ახალი ამბები

ქართული მხარე მიესალმება ნატო-ს სამიტის კომუნიკეში გამოხატულ მხარდაჭერას – საგარეო

11 ივლისი, 2023 • 914
ქართული მხარე მიესალმება ნატო-ს სამიტის კომუნიკეში გამოხატულ მხარდაჭერას – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართული მხარე მიესალმება სამიტის დასკვნით დოკუმენტში(კომუნიკეში) გამოხატულ მხარდაჭერას როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ განზომილებაში.

უწყების განცხადებით, ქართული მხარისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ნატო-ს ვილნიუსის სამიტში მონაწილეობა.

მათი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის მონაწილეობა ვილნიუსის სამიტში კიდევ ერთხელ მიუთითებს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და საქართველოს ინტეგრაციული პროცესის შეუქცევადობას.

„საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სამიტზე წევრი ქვეყნების მიერ დადასტურებული მზაობა, რათა გაგრძელდეს მუშაობა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი განხორციელების მიმართულებით. ქართული მხარე მიესალმება ნატო-ს მტკიცე და ცალსახა პოზიციას, რომ დაუშვებელია სუვერენული ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანის შეზღუდვის მცდელობები.

შექმნილი კომპლექსური და რთული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ქართული მხარისთვის განსაკუთრებით ღირებულია სამიტზე ალიანსის მიერ დაფიქსირებული ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც მოწოდება, რათა რუსეთის ფედერაციამ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული მისი საოკუპაციო ძალები და უარი თქვას საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე.

საქართველო მიესალმება ნატო-ს მხრიდან გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილი მნივშნელოვანი წვლილის აღიარებას და ადასტურებს მზაობას, კვლავ გააგრძელოს აქტიური ჩართულობა ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო უწყების განცხადებით, ქართული მხარე უაღრესად აფასებს სამიტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების და თავსებადობის გაძლიერების კუთხით და გამოხატავს მადლიერებას წევრი ქვეყნების მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის და საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ღონისძიებების ფარგლებში განხორცილებული უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის.

„საქართველო გამოხატავს მხარდაჭერას სამიტზე ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ და ადასტურებს მზაობას, კვლავაც გააგრძელოს ჩართულობა შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით სტრატეგიულ დიალოგში.

საქართველო მიესალმება სამიტის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებას შვედეთის გაწევრიანების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა გადაწყვეტილებებს უკრაინასთან მიმართებაში და, როგორც ასპირანტი ქვეყანა, უაღრესად აფასებს ღია კარის პოლიტიკის განხორცილების მიმართულებით გადადგმულ ყველა ნაბიჯს. საქართველო, მისი კონსტიტუციური ნორმის შესაბამისად, კვლავაც გააგრძელებს არსებული ინტეგრაციული ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი