩაიწერა ალიანსის კომუნიკეში

საქართველოსთვის MAP-ის საჭიროება ძალაში რჩება – ნატო-ს კომუნიკე

მასალების გადაბეჭდვის წესი